Accessibility links

ვისია „აზერფონი“?


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილები ლეილა (მარჯვნივ) და არზუ ალიევები

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილები ლეილა (მარჯვნივ) და არზუ ალიევები

აზერბაიჯანში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წარმატებული ფირმაა სატელეკომუნიკაციო კომპანია “აზერფონი”, რომელიც ბაქოშია დაფუძნებული და ბრენდ “ნარის“ სახელითაა ცნობილი. კომპანია 2007 წლის მარტის მერე არსებობს. ის დაახლოებით 1.7 მილიონ აბონენტს ემსახურება და ქვეყნის ტერიტორიის 80 პროცენტს ფარავს. „აზერფონი“ ერთადერთი პროვაიდერია, რომელიც 3G-ის, მესამე თაობის აპარატების მომსახურებას, ანუ მონაცემთა სწრაფად გაგზავნის საშუალებას, სთავაზობს აზერბაიჯანის მოქალაქეებს. აპრილში კასპიის რეგიონისა და ევროპის ინტეგრაციის ბიზნესკლუბში, რომლის საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევია, “აზერფონი” “წლის მობილურ ოპერატორად” დაასახელეს. “აზერფონის“ საბჭოს თავმჯდომარეს ჯუნეით თურქთანს ქვეყნის კომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრმა ალი აბასოვმა პირადად მიაგო პატივი. საქმე ისაა, რომ კომპანიის დაარსებიდან მისი მფლობელების საკითხი იდუმალებითაა მოცული.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის მიერ ახლახან ჩატარებული გამოძიების შედეგად, ირკვევა კავშირები “აზერფონის“ მთავარ აქციონერებსა და პრეზიდენტ ალიევის ქალიშვილებს შორის.

ალიევის ოჯახი წარსულში მრავალ საეჭვო ბიზნესგარიგებასთან იყო დაკავშირებული. პრეზიდენტის ოჯახი, კომპანია “ეს-დაბლიუ ჰოლდინგს” აკონტროლებს, რომელმაც მრავალი მომგებიანი ფირმა - მათ შორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსდებული “აზალის“ ავიახაზები - შეისყიდა.

2010 წლის მარტში იუწყებოდა “ვაშინგტონ პოსტი”, ალიევის სამი შვილი დუბაიში 75 მილიონი დოლარის ოდენობის უძრავი ქონების ოფიციალური მფლობელიაო. ქვეყნის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა და მისი ორი ქალიშვილი კი ქვეყნის რამდენიმე უმსხვილეს ბანკს მართავენ.

2006 წელს, როდესაც კომუნიკაციების სამინისტრომ “აზერფონის“ დაარსების შესახებ გამოაცხადა, კომპანიის მეპატრონედ გერმანიის “სიმენსი“ დ რამდენიმე დასავლური კომპანია დაასახელა. ეს ფაქტი სამინისტრომ გასული წლების განმავლობაში არაერთხელ დაადასტურა.

თუმცა “სიმენსის” პრესსპიკერმა მონიკა ბრიუკლმაიერ-ლანგენდორფმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი კომპანია არასოდეს ყოფილა “აზერფონის“ ან აზერბაიჯანის სხვა მობილური ოპერატორი კომპანიის მეწილე.
ფინეთის კომპანია “ნოკია სიმენს ნეტვორკმაც” უარყო, რომ კომპანია “აზერფონის“ აქციების მფლობელია. კომპანია არასოდეს ფლობდა “აზერფონის“ აქციებსო, თქვა „ნოკიას“ წარმომადგენელმა, ანა ლეჰტირანტამ. კომპანიის პოლიტიკა კლიენტების აქციების შესყიდვას არ ითვალისწინებსო, აცხადებს ის.

როდესაც რადიო თავისუფლებამ კომუნიკაციების სამინისტროს „სიმენსის“ წარმომადგენლის ნათქვამი გააცნო, სამინისტროს პრესსპიკერმა კვლავ გაიმეორა, რომ „სიმენსი“ “აზერფონის” აქციებს ფლობდა. “აზერფონის“ პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას უარი განუცხადა კომპანიის აქციონერების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. მან თავი შეიკავა კომპანიის საერთო შემოსავლებისა და გადასახადების საკითხზე კომენტარისგანაც.

თუმცა აზერბაიჯანის საგადასახადო უწყებიდან რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, (რეგისტრაციის ნომერი 1105-თ13-3906) “აზერფონი” პანამაში რეგისტრირებული სამი კომპანიის, ასევე სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციაში, საგადასახდო „სამოთხეში“ რეგისტრირებული კიდევ ერთი ფირმისა და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი “აზტელეკომის“ საკუთრებას წარმოადგენს. ეს უკანასკნელი “აზერფონის“ 10 პროცენტის მფლობელია, ხოლო სენტ კიტსისა და ნევისის კომპანია “სელექს კომუნიკეიშენს” 18 პროცენტი ეკუთვნის. “ჰაგსონ მენეჯმენტი”, “გლადვინ მენეჯმენტი” და “გრინელ მენეჯმენტი” პანამაში რეგისტრირებული სამი კომპანიაა, თითოეულს „აზერფონის“ 24 პროცენტი ეკუთვნის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი


ბაქოში დაარსებული ანტიკორუფციული ფონდის თავმჯდომარის ვასიფ მოვსუმოვის განცხადებით, კომპანიაში გამჭვირვალობის ნაკლებობა ბევრ ეჭვს ბადებს. ოვსიმოვის განცხადებით, “როდესაც სახლმწიფოს ორი უწყება კომპანიის მფლობელების შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას იძლევა, ხოლო თავისთავად კომპანია არ არის გამჭვირვალე, დიდია ალბათობა, რომ ის თავის საქმიანობაში კორუფციულ პრაქტიკას მიმართავდეს“.

საერთაშორისო ანტიკორუფციული კომპანიის წარმომადგენლები ყოველთვის თვლიდნენ, რომ თუ ოფშორული კომპანიები „საგადასახადო სამოთხედ“ წოდებულ ქვეყნებში აარსებენ ფირმებს, ამის მიზანი კომპანიის მფლობელებისა და არალეგალური საქმიანობის დამალვა, კორუფცია და ფულის გათეთრებაა. პანამის სახელმწიფო რეესტრი იქ დარეგისტრირებული, სავარაუდოდ, „აზერფონის“ მფლობელი სამი კომპანიის შესახებ მხოლოდ მოკლე ინფორმაციას იძლევა, რომლის თანახმადაც, ლეილა ალიევა, პრეზიდენტ ალიევის 25 წლის უფროსი ქალიშვილი, კომპანია “გლადვინისა“ და “გრინელის“ პრეზიდენტადაა გატარებული. ორივე შემთხვევაში, არზუ ალიევა, ილჰამ ალიევის 22 წლის მეორე ქალიშვილი, კომპანიის ხაზინადარია. “ჰაგსონის“ შემთხვევაში, როლები იცვლება: არზუ გაფორმებულია კომპანიის პრეზიდენტად, ლეილა კი ხაზინადარად. სამივე კომპანიის საწყისი კაპიტალი 10.000 აშშ დოლარია. მათ საბუთებში ჩაწერილია შვეიცარიელი ბიზნესმენის, ოლივიე მესტელანის გვარი, როგორც ხაზინადარისა. ის, გავრცელებული ინფორმაციით, ალიევების ოჯახთანაა დაკავშირებული.

ლეილა ალიევას მიერ მოსკოვში გამოცემულ ჟურნალ “ბაქოს” თანახმად, მესტელანი “არტ-კოლექციონერი” და მეცენატია. ის ბაქოში “კიჯიკ ქალ-ართ” გალერეის მფლობელი და ფონდ “არტ ექს ისტის“ დამფუძნებელია. ჟურნალ “ბაქოს“ თანახმად, ის იურისტია, რომელსაც აზერბაიჯანში იცნობენ, და წელიწადში რამდენჯერმე ბაქოს სტუმრობს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში “კიჯიკ არტ გალერეამ” განაცხადა, რომ მესტელანი თავის საქმიანობაზე კომენტარს იძლევა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ეკონომიკის ხელშეწყობის“ ხელმძღვანელის, სოხრაბ ისმაილოვის კომენტარი: „პანამაში ან სხვა ოფშორულ ზონაში ფირმის რეგისტრაციაზე და საქმიანობის აზერბაიჯანსა თუ სხვა ქვეყანაში წარმართვაზე შეზღუდვა არ არსებობს. ინტერესს ის იწვევს მხოლოდ, რომ „აზერფონის“ მფლობელები პრეზიდენტის ოჯახის წევრები არიან“. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ალიევის ოჯახთან დაკავშირებულ ბიზნესჰოლდინგის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა.

2005 წელს აზერბაიჯანში მიღებული კანონის თანახმად, ხელისუფლების უმაღლესი პირები, მათ შორის, პრეზიდენტი ვალდებულია, პირადი და ოჯახის აქტივების დეკლარაცია წარმოადგინოს. პრეზიდენტ ალიევს ასეთი ანგარიში არასოდეს გამოუქვეყნებია. აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აგრეთვე უარი განაცხადა რადიო თავისუფლებისთვის შესაბამისი მასალების მოწოდებაზე.

“აზერფონის“ თაობაზე სხვა კიდევ ბევრი უპასუხო შეკითხვა არსებობს. ეკონომიკური ინიციატივების მხარდამჭერი ცენტრის დირექტორი, როვშან აგაევი, აცხადებს, რომ “აზერფონი” Aაზერბაიჯანის ბაზარზე 2001 წელს მიღებული იმ კანონის დარღვევით შევიდა, რომელიც სალიცენზიო ტენდერს ითვალისწინებდა. ქვეყანაში საქმიანობის იურიდიული უფლებების მოსაპოვებლად კომუნიკაციების კომპანიებმა, ტენდერში მონაწილეობით, ტექნიკური და საინვესტიციო მონაცემები უნდა წარადგინონ. “მობილური კავშირის არც ერთ კომპანიას არ მიუღია მონაწილეობა ტენდერში. როდესაც 1995 წელს “ბაქსელი”, ხოლო 1997 წელს “აზერსელი” ბაზარზე შემოვიდა, შეძენის შესახებ კანონი ჯერ არ იყო მიღებული. მაგრამ 2006 წელს, როცა “აზერფონი” ბაზარზე გამოჩნდა, ეს პროცედურა სავალდებულო იყო“, - ამბობს აგაევი.

აგაევის თქმით, კომუნიკაციების სამინისტრომ, „აზერფონის“ ტენდერის გარეშე ბაზარზე შემოყვანით, კანონი დაარღვია. ამას გარდა, ბევრ კითხვას ბადებს მონოპოლიის საკითხი „3G“-ის სფეროში. “აზერფონის“ კონკურენტმა კომპანიამ, “აზერსელმა”, რომელსაც ბევრად მეტი აბონენტი ჰყავს, ბოლო წლებში არაერთხელ გააკეთა განაცხადი „3G“ მომსახურების შეთავაზების მოსაპოვებლად, მაგრამ კომუნიკაციების სამინისტრო არ აკმაყოფილებდა მის მოთხოვნას. “აზერფონმა“ კი ლიცენზია ტენდერის გარეშე მოიპოვა. ოსმან გუნდუზი, საინტერნეტო ფორუმის პრეზიდენტი, იხსენებს:

„ყველასთვის მოულოდნელად ცხადი გახდა, რომ „3G“ ტექნოლოგია „აზერფონს“ გადასცეს. მთელ მსოფლიოში ოპერატორისთვის ამ ტექნოლოგიის გადაცემის პრაქტიკა ტენდერის ან აუქციონის ჩატარებას ითვალისწინებს, ვინ შესთავაზებს მეტ ფულს. ან სახელმწიფო თვითონ ცდილობს დაადგინოს, რომელი ოპერატორია მისთვის სასარგებლო, მაგალითად, მსოფლიო ბაზარზე მოცულობის მიხედვით. მსგავსი არაფერი მომხდარა „აზერფონთან“ დაკავშირებით. ეს პირობები მათ არ შეუსრულებიათ.“

ხადიჯა ისმაილოვა, ოქროპირ რუხაძე

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG