Accessibility links

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომლის სახელიცაა "ცხოვრება გარდამავალ პერიოდში" (Life in Transition). კვლევაში მონაწილეობდა 34 ქვეყნის 39 ათასი შინამეურნე. კვლევა ორ რაუნდად მიმდინარეობდა. პირველი რაუნდი 2006 წელს დასრულდა, მეორე კი 2010 წლის მონაცემებს მიმოიხილავს. 2010 წლის გამოკვლევაში მთავარი აქცენტი გაკეთდა 2009 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საკითხებზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გამოკვლევაში მოხვდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა ლა შუა აზიის ქვეყნები.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, სამომავლო კამპანიის დასაგეგმავად, სხვადასხვა ქვეყანაში კვლევა უნდა აწარმოოს, ნათქვამია EBRD-ის მიერ მომზადებული ანგარიშის შესავალში. მთავარი კი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების პრობლემატიკის გაგებაა, მათ შორის - ამ ქვეყნების მოქალაქეთა განწყობის გაგებაც, თუ როგორ აფასებენ გამოკითხულები მათ ქვეყანაში არსებული დემოკრატიის ხარისხს, საბაზრო ეკონომიკის მდგომარეობას, სახელმწიფოს როლს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და, ასევე, როგორ უყურებენ ისინი საკუთარ მომავალს.
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის ქვეყნებში ავტორიტარიზმისკენ გადახრა შეინიშნება...

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მერ მომზადებულ გამოკვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში 2009 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისი ძირთადად ახალგაზრდა თაობას შეეხო, რომელიც შედარებით დაბალ სოციალურ ჯგუფს წარმოადგენს.

საქართველოს მასშტაბით პირობითი შერჩევის წესით გამოკითხული ათასი რესპონდენტიდან მეოთხედი ცხოვრების დონით კმაყოფილია, თუმცა რეგიონში საქართველო ეკონომიკის დონით ყველაზე დაბლა დგას, მიუხედავად 2006 წლიდან დღემდე 2 პროცენტით გაზრდილი ცხოვრების დონისა. ამასთან, გამოკითხულთა ¾ მომავალს ოპტიმიზმით უყურებს და ფიქრობს, რომ დღეს დაბადებულ ბავშვებს უკეთესი მომავალი ექნებათ, ვიდრე მათ მშობლებს. ამასთან, ხანდაზმულები და მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები უფრო ოპტიმისტები გახდნენ, ვიდრე ეს 2006 წელს იყო.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა ერთი მესამედი ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკასა და დემოკრატიას უჭერს მხარს, თუმცა ამაზე მხოლოდ 10 პროცენტითაა ნაკლები იმ რესპონდენტთა სია, რომელთაც ქვეყანაში საგეგმო ეკონომიკა და ავტორიტარიზმი ურჩევნია. ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ფიქრობს, რომ ეს ნორმალურია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ცუდად განვითარებული ეკონომიკა აქვს და დემოკრატიის გემოც კარგად არ გაუგია:
დემურ გიორხელიძე

”მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის ქვეყნებში ავტორიტარიზმისკენ გადახრა შეინიშნება, ანუ ოღონდ კი სამუშაო იყოს, ოღონდ კი მატერიალური კეთილდღეობის მინიმალური სტანდარტები მაინც ჰქონდეს ადამიანს და ის დემოკრატიას და თავისუფლებას არ დაეძებს. მაგრამ ჩანს, რომ ქართველი ხალხი მაინც მყარად დგას საკუთარ აზრზე, რომ დემოკრატია და თავისუფლება მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ადამიანებმა არც დემოკრატიის მადლი იციან და არც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, რადგან ქვეყანაში არც ერთია და არც მეორე. მაგრამ თავისთავად განწყობა ძალიან მისასალმებელი და კარგია”, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.
ნდობა სხვა ადამიანის მიმართ - ეს არის სტანდარტული შეკითხვა, რომელიც დემოკრატიზაციის დონეს ზომავს, ანუ რაც უფრო დაბალია ნდობა მოსახლეობაში, მით უფრო ძნელად განხორციელდება რეფორმა...

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებული გამოკვლევა ”ცხოვრება გარდამავალ პერიოდში” საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციამ, GORBI-მ განახორციელა. ორგანიზაციის დირექტორი მერაბ ფაჩულია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ კვლევის მიზანი საზოგადოებრივი განწყობის გაგება იყო, რაც, საბოლოოდ, თავად EBRD-სა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს დაეხმარება, მაგალითად, ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის გაგებაში.

”ნდობა სხვა ადამიანის მიმართ - ეს არის სტანდარტული შეკითხვა, რომელიც დემოკრატიზაციის დონეს ზომავს, ანუ რაც უფრო დაბალია ნდობა მოსახლეობაში, მით უფრო ძნელად განხორციელდება რეფორმა. ეს არის დამტკიცებული თეორია და ამ ტიპის შეკითხვებით ამ საკითხის ტესტირება ხდება, ანუ ნდობის მაჩვენებელი ადამიანებს შორის საქართველოში საკმაოდ დაბალია, თუ საშუალო მაჩვენებლის ქვეყნებს ავიღებთ. ასევე ცხოვრების დონით კმაყოფილი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საშუალო მაჩვენებლის ქვეყნებში. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს გამოკითხვა ომის შემდეგაა გაკეთებული და არა ომამდე ან წელს.”

აქვე გეტყვით, რომ ადამიანებს შორის ნდობის ხარისხი გაჩნდაო, ნათქვამია გამოკვლევაში. 2006 წლის მაჩვენებლის მიხედვით, ერთმანეთისადმი ნდობით განმსჭვალული იყო გამოკითხულთა 15 პროცენტი, ახლა კი - გამოკითხულთა ერთი მესამედი. ამავე გამოკვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი ნდობით სარგებლობს პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალები და პოლიცია, ასევე მაღალია ნდობა ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ და ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
გამოკითხულთა 78 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანაში დაბალია კორუფციის მაჩვენებელი, რაც საშუალო ევროპული მაჩვენებლის ტოლია.

რაც შეეხება სახელმწიფო მხრიდან დასაფინანსებელ სფეროებს, EBRD-ის გამოკვლევის მიხედვით, პრიორიტეტად ჯანდაცვის სფეროა მიჩნეული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG