Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესის ყურადღება ამ კვირაში მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ამბებისკენ იყო მიმართული - იწერებოდა საბერძნეთის საფინანსო კრიზისზე, ასევე ავღანეთიდან უცხოეთის ჯარების გაყვანის გეგმაზე და სხვა თემებზე.

კვირის დასაწყისში ბრიტანეთის გაზეთი „გარდიანი“ საბერძნეთში საფინანსო კრიზისის გარშემო წერდა და სამომავლო რჩევებს იძლეოდა.

„თუ ევრო, ყველა იმ 17 ქვეყანაში გადარჩა როგორც დოლარის გამაწონასწორებელი, სადაც მას მოიხმარენ, ევროპელებმა უნდა იფიქრონ საერთო ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო სესხებზე. ამასთან, ევროპის ეკონომიკაში წონასწორობაც ახლებურად უნდა იქნეს გაგებული. ბოლო ათ წელიწადში გერმანიამ და საფრანგეთმა, მათი ეკონომიკების ძალიან ნელი ზრდის მიუხედავად, სუსტ ქვეყნებს - ესპანეთს, ირლანდიას, საბერძნეთს, პორტუგალიას - ფული ასესხეს. ჩრდილოეთ ევროპის ბანკებისა და ფირმებისთვის ეს სარგებლის მომტანი იყო, მაგრამ დანარჩენისთვის სავალალო აღმოჩნდა. ევროზონის შენარჩუნებისთვის საჭირო იქნება ზონის შიგნით ექსპორტის გაძლიერება და ცალკეულ ქვეყნებში მოთხოვნილების აქტიურად წახალისება“, - წერს „გარდიანი“.

„ზალცბურგერ ნახრიხტენი“ ამავე თემაზე წერდა, როცა საბერძნეთის პარლამენტს კენჭი უნდა ეყარა სახელმწიფო მომჭირნეობის პროგრამისთვის:

“ევროპა და ევროზონა საბერძნეთის პარლამენტარებზე არიან დამოკიდებული. ეს არ უნდა მომხდარიყო. ევროპაში ყველას დადებითი გადაწყვეტილების იმედი აქვს. ასე შეიძლება დროის მოგება და ამას 12 მილიარდიანი ტრანშის გადარიცხვაც მოჰყვება. მაგრამ რა მოხდება, თუკი კანონმდებლებმა უარი თქვეს? ნიშნავს ეს აკროპოლისთან გამომშვიდობებას, ანუ საბერძნეთის ევროზონიდან გარიცხვას? სრულიადაც არ არის გამორიცხული არც პარლამენტის უარი და არც ევროზონის რღვევის დაწყება", - წინასწარმეტყველებდა ზალცბურგის გზეთი.

უკვე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შვეიცარიაში გამომავალი „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ იუწყებოდა:

„საქმე სწრაფად ვერ გამოსწორდება, რადგან ფართო სტრუქტურული რეფორმებია საჭირო. ამასთან, აუცილებელია განახლება პოლიტიკური სისტემისა, რომელიც პროტექციონიზმს ემყარება. დრო არ ითმენს, რადგან პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობა სულ უფრო და უფრო სუსტდება.“

ავღანეთიდან დასავლეთის ჯარების გამოსვლის გეგმასთან დაკავშირებით ჩინეთში გამომავალი გაზეთი „ჟიეფან ჟიაბაო“ წერს, რომ ოსამა ბინ ლადენის მოკვლის შემდეგ აშშ-ს მიეცა საშუალება ავღანეთის მიმართ სტრატეგია განეახლებინა. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ გამოცხადებული ჯარების ავღანეთიდან გამოყვანის გეგმა დააშოშმინებს ამერიკის მოქალაქეებს, რომელთაგან, ბოლო გამოკითხვებით, 64 პროცენტს ეჭვი ეპარება, რომ ავღანეთის ოპერაციას აზრი აქვსო, წერს გაზეთი, მაგრამ ჯარის გაყვანა სულაც არ ნიშნავს რეგიონიდან სტრატეგიულ წასვლას, რადგან, ამასთან ერთად, პენტაგონმა გამოაცხადა, რომ 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო საჰაერო ბაზებს შექმნის ქვეყნის ჩრდილოეთშიო.

ყათარის გაზეთი, „გოლფ ტაიმსი“, ამავე თემაზე წერს, ომის წარმოება ნიშნავს პოლიტიკური მიზნების გატარებას და არა მტრების ხოცვასო. „ამ თვალსაზრისით აშშ-მა ათწლიანი ომი ავღანეთში წააგო. ვაშინგტონმა ვერ მოახერხა დამთმობი რეჟიმი დაესვა ქაბულში. ამას გარდა, 2001 წლის შემდეგ ამერიკელებმა ავღანეთის აღდგენაში 18 მილიარდი დოლარი ჩადეს, შესამჩნევი წარმატების მიუღწევლადო“, - თვლის ყათარის გაზეთი, “გოლფ ტაიმსი“.

გაზეთები გამოეხმაურნენ საერთაშორისო სასამართლოს მიერ ლიბიის პრეზიდენტის მუამარ კადაფის დაპატიმრების ორდერის გაცემას. ბრიტანეთის „ტაიმსი“ წერდა:

„უგულებელყოფის ნაცვლად, საერთაშორისო სამართლის გამოყენება მომავალ აგრესორებს დააშინებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ კადაფის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება ნიშანია სამართლიანობის და იმ ფასეულობის დადასტურებისა, რომელსაც აშშ და მისი მოკავშირეები იცავენ“.

ჩეხეთის გაზეთი „ლიდოვე ნოვინი“ კრიტიკულია სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ:

„იმისათვის, რომ მეამბოხეებმა ლიბიაში მართლაც გაიმარჯვონ, სამხედრო დახმარება სჭირდებათ. თუ ამას არ მიიღებენ, მათ კადაფის რეჟიმთან მორიგება მოუწევთ. დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ კი მათ მოლაპარაკება დასჭირდებათ საერთაშორისოდ დევნილ დამნაშავესთან. და თუ დასავლეთი ვერ ახერხებს სამხედრო დახმარებას, იმავე მეამბოხეებისთვის უნდა დაეთმო კადაფის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება“.

ბოლოს, ერთი მოკლე ფრაგმენტი დანიურ გაზეთ „პოლიტიკიდან“, რომელიც ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარეობის პოლონეთისთვის ჩაბარებაზე წერს:

„პოლონეთი რამდენიმე საკითხში მიმართავს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ სასურველად მივიჩნევთ. ჯერ ერთი, პოლონეთი არ ეთანხმება ჩვენს მიზნებს კლიმატის სფეროში; მეორეც, პოლონეთს მოსწონს,როცა ევროკავშირი სხვადასხვა სახის საფინანსო დახმარებას იძლევა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პოლონეთს თავმჯდომარის პასუხისმგებლობა თვალებს აუხელს და დაანახვებს, რომ ევროპის მომავალი წარსულში კი არ არის დარჩენილი, წინ არის, ამბიციურ და შორსმჭვრეტელურ რეფორმატორულ პოლიტიკაში. გვახარებს ის, რომ თანამედროვე, დემოკრატიული პოლონეთი გაუძღვება ევროკავშირს. უკვე ეს, თავისთავად, არის ევროპული წარმატება."
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG