Accessibility links

logo-print

რით განსხვავდებიან ”სპეციალური სუბიექტები” დანარჩენი მოქალაქეებისგან

  • ნინო როდონაია

1 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე ცვლილება. მათ შორის ახალი ნორმა, რომელიც მოქალაქეთა ერთი ნაწილის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს შეეხება.

”თუ ვინმეს ამ ქვეყანაში გაუჩნდება სურვილი, რომ თავს დაესხას პოლიციას, ეს არის გაცილებით უფრო საშიში დანაშაული, ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც პარლამენტის წევრის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. იმიტომ, რომ ეს არის ზოგადად, ქვეყანაში წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედება”, - მსგავსი შეფასება პარლამენტის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსისთვის დასამატებელი ახალი ნორმის პირველი მოსმენით განხილვისას, 21 ივნისს გამოთქვა. თუმცა, ნორმა მხოლოდ პოლიციელებს არ შეეხებოდა და სრული სახით ამ შინაარსის იყო:
ჩვენ ახალი რეგულირებით შემოგვაქვს აბსოლუტურად სპეციალური სუბიექტი...

”პოლიციელის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ან ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.”

ეს ახალი ნორმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწერა მისი თავმჯდომარისა და 3 წევრის ავტორობით. მათგან იმის განმარტება, თუ ვინ არიან სხვები, გარდა პოლიციელებისა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ვეფხვაძემ მოისურვა:

”ყველა 80 000 საჯარო მოხელე თავის ოჯახებით, ყველა ხვდება ამ მუხლის მოქმედების ქვეშ?”

ქრისტიან-დემოკრატ ვიცე-სპიკერს განემარტა, რომ ”ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი” ფართო ცნებაა, ამ შემთხვევაში ”მტკიცების ტვირთი მთლიანად ბრალდების მხარეს გადადის და შესაბამისად, ბრალდება განსაზღვრავს.” ამ განმარტების გარდა, ახალი ნორმის ერთ-ერთმა ავტორმა გიორგი ჩივიაშვილმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევამდე გამომძიებლად და პროკურორად მუშაობდა, დეპუტატებს ასეთი მაგალითი მოუყვანა:

”იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენლის ოჯახის წევრს, ან თავად ამ ხელისუფლების წარმომადგენელს ნებისმიერი ადამიანი მივა და თავში ჩაარტყამს - ძალიან ცუდი მაგალითი მომყავს - ბლაგვ საგანს იმიტომ, რომ თქვენ ხართ ხელისუფლების წარმომადგენელი, დაკვალიფიცირდება ზუსტად ამ მუხლით. იმ შემთხვევაში, თუკი მიზეზობრივი კავშირი იქნება მის საქმიანობასთან.”
როდესაც არის სპეციალურ სუბიექტზე საუბარი, აქ უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა...

ახალი ნორმა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმი მუხლის მეორე ნაწილად უნდა ქცეულიყო, საერთოდ გასაუქმებლად მიიჩნია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. მის მიერ პარლამენტის იურისტი დეპუტატებისთვის გაგზავნილი ერთ-ერთი შენიშვნით, ახალი ნორმა იწვევდა იმავე კოდექსის სხვა მუხლების გადაფარვას, რაც გაუმართლებელია. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს 117-ე და 118-ე მუხლებს, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის კონკრეტულ სასჯელებს ითვალისწინებს. ამასთან, ყველა შემთხვევაში ცალკე დამამძიმელებელ გარემოებადაა მიჩნეული შემთხვევა, როდესაც სხეულის განზრახ დაზიანება მსხვერპლის, ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებას უკავშირდება. მსგავს მუხლებს რომ ახალი ნორმა ვერ გადაფარავს, ეს გიორგი ჩივიაშვილმა ”მარტივი მიზეზით” ახსნა:

”ჩვენ ახალი რეგულირებით შემოგვაქვს აბსოლუტურად სპეციალური სუბიექტი. სპეციალური სუბიექტი გულისხმობს იმას ზუსტად, როდესაც ყალიბდება მუხლი ისე, რომ პოლიციელზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე. შესაბამისად, უკვე ნიშნავს იმას, რომ აქ არის წარმოდგენილი სპეციალური სუბიექტი.”

მსგავსი განმარტებიდან გამომდინარე, სპეციალური სუბიექტები არიან პოლიციელები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები. ახალი ნორმით კი, თუ კვლავ ინიციატორთა განმარტებებს დავეყრდნობით, ამ სუბიექტების დაცვის დამატებითი გარანტიები იქმნება. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა ამბობს, პოლიციისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დანარჩენ მოქალაქეებზე მეტად დაცულნი მანამდეც იყვნენ, რადგან მათ მიმართ გარკვეული დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებად ითვლება და შესაბამისად, სასჯელიც უფრო მკაცრია.
შეიძლება დადგეს არაერთგვაროვანი პრაქტიკაც კი, როდესაც ერთი და იმავე ქმედებისთვის სხვადასხვა მოსამართლეები სხვადასხვა ტიპის სასჯელებს შეარჩევენ...

პოლიციელებისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაცვის გარანტიათა კიდევ უფრო გაზრდის ინიციატორებისთვის მეორე მოსმენისას მისაღები არც ის არგუმენტი აღმოჩნდა, რომ სხეულის დაზიანება შესაძლოა, მეტად, ან ნაკლებად მძიმე იყოს, მათთვის შესაბამისი სასჯელი უკვე არსებობს და ახალი ნორმით ყველა შემთხვევისთვის შვიდიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობის დაწესება არაპროპორციული იქნებოდა. 24 ივნისს, გიორგი ჩივიაშვილის საპასუხო არგუმენტი ამ შემთხვევაშიც ”სპეციალური სუბიექტის” არსებობას დაეფუძნა:

”როდესაც არის სპეციალურ სუბიექტზე საუბარი, აქ უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა. შესაბამისად, უკვე თავის თავში გულისხმობს სანქცია როდესაც გვაქვს ჩვენ შვიდიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, არის სივრცე დარჩენილი მოსამართლისთვის რომ იმსჯელოს ზუსტად აი, ამ ფარგლებში. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვერ დავყოფთ აქ ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხს იმდენად, რამდენადაც უკვე სპეციფიკურია და სუბიექტი არის დაკონკრეტებული.”

კანონმდებლების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასჯელის შესაფერისი ზომის შერჩევა, ბუნებრივია, მოსამართლის ფუნქციაა. თუმცა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა ახალი ნორმის მეორე მოსმენის შემდეგ აღნიშნავდა:
თათული თოდუა

”ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონმდებელს ძალიან დეტალურად უნდა გაეწერა, თუ კონკრეტულ შემთხვევაში რა ტიპის სასჯელების ამორჩევა უნდა შეეძლოს მოსამართლეს. აღნიშნულ ნორმას ეს შესაძლებლობები არ გააჩნია და მოსამართლეებს ანიჭებს ძალიან დიდ თავისუფლებას. შეიძლება დადგეს არაერთგვაროვანი პრაქტიკაც კი, როდესაც ერთი და იმავე ქმედებისთვის სხვადასხვა მოსამართლეები სხვადასხვა ტიპის სასჯელებს შეარჩევენ, ვინაიდან ლიმიტი შვიდიდან ოც წლამდე, ან თავისუფლების უვადო აღკვეთა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ შესაძლებლობას ანიჭებს მოსამართლეს.”
მესამე ნაწილში ცალკე გამოიყო სიცოცხლის მოსპობა და სანქციის სახით განისაზღვრა თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა...

ამასთან, თათული თოდუას განმარტებით, თავად მოქალაქესაც უნდა შეეძლოს იმის ზუსტად წარმოდგენა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის ამა, თუ იმ ქმედებას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების დაკონკრეტების გარდა აუცილებელია, რომ კანონმდებელმა არ დაუშვას გაჩენა ისეთი ნორმებისა, რომელიც არაპროპორციული სასჯელების დანიშვნას გულისხმობს. ასოციაციის და ზოგიერთი დეპუტატის შენიშვნების გათვალისწინებაზე არც პირველი და არც მეორე მოსმენისას კონკრეტულად არაფერი უთქვამთ ცვლილებათა ინიციატორებს. თუმცა, 1 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ცვლილებათა ერთ-ერთმა ავტორმა გიორგი ჩივიაშვილმა მესამე მოსმენისთვის გამოაქვეყნა 353-ე პრიმი მუხლის ახალი ვარიანტი. იმავე დღეს საბოლოოდ დაკანონებული ამ მუხლის ორ ნაწილს მესამეც შეემატა. როგორც გიორგი ჩივიაშვილმა განმარტა:

”მეორე ნაწილში დარჩა მხოლოდ პოლიციელის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა, რომლის სანქციაც განისაზღვრა შვიდიდან თერთმეტ წლამდე. მესამე ნაწილში ცალკე გამოიყო სიცოცხლის მოსპობა და სანქციის სახით განისაზღვრა თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG