Accessibility links

logo-print
რუსეთი აპირებს შექმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოსკოვს შესაძლებლობას მისცემს უარი თქვას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და ეფექტურად აარიდოს თავი საკუთარი ვალდებულებების შესრულებას. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ევროპის სასამართლოს პოტენციური გადაწყვეტილებები მიხაილ ხოდორკოვსკისა და სერგეის მაგნიცკის საქმეებზე რუსეთის შეშფოთებას იწვევს.
თუ ამ საკანონმდებლო ცვლილებას მსვლელობა მიეცა და მას „დუმამ“ მხარი დაუჭირა, ეს რუსეთის მიერ ევროპული კონვენციით აღებული ვალდებულებების გადასინჯვას ნიშნავს...

15 წლის შემდეგ, რაც ევროპის საბჭოს წევრი გახდა, რუსეთი, როგორც წევრი სახელმწიფო, აპირებს გადახედოს ერთ-ერთ თავის მთავარ ვალდებულებას. კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს ფედერაციული საბჭოს სპიკერმა ალექსანდრ ტორშინმა წარადგინა, შესაძლებლობას აძლევს რუსეთს გააუქმოს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება. რამდენიმე ცნობილი რუსი უფლებადამცველი ფიქრობს, რომ, ასეთი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რუსეთს შესაძლოა ევროპის საბჭოს წევრობა შეუჩერდეს. აი, რას ამბობს ანნა სევორთიანი, „ჰიუმენ რაიტს უოჩის“ მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელი:

„ეს ძალიან დიდი პოტენციური საერთაშორისო სკანდალია და, გულახდილად რომ ითქვას, მთლიანად ვეთანხმები აზრს, რომ თუ ამ საკანონმდებლო ცვლილებას მსვლელობა მიეცა და მას „დუმამ“ მხარი დაუჭირა, ეს რუსეთის მიერ ევროპული კონვენციით აღებული ვალდებულებების გადასინჯვას ნიშნავს.“

რუსი კანონმდებლის, სახელმწიფო სათათბიროში მმართველი „ერთიანი რუსეთის“ ფრაქციის წარმომადგენლის სერგეი მარკოვის თქმით, ზემოხსენებული კანონი აუცილებელია იმისათვის, რომ რუსეთმა ევროპის სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილებებისა და „რუსოფობიურად განწყობილი“ ევროპის საბჭოსაგან თავის დაცვა შეძლოს:

„ცხადი გახდა, რომ რუსეთმა უნდა დაიცვას თავი არა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსაგან, არამედ ამ ევროპის სასამართლოს პოლიტიკურად ანგაჟირებული, უსამართლო გადაწყვეტილებებისაგან.“
უფლებას ვერ მივცემთ საერთაშორისო სასამართლოს, განახორციელოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება...

აღნიშნულ კანონპროექტს ამჟამად სერიოზულად განიხილავენ და, მარკოვის თქმით, მის მისაღებად ძალიან ხელსაყრელი ვითარებაცაა. როგორც საკანონმდებლო ცვლილების მომხრეები ამბობენ, რუსეთის არმიის კაპიტნის კონსტანტინ მარკინის საქმეზე ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებამ აიძულა პროსახელისუფლო დეპუტატები ეს კანონი მიეღოთ. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ მარკინის სასარგებლო განაჩენი გამოიტანა, როცა განქორწინებულმა სამი შვილის მამამ მას საჩივრით მიმართა იმის გამო, რომ კუთვნილი გრძელვადიანი შვებულების უფლება ჩამოერთვა. რუსეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთი უფლებით მხოლოდ არმიაში მყოფი მდედრობითი სქესის პერსონალი სარგებლობს. ევროპის სასამართლომ რუსეთს მარკინის სასარგებლოდ სიმბოლური თანხის - 200 ევროს - გადახდა დააკისრა და რუსეთის სასამართლოს მოუწოდა უარი თქვას გენდერული დისკრიმინაციის პრაქტიკაზე.

ეს კი არ მოეწონა რუსეთის ხელისუფლებას. მარკინის პრეცედენტმა შთააგონა პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, პროფესიით იურისტი, ეთქვა, „უარს ვერ ვიტყვით ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილზე და უფლებას ვერ მივცემთ საერთაშორისო სასამართლოს, განახორციელოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებაო.“
მოსალოდნელია, რომ ევროპის სასამართლომ გამოიტანოს რუსეთისათვის მიუღებელი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, შეეხოს დიდ ფინანსურ საკითხებს...

ოლეგ ორლოვი, საზოგადოება „მემორიალის“ თავმჯდომარე, ამბობს, რომ ახალი კანონით რუსეთი ცდილობს შექმნას ერთგვარი ამბრაზურა, იმ უსიამოვნო განაჩენის შესრულებისაგან თავის დასაცავად, რომელიც შესაძლებელია გამოიტანონ მიხაილ ხოდორკოვსკისა და სერგეი მაგნიცკის საქმეების განხილვისას:

„მოსალოდნელია გადაწყვეტილება ხოდორკოვსკის საქმეზე, გნებავთ ხოდორკოვსკი-ლებედევისა და მთლიანად „იუკოსის“ საქმეზე. მოსალოდნელია, რომ ევროპის სასამართლომ გამოიტანოს რუსეთისათვის მიუღებელი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, შეეხოს დიდ ფინანსურ საკითხებს. ესე იგი საჭიროა შექმნა გარკვეული პრეცედენტების, გარკვეული მექანიზმებისა, რომლებიც დაგვიცავენ და მოგვცემენ შესაძლებლობას, არ შევასრულოთ სასამართლო გადაწყვეტილება.“

31 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ 24 000 ევროს გადახდა დააკისრა რუსეთს იმის გამო, რომ დაარღვია კონვენციის მოთხოვნები მიხაილ ხოდორკოვსკის დაკავებისა და წინასწარი აღკვეთის დროს. სასამართლომ გამოხატა ასევე „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ „ხოდორკოვსკის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და შესაძლოა „უცილობელ მტკიცებულობებს“ არ ემყარებოდეს.

რუსეთი ევროპის საბჭოში 1996 წელს გაწევრიანდა და ხელი მოაწერა ევროპულ კონვენციას ადამიანის უფლებათა შესახებ. ეს იყო დრო, როდესაც ქვეყანა დასავლეთთან ღრმა ინტეგრაციაზე ფიქრობდა. მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს წევრი გახდა, მკვეთრად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობა სტრასბურგის სასამართლოში, რომლის განაჩენი სავალდებულოა. ზემოხსენებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რუსეთი კვლავ იქნება ვალდებული გადაიხადოს ევროპის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია, მაგრამ შესაძლებლობა ექნება გვერდი აუაროს განაჩენის სხვა ასპექტებს.
წინასწარ იფიქრეთ, ბატონებო, ვიდრე რუსეთის მიმართ გადაწყვეტილებას გამოიტანდეთ, თორემ რუსეთი კარებს გაიჯახუნებს...

აღნიშული კანონპროექტის პირველი მოსმენა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატაში 28 ივნისს დაიწყება და 6 ივლისს დასრულდება, რის შემდეგაც კანონპროექტს ფედერაციულმა საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი.

ოლეგ ორლოვი, საზოგადოება „მემორიალის“ თავმჯდომარე, ამ საკანონმდებლო ინიციატივის ერთ ფარულ განზრახვაზე ამახვილებს ყურადღებას.:

„ეს შესაძლოა იყოს მინიშნება ევროპის სასამართლოსათვის: წინასწარ იფიქრეთ, ბატონებო, ვიდრე რუსეთის მიმართ გადაწყვეტილებას გამოიტანდეთ, თორემ რუსეთი კარებს გაიჯახუნებს. აი, ასეთი სიგნალი მიდის რუსეთიდან.“

ევროპის საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი დიდი ყურადღებით დააკვირდებიან კანონპროექტის მიღების პროცესს, თუმცა დასძინა, რომ „ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG