Accessibility links

logo-print
მიუხედავად იმისა, რომ „რვიანისა“ და ხელისუფლების ურთიერთობა საპარლამენტო ადგილებთან, ანუ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ცხელი თემაა, ძალიან ხშირად საკითხის ფორმას უფრო დიდი ყურადღება ექცევა, ვიდრე მის შინაარსს. ჩვენ შევეცადეთ, რამდენადმე მაინც გაგვერკვია ის ფუნდამენტური განსხვავება, რომელიც ამ შემთხვევაში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორისაა.


ხმათა ტრანსფორმაცია მმართველობაში

დავიწყოთ ჰარვარდის მეცნიერის პიპა ნორისის გამოკვლევით, რომელიც 1997 წელს გამოიცა და რომელშიც ფუნდამენტურადაა აღწერილი განსხვავება პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის. ეს მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად, თუ რა უნდა ოპოზიციას და რა ხელისუფლებას. ორი ფაქტორი გამოვყოთ. ნორისი ასკვნის, რომ:

I. წარმომადგენლობითობა საზოგადოებისა პარლამენტში, ანუ მართვაში, ანუ, ჩვენს შემთხვევაში, ხმათა ტრასფორმაცია საპარლამენტო ადგილებში, უფრო მაღალია პროპორციულ სისტემაში.
II. პროპორციულ სისტემაში ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილი არჩევნებში აქტიურობისკენ, ვიდრე მაჟორიტარულ სისტემაში.

ამის მიზეზად პიპა ნორისი შემდეგ ფაქტორს ასახელებს:

”მიზეზი არის ის, რომ სისტემა აქ შედარებით უფრო სამართლიანად აღიქმება, რადგან აქ არ არის დაკარგული ხმები. ამიტომ ხალხს აქვს მეტი სურვილი არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.”


დაკარგული ხმები

დაკარგული ხმების ასახსნელად ქართულ სისტემას შევხედოთ. იმ დროს, როცა ქვეყანაში არსებობს პრობლემა ოპოზიციურ პარტიათა კონსოლიდაციისა, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, სახელმწიფო რესურსის მმართველი ძალის მიერ გადაჭარბებული გამოყენებისა (სხვადასხვა საექსპერტო შეფასებებით), ხდება შემდეგი:

ა) პროპორციულ სისტემაში ოპოზიციური პარტიები ხმებს არ კარგავენ, რადგან ყველა ცალ-ცალკე, საკუთარი მიღებული ხმების პროპორციით, ხვდება პარლამენტში. აქ, უბრალოდ, 5% უნდა გადაილახოს ცალ-ცალკე და ყველა, ვინც გადალახავს ამ ბარიერს ინდივიდუალურად, მოგვიანებით უკვე პარლამენტში ერთიან ძალას ქმნის, რომელიც ახერხებს მმართველ გუნდთან ბალანსის შექმნას.

ბ) მაჟორიტარულ სისტემაში საკითხი სხვაგვარად დგას. იმის გამო, რომ ოპოზიცია კონსოლიდაციას ვერ ახერხებს, მათი კანდიდატები არჩევნებში ერთმანეთს ხმებს ართმევენ, რაც მოგებიანი პოზიციაა მმართველი პარტიის წარმომადგენლისათვის, რომელსაც, დღევანდელი კანონმდებლობით, 30%-ის გადალახვა სჭირდება, და თუ ეს ხდება, მაშინ ოპოზიციისთვის ცალ-ცალკე მიცემული ხმები იკარგება….

ამას გულისხმობს ჰარვარდის მეცნიერი ნორისი, როცა ის ამბობს, რომ პროპორციულ სისტემაში ხმები არ იკარგება.


რაზე ვერ თანხმდებიან?

ახლა რა ხდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მთელი ამ ხნის მანძილზე. ოპოზიცია ერთ ფუნდამენტურ რამეს ითხოვს: მაჟორიტარული არჩევნების სისტემა გართულდეს ან, საერთოდ, გაუქმდეს. მაგალითად, ერთ-ერთ წარდგენილ სქემაში ოპოზიცია ითხოვდა, რომ მაჟორიტარულ სისტემაში 30%-იანი გამარჯვების მარჟა 50%-მდე აწეულიყო. ამის ფუნდამენტში იყო ოპოზიციის არგუმენტი, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებდა ამ მარჟის გადალახვას (სავარაუდოდ, ვერც ოპოზიცია), რაც ავტომატურად გამოიწვევდა მეორე ტურის დანიშვნას და, შესაბამისად, ზრდიდა შანსს ოპოზიციური ხმების კონსოლიდაციისა. ანუ ეს მარტივად ნიშნავს: ოპოზიციური პარტიების კანდიდატები ერთმანეთს ხელს ვერ შეუშლიდნენ, იმიტომ რომ მეორე ტურში მოხვდებოდა მხოლოდ ის, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ექნებოდა მონაწილეთაგან, რაც გამოიწვევდა ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეთა ხმების კონსოლიდაციას არა ბევრ, არამედ ერთ კანდიდატში, რაც, ბუნებრივია, გაზრდიდა გამარჯვების შანსს.

ხელისუფლებამ ოპოზიციის ამ შემოთავაზებებზე უარი თქვა და სანაცვლოდ გაზარდა პარლამენტართა რიცხოვნება. ამ ცვლილებაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, დღეს კი შემდეგით დავასრულოთ…


ფუნდამენტური განსხვავება

მაჟორიტარული სისტემა, ზოგადად, სამეცნიერო დონეზე, ითვლება მთავრობის ეფექტურობისკენ მოწოდებულ სისტემად. ეს არის ყველაზე ძველი სისტემა და ამ სისტემაში ითვლება, რომ მმართველ გუნდს ეძლევა თავისუფლება გაატაროს თუნდაც არაპოპულარული გადაწყვეტილებანი.

პროპორციული სისტემა ითვლება სისტემად, რომელიც სამართლიანია თუნდაც უმცირესობაში მყოფი პარტიების მიმართ.

ანუ ფუნდამენტური ბრძოლა არის ძლიერ და ეფექტურ მმართველობასა და ფართო წარმომადგენლობას შორის.
დავუბრუნდეთ გამოკვლევას, რომლითაც დავიწყეთ. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი პიპა ნორისი საკუთარ გამოკვლევაში აღნიშნავს:

”საზოგადოებებისათვის, რომელნიც არიან ღრმად განსხვავებულ ეთნიკურ და რელიგიურ დაყოფაზე დაფუძნებული, მაგალითად, როგორიც არის მალი, ან რუსეთი, ან ისრაელი, შეიძლება ითქვას, რომ პროპორციული სისტემა იქნება უფრო ინკლუზიური….
სახელმწიფოებისთვის კი, რომლებიც ღრმად ცენტრალიზებულნი არიან, როგორც დიდი ბრიტანეთი და ახალი ზელანდია, მაჟორიტარული სისტემა უფრო იმუშავებს.”

და სად დგას საქართველო? ოფიციალურად, საქართველო შერეული სისტემაა…
XS
SM
MD
LG