Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოსო ყიფშიძე - სტუდენტი


19 ივნისი, კვირა
დილის 10 საათზე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, სამსახურიდან მირეკავდნენ. მთხოვეს 12 საათამდე აუცილებლად მივსულიყავი. ჩვეულებრივ, შუადღემდე არანაირი საქმე არ მაქვს ხოლმე, მაგრამ კვირაობით განსაკუთრებით ბევრი ფილმი და სერიალია გასახმოვანებელი. საწოლიდან ადგომა დაახლოებით 11 საათზე მოვახერხე და ტელევიზიაში დავაგვიანე. აღმოჩნდა, რომ ჩაწერაც დიდი ხნით გვიანდებოდა და გადავწყვიტე, ბუფეტში მესაუზმა.

ჩაწერა ოთხ საათს გაგრძელდა, ჩემი ტექსტი საკმაოდ ცოტა იყო, ასე რომ, უფრო ფილმის ყურებით გავერთე, ვიდრე ვიმუშავე. უცნაურია, რამდენიმე თვის წინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, როგორ ახმოვანებდნენ ფილმებს. ახლა კი ძალიან შემიყვარდა ეს საქმე. არასდროს მიფიქრია, თუ ფილმების დუბლირებაზე ვიმუშავებდი. ეს დღე ქართული კინოს ისტორიის სახელმძღვანელოების კითხვით დასრულდება. ხვალ ბოლო გამოცდა მაქვს თეატრალურ უნივერსიტეტში.

თავისუფლების დღიურები - სოსო ყიფშიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:07:51 0:00



20 ივნისი, ორშაბათი
12 საათზე მეგობარმა გამაღვიძა და შემახსენა, რომ 1-ზე გამოცდა მაქვს. შეხსენება არ მჭირდებოდა, რადგან ძალიან ბევრი ვინერვიულე ამ გამოცდის გამო. ლექტორმა წინა სემესტრში ჩამჭრა და აუცილებლად კარგი ქულა უნდა ამეღო. სასწრაფოდ ჩავიცვი და რატომღაც ერთი საათით ადრე მივედი თეატრალურში. უაზროდ დავდიოდი შენობაში და აუდიტორიებს ვათვალიერებდი. საინტერესო შენობაა თეატრალურის I კორპუსი. ყოველთვის აღმოაჩენ ადგილს, სადაც არ ყოფილხარ. არადა, არც ისე დიდია. გამოცდა კოტე მახარაძის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდა. ბევრად უფრო ადვილად ჩავაბარე, ვიდრე ველოდი. შენობიდან გამოსვლისას მივხვდი, რომ პირველი კურსი დავხურე. ამან თითქოს გამაკვირვა. დღის დანარჩენი ნაწილი „რუსთავი 2“-ში გავატარე. დავესწარი რამდენიმე გადაცემის ჩაწერას. ვცდილობ, შიგნიდან ვუყურო, როგორ მუშაობენ ტელეწამყვანები. სულ რაღაც სამ წელიწადში მეც მათი კოლეგა გავხდები.

საღამო მეგობრებთან ერთად გავატარე სახლში. ეს წინადადება ალბათ კიდევ ბევრჯერ გამეორდება ჩემს დღიურებში ორი მიზეზით: პირველი - ძალიან მიყვარს მეგობრების წრეში ყოფნა და მეორე - სახლში ორი კვირით მარტო დამტოვეს!

21 ივნისი, სამშაბათი
დაახლოებით 3 საათზე გამეღვიძა საშინელი თავის ტკივილით. ტელევიზორი ჩავრთე. ზუსტად ამ დროს დაიწყო „კურიერი 3 საათზე“. რამდენიმე წუთი ვუყურე, შემდეგ საშინლად გამაღიზიანა გაუთავებელმა პოლიტიკამ და რომელიღაც შემეცნებით არხზე გადავრთე. საერთოდ, საინფორმაციო ვაკუუმში ვართ კულტურის მხრივ. ვისმენთ მხოლოდ პოლიტიკას და მეტს არაფერს. ასევე ვერ ვხვდები, რატომ აცხადებენ ქართულ და რუსულ ახალ ამბებს ერთად და შემდეგ კი ამბობენ: „ახლა კი უცხოეთის სიახლეებზე გადავიდეთ“.

რა თქმა უნდა, უცხოეთის სიახლეებიც უცხოური პოლიტიკური ამბებია.

ვეცადე, წინა დღის ამბები დამელაგებინა. გავიხსენე, რომ გვერდით ოთახში ორ ჩემს მეგობარს ძინავს, სახლი კი თავდაყირაა. ამან კიდევ უფრო დამიკარგა საწოლიდან ადგომის სურვილი. საშინლად მეზარებოდა სახლის დალაგება, სახლში კი რამდენიმე დღეა მარტო ვარ. გავაცნობიერე, რომ მარტო ცხოვრება ჯერ არ მინდა, სწორედ ასეთი წვრილმანების გამო. ტელეფონი ავიღე და გამოტოვებული ზარები გადავათვალიერე. არც ისე ბევრი იყო. რამდენიმე ზარი შეყვარებულისგან და ერთი ზარი დედისგან, რომელიც ორი კვირით ჩეხეთშია. სამსახურიდან არავის დაურეკავს. საერთოდ, უცნაური სამსახური მაქვს: ხან ორი კვირა გადაბმულად ვმუშაობ დღეში რვა საათს, ხან საერთოდ არავის ვახსენდები რამდენიმე კვირა. მეგობრები გავაღვიძე და საზეიმოდ შევთავაზე სახლის დალაგება. საღამომდე ვალაგებდით. საღამოს კი - ისევ ტელევიზორი და ისევ პოლიტიკა, შემდეგ რამდენიმე საათი Facebook-ზე. ძილის წინ მამამ დამირეკა აფრიკიდან. უკვე რამდენიმე წელია, ქრონიკულად მენატრება და წელიწადში რამდენიმეჯერ ვხედავ. რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ და საშინლად მომენატრა. საკმაოდ ადრე დამეძინა, რაც, საერთოდ, არ მჩვევია.

22 ივნისი, ოთხშაბათი
დღიურის წერა აქამდე არასდროს მიცდია. დღეს გადავწყვიტე, ჩანაწერები გამეკეთებინა მთელი დღის მანძილზე, დღის ბოლოს კი მათთვის თავი მომეყარა.

მთელი დილა ვფიქრობდი, რა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში. რამდენიმესაათიანი ფიქრის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ძალიან მომწონს პროფესია, რომელიც ავირჩიე: „ტელეწამყვანი“! თუმცა, ძალიან მომწონს ფილმების დუბლიაჟიც. ალბათ, ამ ორის შეთავსება ძნელი არ იქნება, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია, რომლის შესწავლას დავუთმო მეტი დრო. საბოლოოდ კი ამ დასკვნამდე მივედი: ჩემთვის პრიორიტეტული ტელეწამყვანობაა, რადგან აქ სხვა დანარჩენთან ერთად, საჭიროა მეტყველების სრულყოფა, ეს კი მთავარია ჩემს მეორე საქმიანობაში. შეიძლება, ამ უბრალო დღემ ბევრი რამ შეცვალოს ჩემს ცხოვრებაში. რამდენიმე თვეა მინდა, რომ ამ საკითხზე წყნარად დავფიქრდე. რატომღაც დღემდე ვერ მოვახერხე. მთელი დღე წყნარად გავატარე. საღამოს კი კიდევ ერთხელ ვუყურე ტარანტინოს შედევრს, „რეზერვუარის ძაღლებს“.

23 ივნისი, ხუთშაბათი
დღე საშინლად დაიწყო. აღმოჩნდა, რომ კვირას გახმოვანებული მთელი მასალა დაიკარგა და ყველაფერი თავიდანაა ჩასაწერი, თანაც სასწრაფოდ! ჩასაწერია ორი ტელეარხის მასალა, რომელიც უქმე დღეებზე უნდა გავიდეს. იქამდე კი სულ ორი დღეა დარჩენილი. ვერაფრით მივხვდი, როგორ მოახერხა ხმის რეჟისორმა მთელი მასალის წაშლა და როგორ ეგონა, რომ ეს მასალა უკვე აღარ იყო საჭირო?! ჩაწერა 2 საათზე დავიწყეთ. ჩემზე ბევრად გამოცდილი გამხმოვანებლების წყალობით, 7 საათამდე ყველაფერს მოვრჩით. ასე სწრაფად არასდროს მიმუშავია: 4 საათის სუფთა მასალა - 5 საათში! ერთი თვის წინ ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იქნებოდა. დღევანდელმა დღემ ამ პროფესიაში ბევრი რამ მასწავლა.

საღამოს მეგობრებს ვთხოვე ამოსვლა. დილის 5 საათამდე ვიფიქრეთ ხმამაღლა. მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ბარნოვზე გაგვესეირნა. მე კეკელიძის ქუჩაზე ვცხოვრობ, ასე რომ, ბევრი არ გვივლია. დასაძინებლად ჩემთან დარჩნენ, დაახლოებით 7 საათზე დავწექით.

24 ივნისი, პარასკევი
გვიან გავიღვიძე, მაგრამ დღის ძილი მაინც ვერასოდეს მიცვლის ღამისას. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს არც დამიძინია. საინფორმაციო გამოშვებას ვუყურე. ვერ გავიგე, რა მიზეზით არ უნდა გასამართლდეს ოქრუაშვილი, როდესაც შსს-ს ინფორმაციით, ის ქვეყანაში არეულობის მოწყობას ცდილობდა. პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს, თუმცა ვთვლი, რომ ეს პოლიტიკა არ არის. როდესაც მეუბნებიან, რომ ვიღაც ჩემს ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტის წამოწყებას ცდილობს, შემდეგ კი მას არ აკავებენ, უამრავი სხვა ადამიანისა არ იყოს, თავს მეც დაუცველად ვგრძნობ.

ტელევიზიიდან კარგი ვერაფერი გავიგე და გადავწყვიტე, სოციალური ქსელისთვის მიმემართა, თუმცა იქაც იგივე თემები დამხვდა...

ეს დღე, ალბათ, ჩვეულებრივად დამთავრდება - რამდენიმე კარგი ფილმის ყურებით და რამდენიმე ჭიქა ჩაით.

25 ივნისი, შაბათი
დილით ადრე ავდექი. საერთოდ, ადგომა მიჭირს, დღეს კი ძალიან ბევრი საქმე მქონდა. წინა საღამოს მეგობარს ვთხოვე, გავეღვიძებინე. 10 საათისთვის ავდექი. ძალიან მეძინებოდა და გამოფხიზლება ცივი შხაპის დახმარებით ვცადე. 11 საათზე ტელევიზიაში მივედი. გავახმოვანეთ ძალიან კარგი ფილმი, „ჯესი ჯეის სიკვდილი“. ტექსტი ბევრი არ მქონდა, ფილმი კი დიდი ხნის წინ ვნახე. ასე რომ, ფიქრისთვის საკმარისზე მეტი დრო დამრჩა. ძირითადად, ჩემს მომავალზე ვფიქრობდი. დიდი ხანია ვცდილობ გამოვიცნო, რა საქმეს გავყვები. დღეს მსახიობობაზეც დავფიქრდი. ჩემმა მეგობარმა დამირეკა რამდენიმე დღის წინ და რომელიღაც ფილმის „კასტინგზე“ წასვლა შემომთავაზა. უარი ვუთხარი, თუმცა ამაზე ფიქრი მაინც დავიწყე. მოკლედ, დიდი არეულობაა ჩემს თავში. ვერ გადამიწყვეტია, რა ვაკეთო. მაინც ვფიქრობ, მსახიობობა ჩემი საქმე არ არის. თუმცა მინდა, რომ ყველაფერი ვცადო. ყველაზე მეტად მაინც ჟურნალისტიკისკენ მიმიწევს გული. გადავწყვიტე, მეგობრის რეპეტიციას მაინც დავსწრებოდი. ვნახოთ, რა იქნება...

დღიურების წერას ამ ერთ კვირაში ძალიან მივეჩვიე. აღარ წარმომიდგენია დღის ისე დასრულება, რომ ჩანაწერები არ გავაკეთო. დღეს ჩემი დღიურები რადიო თავისუფლებაში უნდა მივიტანო. როდესაც მივხვდი, რომ საღამოს დღიურის დაწერა აღარ მომიწევს, ჩემს თავს პირობა მივეცი, დღეს საღამოს აუცილებლად გავაკეთებ ჩანაწერებს და, ალბათ, კიდევ დიდხანს გამყვება ეს ჩვევა.
XS
SM
MD
LG