Accessibility links

logo-print
ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი აპროტესტებს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ იმ ტიპის განცხადებებს, რაც საზოგადოებაში ”ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციას იწვევს.” აქცენტი ამ შემთხვევაში გაძვირებულ ხორცთან მიმართებით კეთდება. დისკუსია ამ თემაზე საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ”სურსათის უვნებლობასთან” დაკავშირებული არაერთი ახალი საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების გამო ხორცის გაძვირებამ ხალხის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ხშირად აღინიშნებოდა, რომ ეს ყველაფერი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯებია. რა ხდება ამ მხრივ სინამდვილეში და რას ფიქრობენ თავად ევროკავშირში?

განცხადებაში, რომელიც 28 ივნისს გამოქვეყნდა, ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ და ასევე იზიარებენ მიდგომას, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზანმა ”საქართველოს უნდა მოუტანოს პოლიტიკური, ეკონომიკური სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა”. თუმცა განცხადებაში, რომელიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით მომზადდა, ისიც გარკვევით არის ნათქვამი, რომ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის და რომელსაც ევროპელები მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ, ხელისუფლების წარმომადგენლები არ უნდა აკეთებდნენ ევროკავშირის ავტორიტეტის შემლახველ განცხადებებს.
ხდება ისე, რომ თავისუფალი კონკურენციის პირობები იზღუდება და, ევროკავშირის სტანდარტის შემოტანის საბაბით, მონოპოლიურად რჩება მხოლოდ 2 თუ 3 კომპანია...

სწორედ ამგვარი აქცენტის გამო შეუერთდა ხელმომწერთა ჯგუფს ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ”ევროპა ჩვენგან მართლაც ითხოვს მაღალ სტანდარტებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს ”ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის” შეთანხმება და რომ მივუახლოვდეთ ასოციაციურ წევრობას; მაგრამ, ამავე დროს, ისინი ითხოვენ ჩვენგან, რომ გვქონდეს თავისუფალი კონკურენციის პირობები, რაც არ სრულდება:

”ხდება ისე, რომ თავისუფალი კონკურენციის პირობები იზღუდება და, ევროკავშირის სტანდარტის შემოტანის საბაბით, მონოპოლიურად რჩება მხოლოდ 2 თუ 3 კომპანია (სასაკლაო), რომლებიც მიაწოდებენ ხორცს ბაზარს. ფასს კი აძვირებს სწორედ ეს მონოპოლია და არა მაღალი სტანდარტი.”

ის, რომ ხორცის ფასის ზრდის ევროკავშირისთვის დაბრალება უსამართლობაა, რომ ევროკავშირის სახელი საქართველოში გასაფრთხილებელია, არასამთავრობო სექტორის გარდა, ეს ბოლო პერიოდში არაერთმა პოლიტიკოსმა თუ ანალიტიკოსმაც აღნიშნა. და როდესაც ისინი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ მათთვის მიუღებელ განცხადებებზე საუბრობენ, პირველს იხსენებენ გიორგი ბარამიძეს, ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სწორედ ბარამიძემ თქვა 23 ივნისს, რომ ხორცის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოში იმ ზომების განხორციელებამ გამოიწვია, რომელსაც ევროკავშირის ექსპერტები მოითხოვდნენ და რომ ეს ერთგვარი იძულებითი ნაბიჯია.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, დროულად დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ”ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის” შესახებ...

საკითხის გარკვევის მიზნით, რადიო თავისუფლება 29 ივნისს უნგრეთში ვიზიტად მყოფ გიორგი ბარამიძეს ტელეფონით დაუკავშირდა. ვიცე-პრემიერმა ჩვენთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანს და კმაყოფილება გამოხატა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებით არასამთავრობო სექტორის ასეთი დაინტერესებით. თუმცა იქვე აღინიშნა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო გამოხატული შეშფოთება საფუძველს მოკლებულია.

გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ, ბუნებრივია, ხორცის გაძვირება ევროკავშირს არ უთხოვია საქართველოსთვის, თუმცა ფასის ზრდა გამოწვეულია ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებელი აუცილებელი რეგულაციების შემოღებით, რაც ხალხის კეთილდღეობას ისახავს მიზნად. თუმცა აქვე, ევროპელი პარტნიორების გასაგონად, ვიცე-პრემიერი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აუცილებელი ცვლილებები, რასაც საქართველოს ხელისუფლებაც უჭერს მხარს, ეტაპობრივ ხასიათს უნდა ატარებდეს:

”ჩვენი მთავარი ამოცანაა, დროულად დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ”ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის” შესახებ და გასაკეთებელი საქმე, რეფორმები და რეგულაციები - მათ შორის, სურსათის უვნებლობის მიმართულებით - განხორციელდეს ეტაპობრივად და არა მყისიერად, რადგანაც მყისიერად განხორციელების შემთხვევაში სისტემა მოუმზადებელი ხდება და ჩვენ გვინდოდა სწორედ ამაზე გაგვემახვილებინა ყურადღება და ჩვენი განცხადების მიზანიც სწორედ ეს იყო.”
ევროკავშირს არასოდეს მოუთხოვია მთავრობისთვის, რომ სწორედ ახლა დააწესოს ვალდებულება, საქონლის ხორცი ბაზარზე სასაკლაოებზე გავლით შევიდეს...

გიორგი ბარამიძე კომენტარს არ აკეთებს ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის პროგრამების მენეჯერის მიერ 24 ივნისს გაკეთებულ განმარტებებზე. საქმე ის არის, რომ ხუან ეშანოვეს განმარტებების სრულ ტექსტს, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, სათაურად აქვს ძახილის ნიშნიანი წინადადება - ”ხორცის მაღალი ფასები საქართველოში - ნუ ადანაშაულებთ ევროკავშირს!”

ამ ტექსტში გვარები არ არის დასახელებული, მაგრამ გამოთქმულია წუხილი იმის გამო, რომ საქართველოში უსამართლოდ ადანაშაულებენ ევროგაერთიანებას. ხუან ეშანოვეს ტექსტში ყურადღება მახვილდება რამდენიმე ძირითად საკითხზე და ერთ-ერთი მათგანის მიხედვით:

”ევროკავშირს არასოდეს მოუთხოვია მთავრობისთვის, რომ სწორედ ახლა დააწესოს ვალდებულება, საქონლის ხორცი ბაზარზე სასაკლაოებზე გავლით შევიდეს. და, მით უფრო, ევროკავშირს არ დაუყენებია ეს მოთხოვნა, როგორც წინაპირობა ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად”.
სასაკლაო, როგორც ასეთი, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ დაცული იქნება
სურსათის უვნებლობა; ეს პროცესის მხოლოდ ერთი ნაბიჯია...

ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის პროგრამების
მენეჯერი ხუან ეშანოვე აღნიშნავს, რომ ”არსებობს ცხოველთა
ჯანმრთელობასა და სასურსათო უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული მთელი რიგი ზომები, რომლებთან მიმართებითაც
ევროკავშირი საგრძნობი შედეგების მიღწევას ისურვებდა და რომელშიც მთავრობა არ არის ისეთი აქტიური, როგორიც უნდა იყოს”. ასეთ ზომებად მიჩნეულია, მაგალითად, „ცხოველების იდენტიფიკაცია, სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის კამპანიის წარმოება და მასზე დაკვირვება, კერძო ვეტერინარების აკრედიტაცია და ა. შ.”

”ჩვენ გვაინტერესებს, თუ რატომ არ იჩენს შესაბამის აქტიურობს
ხელისუფლება ამ დრომდე ამ საკითხების გადასაჭრელად, მაშინ როცა
სასაკლაოების შემთხვევაში ის ასე სწრაფად მოქმედებს. სასაკლაო, როგორც ასეთი, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ დაცული იქნება
სურსათის უვნებლობა; ეს პროცესის მხოლოდ ერთი ნაბიჯია. მთელი რიგი ასეთი ნაბიჯების განხორციელების გარეშე ამ ტიპის პრობლემები ვერ მოგვარდება. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას ამ საკითხებში სისტემური მიდგომისა და არა ,,სპონტანური“ ზომების მიღებისკენ”, - ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლის განმარტებებში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG