Accessibility links

logo-print

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა ხარჯების დაზოგვის ბოლო გეგმაც


საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა მეორე, ბოლო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრ შემცირებას, რაც საჭიროდ ცხადდება უცხოეთიდან დახმარების მისაღებად და დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. დამტკიცებული გეგმით, უნდა დაიზოგოს 28 მილიარდი ევრო საბიუჯეტო ხარჯების შემცირების, გადასახადების გაზრდის, პრივატიზაციის მეშვეობით. მას შემდეგ, რაც ათენის ცენტრში ორი დღე გაგრძელდა საპროტესტო აქციები, რომლებსაც შეტაკებები ახლდა, და საბერძნეთი ასევე ორდღიანმა საყოველთო გაფიცვამ მოიცვა, ვითარება, როგორც ჩანს, სტაბილიზაციის გზას ადგას. გუშინ საბერძნეთის პარლამენტის წევრების უმრავლესობა - 155 კანონმდებელი მიემხრო საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვას, რომლის პროგრამაც მათ პრემიერ-მინისტრ გეორგიოს პაპანდრეუს მთავრობამ შესთავაზა. ევროკავშირმა, რომლის წევრებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად აფინანსებენ საბერძნეთის დასახმარებლად განკუთვნილ ფონდს, შეაქო ამ ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG