Accessibility links

logo-print

ქაბულში სასტუმროზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა


ავღანეთის მთავრობის განცხადებით, 12 ადამიანი ემსხვერპლა ქაბულში მდებარე ფეშენებელურ სასტუმროზე ექსტრემისტების მიერ მიტანილ იერიშს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, სასტუმრო „ინტერკონტინენტალს“ სამშაბათს გვიან საღამოს ცხრა პირი დაესხა თავს, რასაც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე სროლა მოჰყვა. ყველა თავდამსხმელი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის არიან 9 ავღანელი სამოქალაქო პირი, ორი პოლიციელი და ერთი ესპანელი სამოქალაქო პირი. თავდასხმიდან მეორე დღეს ქაბულში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, საერთაშორისო ძალების მხრიდან 2014 წლის ბოლოს უსაფრთხოებაზე ზრუნვის ავღანეთის ძალებისთვის გადაბარების თემაზე. ავღანეთში ამ პროცესისთვის შექმნილი კომისიის ხელმძღვანელი, აშრაფ რანი აჰმადზაი, ორდღიანი კონფერენციის გახსნისას შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „გარდამავალი პროცესი ყველა მხრივ წარმატებული იქნება. ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ჩვენს შეჩერებას ვერანაირი გზით ვერ შეძლებენ. თუ საჭირო შეიქნა, ფეხზე დასადგომად ეს ქვეყანა კიდევ გაიღებს მსხვერპლს“. სასტუმროზე მიტანილ იერიშზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. თავდასხმას კიდევ 13 სამოქალაქო პირის და ხუთი პოლიციელის დაჭრა მოჰყვა. სასტუმრო „ინტერკონტინენტალი“ პოპულარობით სარგებლობს დასავლელებს და დიპლომატებს შორის.
XS
SM
MD
LG