Accessibility links

logo-print

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი გახდა


კრისტინ ლაგარდი

კრისტინ ლაგარდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი კრისტინ ლაგარდი გახდა. მან ამ პოსტისთვის მებრძოლი კიდევ ერთი კანდიდატი - მექსიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი აგუსტინ კარსტენსი - დაამარცხა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე ლაგარდი შეცვლის დომინიკ სტროს-კანს, რომელიც სექსუალური ძალადობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს აშშ-ში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 24-კაციანმა საბჭომ ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი კრისტინ ლაგარდი დაამტკიცა. ლაგარდი პირველი ქალი და ასევე ეკონომისტის სპეციალობის არმქონე პირველი პირია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდს უხელმძღვანელებს. მან ამ პოსტისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი კანდიდატი - მექსიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი აგუსტინ კარსტენსი - დაამარცხა.

55 წლის ლაგარდი ამ პოსტზე შეცვლის სკანდალში გახვეულ დომინიკ სტროს-კანს, რომელიც მაისში გადადგა - მას შემდეგ, რაც ბრალად წაუყენეს ნიუ-იორკის სასტუმროს მოსამსახურე ქალზე სექსუალური ძალადობა. სტროს-კანი ნიუ-იორკში შინაპატიმრობაში იმყოფება და სასამართლო პროცესს ელოდება.

ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ პირველი განცხადებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეს-მდივანი, დევიდ ჰაული, გამოვიდა: „საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განმკარგულებელი დირექტორის პოსტზე ხუთი წლის ვადით კრისტინ ლაგარდი აირჩია. ის მუშაობას 2011 წლის 5 ივლისს შეუდგება. ქალბატონი ლაგარდი, რომელიც ამ პოსტზე დომინიკ სტროს-კანს შეცვლის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველი ქალი ხელმძღვანელი იქნება.“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესმდივნის თქმით, გადაწყვეტილება „კონსენსუსის“ თანახმად იქნა მიღებული, რაც ნიშნავს, რომ ლაგარდის კანდიდატურას ფონდის საბჭომ ერთხმად არ დაუჭირა მხარი.

პოსტზე დამტკიცების შემდეგ პარიზში მყოფმა ლაგარდმა ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა:„ძალიან ამაყი ვარ, ძალიან ემოციური და ცოტა სევდიანი, რადგან ამით საფრანგეთისთვის ჩემი ცხოვრების ერთი დიდი ეტაპი დამთავრდება.“

ლაგარდის დანიშვნით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე ევროპელი დარჩება - იმ ფონზე, როცა სულ უფრო მწვავდება ევროს მოქმედების ზონის კრიზისი. იმ დროს, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბჭო ხელმძღვანელის კანდიდატურას უყრიდა კენჭს, ათენის ქუჩებს ძალადობა მოედო - მთავრობის მიერ დაგეგმილ საბიუჯეტო მომჭირნეობის ზომებს მოქალაქეები აპროტესტებდნენ და მათ პოლიციასთან მოუხდათ შეტაკებები.

მომჭირნეობის ზომების ახალი პაკეტი საბერძნეთის პარლამენტარებმა ოთხშაბათს მცირე უპირატესობით დაამტკიცეს. კენჭისყრა დაძაბულ გარემოში შედგა, ქუჩებში მიმდინარე ძალადობრივი დაპირისპირების ფონზე. ამ ზომების გატარებას საბერძნეთისგან საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროკავშირი მოითხოვენ, სანამ ამ დიდძალი დავალიანების მქონე ქვეყანას 110 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახმარების პაკეტის მორიგ ნაწილს გამოუყოფენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტის მოპოვებისთვის საკმაოდ მწვავე ბრძოლა გაიმართა. სწრაფად მზარდი ეკონომიკების მქონე ქვეყნები ცდილობდნენ ამ თანამდებობაზე მათგან რომელიმეს წარმომადგენელი დანიშნულიყო. ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა 24 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აკრიტიკებდნენ ფაქტს, რომ ორგანიზაციას უკვე 64 წელია ევროპელი ხელმძღვანელობს, რაც, მათი თქმით, შეუსაბამოა დღევანდელობასთან. ამასთან, ჯგუფმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ იზიარებს მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ერთგვარ „ჯენტლმენურ შეთანხმებას“, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს ევროპელმა უნდა უხელმძღვანელოს, მსოფლიო ბანკს კი - ამერიკელმა.

კრისტინ ლაგარდი, როგორც ვთქვით, პირველი ქალია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდს უხელმძღვანელებს. ამასთან, ის ეკონომისტის სპეციალობის არმქონე პირველი ხელმძღვანელიც იქნება ამ ფონდისთვის. 2005 წელს საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვამდე, ის ჩიკაგოში განთავსებულ იურიდიულ ფირმა Baker & McKenzie-ს ხელძღვანელობდა. მას კარიერის დიდი ნაწილი აშშ-ში აქვს გატარებული და სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას - როგორც ბრიტანული, ისე ამერიკული აქცენტით.

კომპანია „ფორბსი“ კრისტინ ლაგარდს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალებს შორის ასახელებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG