Accessibility links

logo-print
რამდენად სერიოზული ძალები იყრის თავს სახელისუფლებო პარტიის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების სახით? შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ შეთანხმებაზე ხელი მოაწერეს: „ქრისტიან-დემოკრატებმა“, პოლიტიკურმა მოძრაობამ „ჩვენ თვითონ“, „ახალმა მემარჯვენეებმა“, ეროვნულ- დემოკრატულმა პარტიამ, დემოკრატიულმა პარტიამ და „მრეწველებმა“. აქვე გეტყვით, რომ შაბათს, 2 ივლისს, ხელმომწერი პარტიები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში შექმნიან კვალიფიციურ სარედაქციო ჯგუფს და ოქტომბრის ბოლოს "შეთანხმების დოკუმენტი" საკანონმდებლო ინიციატივად იქცევა.

პარტიების ნაწილს უნდა რომ კიდევ უფრო მეტი შედეგი მიიღოს, ხელისუფლებას ეპაექროს. ეს მათი ნებაა...
ერთი-ერთი ბოლო, ვინც ხელისუფლების მიერ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად წარმოდგენილ შეთანხმების ტექსტზე ხელი მოაწერა, „მრეწველთა“ პარტია იყო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე, თავისი პარტიის გადაწყვეტილებას შემდეგნაირად ხსნის: ჯერ ერთი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავიდანვე არ გახდა ოპოზიციური „რვიანის“ წევრი იმის გამო, რომ გაერთიანებაში შემავალი პარტიების უმრავლესობის გადაწყვეტილება ყველასათვის სავალდებულო უნდა ყოფილიყო და მისმა პარტიამ დამოუკიდებლად მუშაობა არჩია, ხოლო ხელისუფლების შემოთავაზებაზე იმიტომ დათანხმდნენ, რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ პუნქტებს ძირითადად იზიარებენ:

”ეს არის არასრული სია იმ წინადადებებისა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და, მათ შორის, „რვიანი“ ითხოვდა. არც ერთი წინადადება არ არის იქ ისეთი, რომელსაც „რვიანი“ არ ითხოვდა ან რომელიმე ოპოზიციური პარტია იყო წინააღმდეგი - გინდათ დაფინანსების საკითხი, გინდათ საკონსტიტუციო ცვლილება მანდატების გაზრდის თაობაზე და ა.შ. რატომ გახდა მიუღებელი ეს დღეს? მე კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ეს არის არასაკმარისი, მაგრამ მისაღები, რადგან წინასწარ ამ თემებზე ჩვენ გვქონდა საუბარი.”

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე კი, ამბობს, რომ მისი პარტია ხელისუფლებასთან პაექრობას აღარ აპირებს, მთავარი ახლა პუნქტების ტექსტად ქცევაა:

”პარტიების ნაწილს უნდა რომ კიდევ უფრო მეტი შედეგი მიიღოს, ხელისუფლებას ეპაექროს. ეს მათი ნებაა. ჩვენ, „ახალი მემარჯვენეები“, არავითარ კონკურენტულ-შეჯიბრებითობის პირობებში არ ვიმყოფებით. ჩვენ კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ და ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად დამატებითი ინიციატივით მივმართეთ ხელისუფლებას. მან ეს გაიზიარა და ამ კვირაში სარედაქციო ჯგუფი დაიწყებს მუშაობას, რომელიც შეთანხმების ყველა პუნქტს გადაიტანს ქართულ საკანონმდებლო სივრცეში.”

ძალიან დიდია საზოგადოების ნაწილი, რომელსაც არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ კიდევ უფრო ეშინია ოპოზიციის...
რა განსხვავებაა ე.წ. „ექვსიანსა“ და იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებმაც ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს და რამდენად შეუძლია ამ ახალ პოლიტიკურ ძალას ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას? ამ კითხვაზე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს, რომ ე.წ. „ექვსიანი“ კარდინალურ ცვლილებებს ითხოვს არაკარდინალური გზებით, მოლაპარაკებით, რაც, მისი აზრით, პარადოქსია. ამდენად, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება უფრო ლოგიკურად მიაჩნია:

”თუ არაკარდინალურ ცვლილებებს ვუჭერ მხარს, მაშინ შედეგშიც არ უნდა ველოდო კარდინალურ ცვლილებებს და უნდა ველოდო ხარისხობრივ ცვლილებებს და ისინი დათანხმდნენ ამ ხარისხობრივ ცვლილებებს.”

რამაზ საყვარელიძე ხარისხობრივი ცვლილებების მიღწევის გზებზე საუბრისას იხსენებს ზურაბ ჟვანიას, ნინო ბურჯანაძის, მიხეილ სააკაშვილის სამეულს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს და ამბობს, რომ ისინი ხელისუფლების გუნდში ყოფნის პირობებში მივიდნენ გამარჯვებამდე:

”ისინი შეჰყვნენ პროცესს, რომელსაც დიდად არ ეთანხმებოდნენ, მერე ხელისუფლებაში ყოფნის ბერკეტებით მოიპოვეს გავლენა და მერე ეს გავლენა გამოიყენეს იმისათვის, რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. აი, ლოგიკა.”

სწორედ ასეთი შეყოლის გეგმას ხედავს ის იმ ოპოზიციური პარტიების ქცევაში, რომელთაც ხელისუფლებასთან შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

უკვე წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვად აფასებს ექსპერტი გია ნოდია, შეთანხმებაზე ხელმომწერ ოპოზიციონერთა ქცევას. გია ნოდია ამბობს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ოპოზიციას გაუჭირდებოდა ხელისუფლება დაეყოლიებინა რეალურ ცვლილებებზე და, ამდენად, მოლაპარაკებებზე წასვლა ამჯობინა, თან არარადიკალური ოპოზიციის იმიჯის მორგებით, რადგან ასეთი იმიჯი გარკვეულ ელექტორატზე მუშაობს:

”ძალიან დიდია საზოგადოების ნაწილი, რომელსაც არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ კიდევ უფრო ეშინია ოპოზიციის და მათში ყველაზე მეტად პოპულარული ასე თუ ისე არის „ქრისტიან-დემოკრატები“. ისინი სწორედ იმ ელექტორატზე მუშაობენ, რომელსაც არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ რადიკალიზმის კიდევ უფრო ეშინია და ასეთი ელექტორატი, ჩემი აზრით, საკმაოდ ბევრია.”

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიცია არის ძალა, რომელიც ხელისუფლებასთან ოპონირებას ვერ შეძლებს, მაგრამ ეცდება ერთიან საარჩევნო სუბიექტად ჩამოყალიბდეს და პარლამენტში თუნდაც უმცირესობით მოვიდეს.
XS
SM
MD
LG