Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო კმაყოფილია გაეროს რეზოლუციით


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კმაყოფილია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუციით, რომელიც კვლავ აღიარებს ყველა დევნილის უფლებას დაბრუნდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 57-მა ქვეყანამ 13-ის წინააღმდეგ, 75-მა კი, თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ რუსეთი და სომხეთი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შარშანდელთან შედარებით მხარდამჭერ ქვეყნებს კიდევ შვიდი შეემატა, მოწინააღმდეგეთა რაოდენობა კი, ოთხით შემცირდა. ”რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის პოზიტიური დინამიკა ადასტურებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მზარდ გაცნობიერებას იმ ჰუმანიტარული კატასტროფისა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ძალადობრივი დემოგრაფიული ცვლილებების შედეგად შეიქმნა”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა რეზოლუციის მხარდამჭერ ყველა სახელმწიფოს და სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ რუსეთი ამჯერადაც შეეცადა დევნილთა საკითხის პოლიტიზებას და საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნებას, რომ მათ არა აქვთ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება.
XS
SM
MD
LG