Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”არგენტინული პიტბული” ბათუმში


კვირას ბათუმში, კაფე-ბარ ”ვინილში” გამომცემლობა ”სიესტამ” სანდრო ნავერიანის წიგნის, ”არგენტინული პიტბულის”, პრეზენტაცია მოაწყო. აქვე წარმოადგინეს ”სიესტას” ახალი პროექტი - ”ჩართული სიტყვა”.

გამომცემლობა „სიესტამ“ ქართულ ლიტერატურულ სივრცეში ელექტრონული წიგნის დანერგვა დაიწყო. გამომცემლობა ლიტერატურულ კონკურსზე პრემიის დაწესებას გეგმავს. პრემიის სახელწოდებაა “ჩართული სიტყვა.” კონკურსში მონაწილეობის ნებისმიერ მსურველთაგან მონაწილეებს შესაბამისი ჟიური შეარჩევს, შედეგები კი სექტემბერში გახდება ცნობილი.
ამ წიგნში არ არის გათვალისწინებული რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს წიგნი არ არის მორფინისტებზე, მათხოვრებზე, ”მარშრუტკის“ მძღოლებზე - ამითაა განსხვავებული...

ბათუმში, ალტერნატიულ კაფე-ბარად ცნობილ ”ვინილში”, სიესტას ეს ახალი პროექტი პოეტმა ალექსი ჩიღვინაძემ წარადგინა. ალექსიმ ისაუბრა სანდრო ნავერიანის წიგნზეც. ”არგენტინული პიტბულის” პრეზენტაცია ბათუმამდე ჯერ თბილისში, შემდეგ ქუთაისში მოეწყო.

სანდრო ნავერიანმა გვითხრა, რომ კრებულის ყველაზე ახალი მოთხრობა სამი წლის წინ დაწერა. ვამბობთ ”მოთხრობა”, თუმცა ამ კრებულში შესულ ნაწარმოებებს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ”წერილი-ფანტაზიები”, თუ გნებავთ, ”კომენტარი-ფანტაზიები”.. გაგახსენებთ, რომ წიგნის გამოცემამდე სანდრო ნავერიანი ჟურნალ ”ცხელ შოკოლადთან“ თანამშრომლობდა, ახლა კი ჟურნალ ”ტაბულას” ერთ-ერთი ბლოგერია. პუბლიცისტიკა, კრიტიკული წერილები და კომენტარები ”შავი იუმორით”, თვითირონიით, მოულოდნელი გადასვლებით სანდრო ნავერიანის სტილია და ამ სტილს განსაკუთრებით კარგად იგრძნობთ, თუკი ”არგენტინულ პიტბულში” შესულ ჩანაწერებს წაიკითხავთ... თუმცა ”პუბლიცისტიკაც” პირობითად ვუწოდეთ. აბა, როგორაა პუბლიცისტიკა, როცა ავტორი რეალობაზე მსჯელობას ერიდება - ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ერიდება იმ რეალობას, რომელიც ქართული მედიის, ლიტერატურის, ხელოვნების სივრცეშია დამკვიდრებული. თავადაც ასე გვითხრა ბათუმში, წიგნის პრეზენტაციაზე.
ერთადერთი მოთხრობაა „რევოლუციონერი“, რომლის გმირები არიან ქართველები...

„ამ წიგნში არ არის გათვალისწინებული რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს წიგნი არ არის მორფინისტებზე, მათხოვრებზე, ”მარშრუტკის“ მძღოლებზე - ამითაა განსხვავებული... და კიდევ იმით, რომ ერთადერთი მოთხრობაა „რევოლუციონერი“, რომლის გმირები არიან ქართველები”, - გვითხრა სანდრო ნავერიანმა.

დიახ, გამომცემლობა ”სიესტას” ამ ახალ წიგნში არ არის დაკონკრეტებული სად ხდება მოქმედება, თუმცა ასოციაციები ჩვენს რეალობასთან ყველა ჩანაწერში ჩნდება. ასეთი ასოციაციები კიდევ უფრო საინტერესოს ხდის კითხვის პროცესს. სხვათა შორის, ”ვინილში” გამართულ პრეზენტაციაზე სანდრო ნავერიანმა თავად გვითხრა, ”არგენტინული პიტბული” კარგი საკითხავი წიგნია, ცოტა დეტექტივსაც ჰგავსო. საერთოდ, კინოს გავლენა სანდრო ნავერიანის წერის სტილზე ძალიან დიდია. ვიზუალური სახეების სიჭარბე ყველა ნოველაში იგრძნობა - თანაც ისე, რომ ამ სახეების მასშტაბები, მათი ”სიახლოვე” და ”სიშორე” მუდმივად იცვლება.

პრეზენტაცია ბათუმში მხიარულად დასრულდა. სანდრო ნავერიანმა და ალექსი ჩიღვინაძემ ფრაგმენტები წაიკითხეს წიგნიდან ორ ხმაში, ერთგვარი ”ლიტერატურული დუეტის” სახით, რომელმაც კარგა მაგრად გაამხიარულა საზოგადოება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG