Accessibility links

logo-print

გენოციდის მსხვერპლთა უკვდავსაყოფად


პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის სხდომა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის სხდომა

1 ივლისს, საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის დადგენილების პროექტს ”რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ გენოციდის მსხვერპლთა უკვდავყოფის შესახებ”. პროექტის თანახმად, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მთავრობას სამოქმედო გეგმის შემუშავების წინადადებით მიმართავს. სამოქმედო გეგმა, თავის მხრივ, საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრისა და ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის შექმნას გულისხმობს.
შესაძლებელია, რომ გამარჯვებული იყოს ისეთი პროექტი, სადაც ქართველებიც და ჩერქეზებიც ერთად მონაწილეობენ...

საქართველოს პარლამენტმა რუსეთის იმპერიის მიერ რუსეთ-კავკასიის ომის დროს ჩერქეზი ხალხის გენოციდი მიმდინარე წლის 20 მაისს აღიარა. გენოციდის აღიარებიდან თითქმის თვე-ნახევრის თავზე, სავარაუდოდ, დამტკიცდება გენოციდის მსხვერპლთა უკვდავსაყოფად შექმნილი გეგმა და ჩერქეზული კულტურის ცენტრისა და გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდება. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ სასურველია კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა მიენიჭოს:

”ჩემი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს საერთაშორისო კონკურსი, რომელში მონაწილეობის მიღებაც შეეძლებათ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, სხვადასხვა არქიტექტორს, მოქანდაკეს, მათ შორის - თვით ჩერქეზებსაც. შესაძლებელია ასევე, რომ გამარჯვებული იყოს ისეთი პროექტი, სადაც ქართველებიც და ჩერქეზებიც ერთად მონაწილეობენ.”

თუ 1 ივლისს საქართველოს პარლამენტი მიიღებს დადგენილებას გენოციდის მსხვერპლთა უკვდავყოფის შესახებ, მაშინ საქართველოს პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ინტერაქციით გადაწყვეტს, სად შეიძლება აიგოს მემორიალი და სად აშენდეს მუზეუმი, ამბობს ნუგზარ წიკლაური. ჩერქეზთა კონგრესის წარმომადგენელი საქართველოში ანდრო გაბისონია კი ფიქრობს, რომ მემორიალი და კულტურის ცენტრი საქართველოს შავიზღვისპირეთში განთავსდება:
ეს იქნება სიგნალი აფხაზეთთან მიმართებაში, რათა შეხედონ და თავიანთი რეალური როლი დაინახონ...

”არსებობს რამდენიმე ვარიანტი - ლაპარაკი არის ანაკლიაზეც, ლაპარაკი არის ბათუმზეც. ან რომელიმე სხვა ადგილი. ჩემი პირადი აზრია და თვითონ ჩერქეზებიც იქითკენ იხრებიან, რომ ანაკლია იყოს, რადგან აფხაზეთთან ახლოს არის. ეს იქნება სიგნალი აფხაზეთთან მიმართებაში, რათა შეხედონ და თავიანთი რეალური როლი დაინახონ.”

აფხაზეთის გარდა, გენოციდის მსხვერპლი ჩერქეზების მემორიალის მშენებლობით საქართველოს პარლამენტი სიგნალს გზავნის რუსეთსა და სრულიად კავკასიაში. ნუგზარ წიკლაური, მაგალითად, ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით დაწყებულ პროცესს კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის დამკვიდრების მცდელობად აფასებს. იგი ამბობს, რომ საქართველო კავკასიაში ჩვეულ - კავკასიის პოლიტიკური და კულტურული ცენტრის - ფუნქციას იბრუნებს:
ნუგზარ წიკლაური

”ჩვენი მიზანი, რომ ჩვენი ერთობა ყოფილიყო ალტერნატივა იმ რეტროგრადული მეთოდებისათვის, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება იყენებს ჩრდილო კავკასიაში, აღმოჩნდა, რომ არის მისაღები ყველა კავკასიელი ხალხისათვის. ამიტომ საქართველო დგამს ძალიან დიდ ნაბიჯს წინ და ეს არის ახალი გეოპოლიტიკური რეალობის დაბადება კავკასიის რეგიონში. და მიგვაჩნია, რომ ამ საწყის ნაბიჯს მოჰყვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის იდეის დანერგვისათვის იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი.”

ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ ხალხებთან ურთიერთობის მოწესრიგებაში ჩერქეზთა გენოციდის აღიარების პოზიტიურ როლზე ყურადღება მამუკა არეშიძემაც გაამახვილა. თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან 20 მაისს აღნიშნა, რომ ამ პროცესს თან სდევს მინუსებიც, ერთი მხრივ, რუსეთის გაღიზიანების, მეორე მხრივ კი, იმ კუთხით, რომ ჩერქეზების გარდა ანალოგიურ მდგომარეობაში კავკასიის სხვა ხალხებიც არიან. მამუკა არეშიძის აზრით, სომხების გენოციდის აღიარება საქართველოში გეოპოლიტიკური სურათის შეცვლასა და აზერბაიჯანსა და თურქეთთან დაპირისპირებას ნიშნავს.
კავკასიელები არიან ღირსნი თავისუფლების, კავკასიელებს უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან ისეთივე ურთიერთობა, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებს...

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი კი ამბობს, რომ ორგანიზაციამ იმავე ჩერქეზების გენოციდი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახლა კი არა, წლების წინ აღიარა. ზაალ კასრელიშვილი ფიქრობს, რომ დროა კავკასიაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას:

”კავკასიელები არიან ღირსნი თავისუფლების, კავკასიელებს უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან ისეთივე ურთიერთობა, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებს. ჩვენ ურთიერთის ჭირიც უნდა გავიზიაროთ, დახმარების ხელიც უნდა გავუწოდოთ გაჭირვების დროს და უნდა ვითანამშრომლოთ კიდეც არა მარტო ეკონომიკურ საკითხებში, არამედ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებშიც.“

რაც შეეხება ჩერქეზთა მემორიალს, ზაალ კასრელიშვილი კიდევ უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ კავკასიის მასშტაბით ყველა კავკასიური ომის მემორიალი უნდა გაიხსნას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG