Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უსიყვარულო პროტესტების“ სერია საქართველოში


აქციამ „მიყვარს და ვზასაობ!“, რომელიც რიყის პარკში გაიმართა 24 ივნისს, სრულიად სხვადასხვა მსოფლმხედველობის, პოზიციის ხალხი გააერთიანა; აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალ „ტაბულის“ ბლოგერი, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი წერდა:

„ადამიანი, რომელსაც არ აქვს პროტესტის გამოხატვის უნარი, იმაზე ბევრად უარეს ქვეყანაში ცხოვრებას იმსახურებს, ვიდრე დღევანდელი საქართველოა.“

შალვა რამიშვილმა კი ასეთი სტატუსი გამოდო ფეისბუკზე:

„კაი, ბატონო, პოლიტიკოსები არ გევასებათ და პოლიტიკური აქციები გიტყდებათ – გასაგებია. ხორცის გაძვირებაზე რომ არ გამოხვალთ (გვეგოიმებათსის პონტში), ესეც მესმის. მარა პროტესტის ნიშნად ზასაობითაც რო ვერ იზასავეთ, ეგ როგორღა გავიგოთ?“

საერთოდ, იმ საღამოს, სოციალურ ქსელში, საოცარი თვითგვემა დაიწყო - „ასეთები ვართ!“, „არაფერი შეგვიძლია!“, „მონები ვართ!“... იგივე მოხდა წელს, გაზაფხულზე, როდესაც უნივერსიტეტის სტუდენტებმა „1968 წლის ამბოხება“ თუ არა, რაღაც მსგავსი მოაწყვეს თვითმმართველობის წინააღმდეგ. 18 აპრილისთვის სტუდენტების აქცია დაიგეგმა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში სტუდენტებმა ლამის ფიცი დადეს, მოვდივართ, მშვიდობიან ბრძოლას ვიწყებთო, ხალხი არ იყო ბევრი... ამას მაშინაც თვითგვემა მოჰყვა - „მშიშრები ვართ! არაფრის მაქნისები!“

ბოლო დროს სულ ასე ხდება; აქციებისთვის მზადებას ძალიან დიდი ენერგია მიაქვს. ამას ემატება ჩვენთვის ჩვეული „ამყოლობა“ (და არა სოლიდარობა), ბაქიბუქი... ჰოდა, საქმე საქმეზე რომ მივა, გადამწყვეტი ბრძოლის წინ, ნაბახუსევის მსგავსი განცდა იბადება; აპათიის, დაზარების, უიმედობის განცდა, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვება ქართველებისთვის ჩვეული თვითგვემა.

ჰო, ქართველებისთვის ჩვეულია ეს - უკიდურესობები!

მე თუ მკითხავ, პროტესტის სურვილი, თუნდაც ვირტუალური, ან ანონიმური, ბევრად უკეთესია, ვიდრე გულგრილობა და, მით უმეტეს, თვითგვემა. პრობლემა უფრო ენერგიის განაწილებაშია და იმის არაღიარებაში, რომ ენერგია საკმარისი არაა იმისთვის, რომ რამდენიმე დღე გამოუშვა და განსაკუთრებით იქ ამოაფრქვიო, სადაც საჭიროა. პრობლემა ისაა, რომ პროტესტი ჯერ სათანადოდ არ მომწიფებულა. პროტესტი ან სურვილის დონეზე რჩება, ან, უბრალოდ, კარგი ტონია. სინამდვილეში კი ყველაფერი ისევ თეატრია. მათ შორის მიტინგიც.

საქართველოში თითქმის 25 წელია, ასე გრძელდება - საპროტესტო აქცია ვიღაცისთვის სცენაა, სადაც შეგიძლია ხალხს თავი მოაწონო, ვიღაცისთვის კი - ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების საშუალება. ამას წინათ ჩემმა ფრანგმა მეგობარმა, რომელიც თავს მემარცხენედ მიიჩნევს და რელიგიისგან შორს დგას, მითხრა, ეკლესია თქვენთან იმიტომაა პოპულარული, რომ ხალხს ერთად ყოფნის შეგრძნება დაუბრუნა, გაუღვიძა კოლექტივში ყოფნის ვნება, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ლამის ანომალიად გამოცხადდაო. საპროტესტო აქციაც ასეა ზოგიერთებისთვის: ამ 20 წლის წინ რუსთაველზე გამართულ მიტინგებზე ოჯახებიც კი იქმნებოდა.

თუ ცხოვრება თეატრია, ქართული საპროტესტო აქცია მით უმეტეს თეატრია, რომელიც, როგორც სანახაობა, ყოველთვის იზიდავდა და იზიდავს ჩვენს ტელემედიას. 24 ივნისს თბილისში მოეწყო ძალიან სერიოზული აქცია ახალი გადასახადების დაწესების წინააღმდეგ, რომელსაც ქართულმა მედიამ თითქოს პრინციპულად გამოუცხადა ბოიკოტი. სამაგიეროდ ჟურნალისტების მთელი კოჰორტა გამოცხადდა რიყეზე, „საპროტესტო ზასაობის“ აღბეჭდვის მიზნით. მეტიც: ამ აქციის შესახებ ჯერ კიდევ შუადღეს, იმედის „დღის შოუში“ (ღმერთო, მაპატიე!) გვაუწყეს; ქართულ ტელევიზიებს მოენატრათ სანახაობა, რომელიც ზიანს მხოლოდ ორგანიზატორებს თუ მოუტანდა („პროტესტანტებს“ დაერეოდნენ მმკ-ს აქტივისტები), თან გაახალისებდა პუბლიკას და თანაც ყურადღებას გადაატანინებდა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიდან. ქართულ ტელევიზიებსაც ხომ უყვართ თეატრი! უფრო სწორად, „უმტკივნეულო თეატრი“...

არადა, თავად აქციის მომზადების პროცესში იმდენი იუმორი იგრძნობოდა, მეც კი, ყველანაირი თეატრალური აქციებისგან დაღლილს და გულგატეხილს, გამიჩნდა სურვილი, მენახა, როგორ გამოხატავდნენ პროტესტს ახალგაზრდები რაღაც აბსურდული აკრძალვის მიმართ.

დასვენების დღეებში რიყის პარკთან მანქანის გაჩერება საკმაოდ რთულია. პარასკევს საღამოს მთელი ეს ტერიტორია - მეტეხის ხიდი, საფეხმავალო „მშვიდობის ხიდი“, ახალი პარკი, აბანოთუბანი, ხალხით იყო სავსე. ზუსტად ვერ გავიგე, რას აკეთებდნენ. ბავშვები მოიყვანეს? მაგრამ ეს ახალგაზრდები რამღა მოიყვანა აქ?! აქეთ-იქით დადიოდნენ? აი, ჩემი მშობლები რომ ამბობდნენ, რუსთაველზე ვსეირნობდითო, ისე? აბა, სხვა რა უნდა გაეკეთებინათ? არ მესმის, მართლა არ მესმის, რატომაა სასიამოვნო ასე სეირნობა. არ მესმის, რა უხარია ამ ხალხს...

მაგრამ არც მე ვარ მარტო ამ სამყაროში და არც ის ახალგაზრდები, პარკებში კოცნის აკრძალვამ რომ აღაშფოთა. ამ ქვეყანაში ცხოვრობს სხვანაირი ხალხიც. ჩემი ზოგიერთი მეგობრისგან განსხვავებით, მე მათ ტელევიზიების მიერ „ზომბირებულებს“ ვერ ვუწოდებ. ყოველ შემთხვევაში, ყველას ვერ ვუწოდებ. შეიძლება, პირიქით იყოს: მათი გამოსვლა გარეთ, ეს „აქეთ-იქით სიარული“ იმის მიმართ პროტესტიც იყოს, რასაც ცენტრალური ქართული არხები უჩვენებენ მაყურებელს.

„ნუ, რა ქნან? გარეუბნებიდან მოდიან სასეირნოდ. იქ მოსაწყენია ცხოვრება“ - მითხრა ერთმა მეგობარმა მას შემდეგ, რაც გაკვირვება გამოვთქვი: ამდენი ხალხი მხოლოდ ტაქსიმზე მინახავს სტამბულში, ან მადრიდსა და ბარსელონაში, ისიც პარასკევს-მეთქი.

მოკლედ, 24 ივნისს, „ზასაობის აქციის“ პარალელურად, რიყეზე ბუზივით ირეოდა ხალხი, რომელიც ბევრად მეტი, შეიძლება ითქვას, ასჯერ მეტი იყო, ვიდრე ამფითეატრთან შეკრებილი ახალგაზრდები და ჟურნალისტები, რომლებიც ეხვეწებოდნენ „პროტესტანტებს“, მიდით, აკოცეთ ერთმანეთსო. სხვებზე ვერ გეტყვით, მაგრამ პირადად მე ამ გაუცხოებამ, ამ განსხვავებულმა მასშტაბებმა, „პროტესტანტებთან“ შედარებით „მოსეირნე“ ხალხის სიმრავლემ, უიმედობისა და სასოწარკვეთის განცდა გამიმძაფრა: რას მოგვცემს ეს ელიტარული პროტესტები, თუ ამ ქვეყანაში ადამიანებს ჯერაც მოსწონთ „აქეთ-იქით სეირნობა?“ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს გაუცხოება, ეს ბარიერი კმაყოფილ და უკმაყოფილო ხალხს შორის, მაქსიმალურად გაუქმდეს, რათა ერთის მხრივ, „აქით-იქით სეირნობა“ არ გადაიზარდოს სრულ გულგრილობაში, მეორე მხრივ კი პროტესტი არ იქცეს ელიტარული ჯგუფის ისტერიკად, რომელსაც რომელიმე „დღის შოუ“ თუ გააშუქებს სიამოვნებით?

ამისათვის, ვფიქრობ, ერთი რამეა საჭირო. ის, რაც ასევე ყოველთვის პრობლემა იყო ქართველი „პროტესტანტებისთვის“: გულწრფელობა და სპონტანურობა! ამ თეატრალურ ფარისევლობაზე, ამ მასკარადებზე, ნიღბებიან პერფორმანსებზე უარის თქმა. როცა გულწრფელად გამოხატავ პროტესტს, თანამოაზრესაც მეტს შეიძენ და მაშინ შეიძლება იმ ხალხის ყურადღებაც მიიქციო, ვისაც „აქეთ-იქით სეირნობა“ სრულიად აკმაყოფილებს.

ჩაატარე სიყვარულით საპროტესტო აქცია და ოდესმე მაინც გაიმარჯვებ! რადგან სიყვარული, საბედნიეროდ, ყველას უნდა ამ ქვეყანაში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG