Accessibility links

logo-print

მოსალოდნელი პროვოკაცია თუ გაეროს რეზოლუციის შიში?


ცხინვალი

ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოსური მედიით დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მათი ინფორმაციით, ოფიციალური თბილისი სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ფართომასშტაბიან პროვოკაციას გეგმავს.

„ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად ქართული სპეცსამსახურები ქართულ-ოსური საზღვრის დევნილების მიერ არასანქცირებულ მასობრივ გადაკვეთას გეგმავენ. აქცია იმისთვის არის ჩაფიქრებული, რომ ოსური მხარე აიძულონ გამოიყენოს ძალა, რაც ქართული და დასავლური მედიასაშუალებების მიერ ფართოდ გაშუქდება. თბილისში ფიქრობენ, რომ ფართომასშტაბიანი პროვოკაცია სააკაშვილის რეჟიმს პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს, საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმირების თვალსაზრისით“, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

მურად ჯიოევის უწყება, აქციის განხორციელების შემთხვევაში, მოსალოდნელ შედეგზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. ოსური მხარე ინფორმაციის წყაროებს არ ასახელებს.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, ბორის ჩოჩიევს, რომელმაც ამ განცხადების კომენტირებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მივლინებაშია და არაფერი იცის, თუმცა გუშინ მან პროგრამა „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის გამო, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნების უფლებას აღიარებს, უკმაყოფილება გამოთქვა. მისი აზრით, გაეროს რეზოლუცია ჟენევის მოლაპარაკებისთვის დიდი დარტყმა იქნება.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას უკავშირებს. მისი თქმით, ოსური მხარე შეშფოთებულია საერთაშორისო მხარდაჭერით, რომელიც საქართველოს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გამოუცხადეს. ამიტომ მან საერთაშორისო ზეწოლის პირობებში ოსური მხარის მიერ პროვოკაციების მოწყობა არ გამორიცხა.

მხარეები ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობისა და ვითარების დაძაბვის მცდელობაში ადანაშაულებენ. ორივე მხარე ვარაუდობს, რომ ეს დე ფაქტო რესპულიკის საზღვრების სიახლოვეს მოხდება. ურთიერთბრალდებები კი დაემთხვა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებას, რეზოლუციისა, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შინ დაბრუნების უფლებას აღიარებს.
XS
SM
MD
LG