Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა. 29 ივნისი, 2011

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას დავიწყებთ დღეს ”ყველა სიახლეში” გამოქვეყნებული ინტერვიუთი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის პროცესს ეხება, უფრო სწორად, ამ პროცესის შეფერხებას. ”მთავრობა მუშაობს ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე და ეს არის ოფიციალურად გაცხადებული ვექტორი, თუმცა აშკარაა, რომ შეგნებულად ფერხდება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მიღწევის პროცესი, რომელსაც უკვე კარგა ხანია გვთავაზობს ბრიუსელიო”, - უთხრა გაზეთს ეკონომიკის ექსპერტმა ლადო პაპავამ, რომელიც ამ მხრივ წარმოქმნილ ვითარებას ასე აღწერს: "დაახლოებით ასეა: ილუზიას ქმნიან, რომ ქვეყანა ევროპისაკენ მიდის, ამ დროს სინგაპურიზაციაზე ლაპარაკობენ, ხოლო რუსეთზე ქონებას ყიდიან, მაგრამ სინამდვილეში ძნელია თქმა, საით მივდივართ.”

დანარჩენი პრესის ძალიან დიდი ნაწილი კი შეეხება ხელისუფლების წინადადებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ამ წინადადებების ავ-კარგის განხილვას და მსჯელობას, სწორი იყო თუ არა ამ წინადადებებზე ხელის მოწერა ან არმოწერა ოპოზიციური პარტიებისათვის. ”სოს! არჩევნები წესების გარეშე” - ასეთია დღევანდელი „ვერსიის“ მოწინავე სათაური. ეს რამდენიმე პუბლიკაციის კრებითი სახელწოდებაა. ერთია ინტერვიუ „სახალხო კრების“ წევრ გიორგი კობახიძესთან, რომელიც ძირითადად ”რვიანს” - აწ უკვე „ექვსიანს“ - აკრიტიკებს და ამბობს, ისინი მთლიანად ხელისუფლების თამაშს თამაშობენო. მეორე პუბლიკაცია კი არის ინტერვიუ ახალგაზრდა იურისტების თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილთან. ”როცა კარგად გავეცანი ხელისუფლების წინადადებებს, მივხვდი, რომ ეს საარჩევნო გარემოს შეცვლის კი არა, უფრო ოპოზიციური პარტიების მოსყიდვის მცდელობა იყოო”, - უთხრა მან ”ვერსიას”.

„ექვსიანის“ ბედზე დღეს ”რეზონანსი“ წერს: „ისინი ბრძოლას განაგრძობენ. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ განაგრძობენ მუშაობას სამოქალაქო სექტორთან და, რაც მთავარია, მოლაპარაკებას ხელისუფლებასთან, თუმცა ხელისუფლება მათთან ურთიერთობაზე კატეგორიულ უარს ამბობს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ექვსი პარტია საკუთარი მიზნის მიღწევას რა მეთოდებით შეეცდებაო”. სტატიის სათაურია ”ხელისუფლება "ექვსიანთან" მოლაპარაკების გაგრძელებას კატეგორიულად გამორიცხავს”.

”ვერსია” დღეს უბრუნდება 26 მაისის მოვლენებს. გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს თეა თუთბერიძესთან, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს არასწორი ქმედებებისათვის: ”არავინ ამბობს, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა აქციის დაშლის უფლება, მაგრამ იყო ძალის გადამეტების მართლაცდა ყოვლად გაუმართლებელი ფაქტები... საკუთარი თვალით ვნახე, 11 წლის ბავშვს როგორ მისდევს და ხელკეტს ურტყამს სპეცრაზმელი. ამას არა აქვს გამართლება”, - ამბობს თეა თუთბერიძე და დასძენს: „მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ერთ დღესაც ისე მიიყვანოს საქმე, რომ მართლა დაამხობინოს თავი. უნდა დაეკავებინათ მთელი ამ პროცესების ორგანიზატორები დროულად და მიეცათ პასუხისგებაში. ციხეში სხედან მეათეხარისხოვანი დამნაშავენი ამ პროცესისა, მთავარი დამნაშავენი არიან გარეთ”, - უთხრა თეა თუთბერიძემ ”ვერსიას” და იქვე დაამატა, რუსეთის თამაშს შეიძლება ხელისუფლებაში მყოფი ხალხის ნაწილიც თამაშობდესო.
XS
SM
MD
LG