Accessibility links

logo-print
“რეზონანსში” დღეს “ახალი მემარჯვენეების” წევრ ფიქრია ჩიხრაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება, სადაც ის ხსნის მისი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებას ხელისუფლების წინადადებებზე დათანხმებისა და “რვიანის” დატოვების თაობაზე: “თუ ჩვენ უარს ვიტყოდით ამ შეთავაზებაზე, ხელისუფლება საერთოდ აღარაფერს შეასრულებდა. ამიტომ იყო, რომ მათ ეს შეთავაზება გააკეთეს ძალიან გამომწვევი ფორმით იმ გათვლით, რომ ამაზე ოპოზიცია უარს იტყოდა. როგორც კი ჩვენ უარს ვიტყოდით, ისინი საპასუხოდ განაცხადებდნენ, რომ ოპოზიციას არ სურს დიალოგი და მათ აქვთ საკუთარი წინადადებები, რომელსაც საერთაშორისო რეკომენდაციებით გაამაგრებდნენ. ამიტომაც ვფიქრობ, ჩვენ რომ ასე არ მოვქცეულიყავით, გაცილებით უარეს დღეში აღმოვჩნდებოდით”, – ამბობს ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც ამავე ინტერვიუში მოსახლეობაში არჩევნებისადმი ნიჰილიზმის აღმოფხვრის მნიშვნელობაზეც ლაპარაკობს.

“ახალ თაობაში” “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი “ახალი მემარჯვენეებისა” და ქრისტიან-დემოკრატების “რვიანიდან” გასვლის ისტორიას ჰყვება ეტაპობრივად. ნაწყვეტი ინტერვიუდან: “შემდეგი ეტაპი იყო უკვე სამოქალაქო მოძრაობის ეტაპზე გადასვლა. 26 მაისის მერე, როდესაც გააქტიურება იყო აუცილებელი ელემენტი, მაშინ წინააღმდეგობა ამ მოძრაობის შექმნას გაუწიეს “ახლებმა”. კვლავ “ახლებმა” დაიწყეს და თქვეს, რომ ჩვენთვის ეს მიუღებელია, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ”. დავითაშვილი ამბობს, რომ ორი პოლიტიკური ძალის “რვიანიდან” გასვლა მნიშვნელოვანი დანაკლისია, “მაგრამ, მეორე მხრივ, არის დადებითი მომენტებიც” და აზუსტებს: “საქმე ისაა, რომ ეს ტენდერი, როგორც ჩანს, კარგა ხანია გამოცხადებულია. უბრალოდ, საჯაროდ გამოცხადდა ცოტა ხნის წინ და ეს ორი პარტია საბაბს ეძებდა “რვიანის” დასაშლელად.”
“ხელისუფლებას უპირობოდ რომ შეესრულებინა ყველა ის მოთხოვნა, რომლებსაც ოპოზიცია თავდაპირველად აყენებდა, საარჩევნო გარემო არსებითად მაინც არ შეიცვლებოდა. მთავარ პრობლემას პოლიტიკურ ძალთა ის ბალანსი ქმნის, რომელიც ქვეყანაში არსებობს. დღეს როგორც რესურსების, ასევე საზოგადოების მხარდაჭერის მხრივ აშკარა უპირატესობა მმართველ პარტიას აქვს. პოლიტიკური პარტიები, როგორც მთლიანად ინსტიტუტი, ძალიან სუსტია. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა ეს არის, დანარჩენი დეტალებია.” - ეს არის ნაწყვეტი ინტერვიუდან გია ნოდიასთან. ის თვლის, რომ ხალხი არ ენდობა არა კონკრეტულ პარტიას, არამედ “ზოგადად, ოპოზიციას”.

“დემოსის თავს გადამვლელი “ხალხის რჩეულნი” - ამ სათაურით “საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება სტატია. ავტორი ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის წარდგენილ წინადადებებზე წერს: “მომავალ წელს საქართველოს პარლამენტში 190 დეპუტატი უნდა ავირჩიოთ, - ნათქვამია ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის წარდგენილ დოკუმენტში, რომელიც, თურმე, იმავე ხელისუფლების თქმით, განხილვას არ ექვემდებარება. გადაუარეს კი არა, ტალახიანი ჩექმებით არ გადაუჯლიგინეს ხალხს? რითი? იმით, რომ ჭეშმარიტი დემოკრატიის ქვეყანაში, თუ რაიმე არ ექვემდებარება განხილვა-გადასინჯვას და უთუოდ უნდა აღსრულდეს, ეს არის ხალხის ნება, რეფერენდუმის გზით გამოხატული (თუ იგი იმავე ხალხმა ისევ რეფერენდუმით არ შეცვალა, ცხადია).”

“ალიას” 26 მაისს დაკავებულთა მიმართ განაჩენის გამოტანის პროცედურაზე უყვება ინკოგნიტო წყარო, რომელიც, გაზეთის თანახმად, მოქმედი მოსამართლეა: “ამაზე ლაპარაკს კი ერიდებიან, მაგრამ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან ერთი მოსამართლე შემხვდა შენობის გარეთ და მითხრა, ისე ვასამართლებდი, რომ სახეზე არ ვუყურებდი, გული მიწუხდაო... ძალიან დაქანცული იყო, ორი საათის განმავლობაში 80 კაცს გამოვუტანე გადაწყვეტილებაო”, - უთქვამს ინკოგნიტო წყაროს “ალიასთვის”.
XS
SM
MD
LG