Accessibility links

logo-print

ოპოზიციური ”ექვსეული” სამოქალაქო სექტორთან ერთად ბრძოლას გააგრძელებს


”ექვსეულის” შეხვედრა მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან

”ექვსეულის” შეხვედრა მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან

ოპოზიციური „რვიანის“ წევრი ექვსი პოლიტიკური პარტია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით წამოწყებულ ბრძოლას აგრძელებს. 30 ივნისს სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მომავალი სტრატეგიის დაგეგმვის მიზნით ”ექვსეული” არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ოპოზიციური ”ექვსეული” პლუს სამოქალაქო საზოგადოება - ამ ძალის აქტიურობის შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოება იძულებული გახდება ხელისუფლებაზე ზეწოლა გააძლიეროს - ასე ხედავენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთობლივ თანამშრომლობას. 30 ივნისის შეხვედრაზე პირველი სამიზნეც გამოიკვეთა - მედია. ”თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეკრებილ საზოგადოებას, პირველ რიგში, სწორედ მედიაში შექმნილი ვითარების შეცვლისაკენ მოუწოდა:
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავზარდოთ წნეხი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე...

”როგორ საარჩევნო სისტემაზეც უნდა შევთანხმდეთ, თუ არ გვექნა საშუალება ნაციონალური ტელევიზიებით ობიექტურად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი საზოგადოებამდე, ბუნებრივია, საზოგადოება დარჩება ისეთივე არაინფორმირებული, - და განსაკუთებით რეგიონებზე მაქვს საუბარი, - როგორიც დღეს არის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავზარდოთ წნეხი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, რომ ის გახდეს ბევრად უფრო შეცვლილი პოლიტიკის მატარებელი მედიასაშუალება.”

ალასანიამ პოლიტიკური პარტიების სამომავლო ინტეგრაციაზეც გაამახვილა ყურადღება. მან თქვა, რომ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, ისინი ერთიანი გუნდით წარდგნენ საზოგადოების წინაშე:
ირაკლი ალასანია

”ჯერ, ცხადია, ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რა ფორმის იქნება ეს ერთიანი პოლიტიკური ძალა, მაგრამ ჩვენ ბევრს ვფიქრობთ ამ ინტეგრაციაზე. ჩამოყალიბებული ვართ იმაზე, რომ არჩევნებამდე და მერეც ვფიქრობთ სერიოზულ პოლიტიკურ ინტეგრაციას.”

„სამოქალაქო მოძრაობა სამართლიანი არჩევნებისათვის” - ეს სლოგანი, გეგმა და ტაქტიკა არ შეცლილა, აცხადებს კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური:

”ჩვენ უნდა გადავიდეთ აქტიურ ფაზაზე. სხვა შემთხვევაში საზოგადოება იფიქრებს, რომ ის პოლიტიკური პროექტი, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ჩიხშია შესული. ზოგი ჭირი მარგებელია: ის ძალები, რომლებიც აბრკოლებდნენ პოლიტიკურ „რვიანში“ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, სხვაგან არიან და ჩვენც ხელ-ფეხი მეტად გვაქვს გახსნილი.”

„ქართული აკადემიიის“ წევრი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ არ დათანხმდე ხელისუფლების ულტიმატუმს ნიშნავს გახსნა ახალი ფრონტი. და ეს ფრონტი უკვე გახსნილია:
საჭიროა პოლიტიკური ტემპერატურის ძალიან მაღლა აწევა, რომ ხელისუფლებამ იფიქროს: არ ღირს ვითარების გამწვავება და არეულობა და ჯობს დიალოგი...

”აი, ამ ფრონტს როგორ გახსნიან, რამდენად დაარწმუნებენ საზოგადოებას, რომ ის არის მეშვიდე მონაწილე ამ პროცესებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათი ადრესატი არის საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლება ამ ძალებს აღარ დაელაპარაკება, თუ ამის აუცილებლობა არ დადგება. და აუცილებლობა რომ დადგეს, საჭიროა პოლიტიკური ტემპერატურის ძალიან მაღლა აწევა, რომ ხელისუფლებამ იფიქროს: არ ღირს ვითარების გამწვავება და არეულობა და ჯობს დიალოგი...”

”ექვსეულთან” შეხვედრაზე მივიდა გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი, კონფლიქტოლოგი გია ვოლსკიც, რომელიც წინა, 7 ივნისის, შეხვედრასაც ესწრებოდა - ჯერ კიდევ დაუშლელ „რვიანთან“. ექსპერტი ფიქრობს, რომ „რვიანში“ დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს ჯერ კიდევ აქვთ რესურსი და მათ აქტიურობაზეა დამოკიდებული, მათ მიმართ საზოგადოების ნდობა შენარჩუნდება თუ არა.

”ექვსეული” სამოქალაქო საზოგადოებას სამუშაო ჯგუფების შექმნას და, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონებში გასვლასა და ხალხთან შეხვედრასაც სთავაზობს. ძალიან მნიშვნელოვანია, აცხადებენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომ ხალხს სიმართლე მათთვის ავტორიტეტულმა ადამიანებმა უთხრან.
XS
SM
MD
LG