Accessibility links

logo-print
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 4 ივლისს ”ქორთიარდ მარიოტში” საზოგადოების წარმომადგენლები შემდეგი დევიზით მიიწვია - „ეთიკური ჟურნალისტიკა სჭირდებათ მოქალაქეებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა“. ეთიკის ქარტია, - აცხადებენ თავად ქარტიის წევრები, - არ შექმნილა მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმა ჟურნალისტმა მეორეს დარღვეულ პრინციპებზე მიუთითოს და პასუხი მოსთხოვოს. ეთიკური ჟურნალისტიკა მედიისგან, პირველ რიგში, სწორედ მისმა მომხმარებელმა - საზოგადოებამ -უნდა მოითხოვოს.
ეთიკური ჟურნალისტიკა რატომ უნდა არსებობდეს და რატომ შეიძლება მან გააძლიეროს ჩვენი მოქალაქეები, ეს თავად მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ...

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველივე მუხლი ამბობს, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ჟურნალისტიკის არაეთიკურობაზე საზოგადოება ხშირად ჩივის, 2009 წლიდან ქარტიის საბჭოში სულ 11-მდე საჩივარია შესული - მათგან ნაწილი ჟურნალისტების, ნაწილიც მოქალაქეების მიერ. ”ქორთიარდ მარიოტში” გამართული შეხვედრის მიზანიც ეს იყო - ქარტიის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს:

”ეთიკური ჟურნალისტიკა რატომ უნდა არსებობდეს და რატომ შეიძლება მან გააძლიეროს ჩვენი მოქალაქეები, ეს თავად მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ. მედია სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მოქალაქე იყოს ძლიერი, იყოს ინფორმირებული, რომ ხვალ მან გააკეთოს სწორი არჩევანი. და თუ ეს ურთიერთკავშირი არ არსებობს მედიასა და საზოგადოებას შორის, ჩვენ ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ან სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდება, ან მედია. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ვიკამათოთ ამ თემაზე და სწორად დავანახვოთ მოქალაქეებს რაში სჭირდებათ ეს”, - ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ჩვენი გადასახადებით ფინანსდება და ჩვენს უფლებებს უნდა იცავდეს, ყოველდღიურად არღვევს ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმფციას...
საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე შენიშნავს, რომ ძალიან ხშირად ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დარღვევის გამო ჟურნალისტები ერთმანეთს უჩივიან. ეს მათთვის არავის აუკრძალავს, გვეუბნება ჩაფიძე, თუმცა სასურველი იქნებოდა, რომ ეს სისტემა უფრო ხშირად მოქალაქეებმა გამოიყენონ. ისინი, ვისაც რომელიმე მედიასაშუალების მიმართ გარკვეული შენიშვნა აქვს, შემდეგნაირად უნდა მოიქცნენ, განმარტავს ელისო ჩაფიძე:

”თუ ვებგვერდიდან ვერ ჩამოტვირთავს განცხადების ფორმას, მოქალაქეს შეუძლია ქარტიის ნებისმიერ წევრთან მივიდეს. ჩვენ მას დავაწერინებთ განცხადებას, რომელშიც მიუთითებს, მისი აზრით, რომელი მუხლია დარღვეული და შემდეგ საბჭო ვალდებულია ხარვეზიც გამოასწოროს და განიხილოს კიდეც ეს სარჩელი.”

ვებგვერდის მისამართია www.qartia.org.ge. ყველა მოქალაქეს, ვინც მიიჩნევს, რომ მისი უფლება დაირღვა, რომ მედიასაშუალებამ სიმართლე არ თქვა ან დაამახინჯა ფაქტები, შეუძლია საჩივარი დაწეროს და მედიას პასუხი მოსთხოვოს - მით უმეტეს, რომ, როგორც ელისო ჩაფიძე აცხადებს, ჟურნალისტების მიერ ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებს უკვე ყოველდღიური ხასიათი აქვს:

”მე, მაგალითად, აპრილში უდანაშაულობის პრეზუმფციასთან დაკავშირებით გავაკეთე მონიტორინგი ხუთ ტელეკომპანიასა და სამ გაზეთზე დაკვირვებით და საოცარი რამ აღმოვაჩინე: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ჩვენი გადასახადებით ფინანსდება და ჩვენს უფლებებს უნდა იცავდეს, ყოველდღიურად არღვევს ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმფციას და დაკავებული მყისვე ხდება მკვლელი, კონტრაბანდისტი, გაყიდული თამაშების მონაწილე და ა.შ.“

თბილისის ქუჩებში ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქართული მედია ნაწილობრივ ეთიკურია:
”არ მომწონს უპატიოსნო ჟურნალისტები. რასაც ხედავენ, ის უნდა მითხრან, არც ნაკლები და არც მეტი.”
”შიგადაშიგ ტყუილებს ურევენ. არის სიმართლეც, მაგრამ 10-15% მაინც ტყუილია.”

თუმცა ჩვენს კითხვაზე, მიმართავენ თუ არა ეთიკის საბჭოს საჩივრით, ასეთი პასუხი აქვთ: ”მაგას დრო უნდა, დევნა, ბოლომდე მიყოლა... მერე იმ ჟურნალისტმა რომ სიმართლე დაწეროს, ის სამსახურს დაკარგავს და ასე... მოკლედ, ძალიან ძნელია”...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG