Accessibility links

logo-print

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა საბიუჯეტო მომჭირნეობის ზომები


საბერძნეთის პარლამენტარებმა მცირე უპირატესობით დაამტკიცეს საბიუჯეტო მომჭირნეობის ახალი ზომების პაკეტი. კენჭისყრა დაძაბულ გარემოში შედგა, ქუჩებში მიმდინარე ძალადობრივი დაპირისპირების ფონზე. კენჭისყრის შედეგი პრემიერ-მინისტრ გეორგ პაპანდრეუს მთავრობას საშუალებას აძლევს განახორციელოს ზომები, რომლებმაც 2015 წლისთვის 28.4 მილიარდი ევროს დაზოგვა უნდა მოიტანოს. ხუთშაბათს პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტის განხილვა იგეგმება, მომჭირნეობის ზომების გატარების ფორმების შესახებ. ამ კანონპროექტების დამტკიოცებას საბერძნეთისგან საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროკავშირი მოითხოვენ, სანამ ქვეყანას 110 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახმარების პაკეტის მორიგ ნაწილს გამოუყოფენ. ათენში გრძელდება შეტაკებები, იგეგმება 48-საათიანი საყოველთაო გაფიცვა. საპროტესტო აქციების მონაწილეები აცხადებენ, რომ საბიუჯეტო მომჭირნეობის ზომები - მათ შორის ხარჯების შეკვეცა, გაზრდილი გადასახადები და ქონების გაყიდვა - ყველაზე მეტად იმ მოქალაქეებს აზარალებს, რომლების უკვე ამ ეტაპზე ცხოვრობენ ეკონომიკური პრობლემების პირობებში. სამშაბათს ათენში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ შეტაკებებს სულ მცირე 46 ადამიანის დაშავება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG