Accessibility links

logo-print
ნატო-რუსეთის საბჭოს გასვლით სხდომაზე, რომელსაც 4 ივლისს რუსეთის ქალაქი სოჭი მასპინძლობდა, კვლავაც შეუთანხმებელი დარჩა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებული სადავო საკითხი. უთანხმოებაა სხვა არაერთი საკითხის გარშემოც და ჯერჯერობით მხოლოდ სურვილის დონეზე რჩება ნატო-რუსეთის მტკიცე სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივა. მართალია, საქართველო არ წამოადგენდა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის განხილვის საგანს, მაგრამ საქართველოს მიმართ უცვლელ დამოკიდებულებაზე სოჭში მყოფმა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საგაზეთო ინტერვიუში ილაპარაკა.

შეიძლება ითქვას, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომამ იმ კეთილი მოგონებების თანხლებით ჩაიარა, რომლებიც გასული წლის ნოემბერში ლისაბონში გამართულ ნატოს სამიტს უკავშირდება. რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მონაწილეობით, სწორედ ამ სამიტის ფარგლებში გადაწყვიტეს მხარეებმა, რომ უნდა იმოქმედონ ნამდვილი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად. აქვე იყო მიღწეული შეთანხმება, რომ ნატო და რუსეთი ითანამშრომლებდნენ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნაში. თუმცა ჯერჯერობით, ამ მიმართულებით შედეგის ნაცვლად, წინააღმდეგობის ზრდა უფრო შეიმჩნევა. გავიხსენოთ, რომ სწორედ ამ კონტექსტში გააპროტესტა მოსკოვმა გასულ თვეში შეერთებული შტატების მძლავრი ანტისარაკეტო კრეისერის - ”მონტერეის” (Monterey) - შესვლა შავ ზღვაში და, მათ შორის, ბათუმის პორტში.

დღეს არის საშუალება, რომ განვამტკიცოთ სწრაფვა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობისკენ, რომელიც გახსნიდა გზას ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნების პოზიტიური ურთიერთდამო-კიდებულებისკენ....

სოჭის შეხვედრას წინ უსწრებდა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ რუსეთი ულტიმატუმის წამოყენებასაც კი აპირებდა: თუკი ნატო არ შეუთანხმებს რუსეთს ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტების განთავსების გეგმის დეტალებს, მაშინ რუსეთი არა მხოლოდ განალაგებს საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის საკუთარ სისტემას და გაზრდის შეიარაღებას საზღვრებთან, არამედ გამოეთიშება შეთანხმებას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ, რაც თებერვალში შევიდა ძალაში. ამგვარი ულტიმატუმის შესახებ იტყობინებოდა ორშაბათს გაზეთი ”კომერსანტი”, ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით, და ეს ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა რუსეთის მედიაში.

მართალია, მსგავსი ულტიმატუმით გამოწვეული დაძაბულობა არ შეიმჩნეოდა 4 ივლისის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მაგრამ, როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა სოჭში, ეს არ არის იოლად გადასაწყვეტი საკითხი და მხარეებს კვლავაც მოუწევთ მუშაობა ამ მიმართულებით:

”ეს რთული ამოცანაა და ჩვენ მივხვდით, რომ გვჭირდება კარგი და არა სწრაფი შედეგები... ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ სწორად და უნდა გავითვალისწინოთ ნატო-რუსეთის საბჭოს 29-ვე წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოების გამოწვევები.”

ნატო სავსებით მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში...
ანდერს ფოგ რასმუსენის გარდა, სამომავლო თანამშრომლობის იმედი 4 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც გამოხატა. მან საჭიროდ ჩათვალა განემარტა, რომ, ბოლო სამხედრო დოქტრინის მიხედვით, ნატოს რუსეთი არა ”მუქარად”, არამედ ”საფრთხედ” აღიქვამს - საზღვრებთან მოახლოებისა და, რიგ შემთხვევებში, უკონტროლო მოქმედებების გამო. სერგეი ლავროვმა 4 ივლისს ალიანსის გასაგონად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი შეთავაზებაც გაახმაურა:

”დღეს არის საშუალება, რომ განვამტკიცოთ სწრაფვა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობისკენ, რომელიც გახსნიდა გზას ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნების პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულებისკენ. ურთიერთშეკავების პოტენციალის ორიენტირი უნდა შეცვალოს საერთო პრობლემებზე ეფექტიანმა წინააღმდეგობამ უსაფრთხოების სფეროში.”

თუკი სერგეი ლავროვს მოვუსმენთ, ნატოსა და რუსეთს შორის შეუთანხმებელ საკითხად რჩება ლიბია, სადაც ნატოელი მოკავშირეები მშვიდობის დაცვის მიზნით მოქმედებენ. სწორედ ამ მიზნის არ სჯერა რუსეთს და არ ეთანხმება ნატოს, რომელიც აცხადებს, რომ ის მტკიცედ იცავს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, ნომრით 19.73, და ყველაფერს ლიბიელი ხალხის უსაფრთხო მომავლისთვის აკეთებს. ლავროვის აზრით კი, ამ რეზოლუციის არსი ნატოს ისე ესმის, თითქოს ეს დოკუმენტი ”ნებისმიერს აძლევს ნებისმიერი რამის გაკეთების უფლებას.”

რაც შეეხება საქართველოს, ეს მუდმივი უთანხმოების თემა არ გვხვდება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების ჩამონათვალში, თუმცა ”როსიისკაია გაზეტასთან” ინტერვიუში საქართველოს შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ილაპარაკა. გარკვევით ითქვა, რომ ალიანსი კვლავაც მტკიცედ დგას რუსეთისთვის მეტად უსიამოვნო პოზიციაზე:

”ნატო სავსებით მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ძველებურად მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება.”

საქართველოსთან დაკავშირებული პრინციპული უთანხმოებების გავრცობა აღარ მომხდარა სოჭის შეხვედრის ფარგლებში გაკეთებულ ოფიციალურ კომენტარებში.

უთანხმოებების მიუხედავად, ნატო და რუსეთი ერთმანეთს შემდგომი თანამშრომლობის იმედით დაემშვიდობნენ. ითქვა, რომ ბევრი რამ გაკეთდება ნატოს მომდევნო სამიტამდე, რომელსაც 2012 წლის გაზაფხულზე შეერთებული შტატები და, კერძოდ, ქალაქი ჩიკაგო უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG