Accessibility links

logo-print
დღევანდელ პრესაში კვლავაც უხვად არის ინტერვიუები და კომენტარები, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებას შეეხება.

“სიმართლე გითხრათ, ამდენ დათმობასაც არ ველოდი ხელისუფლებისგან”, - ამბობს “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე. მასთან ინტერვიუ “კვირის პალიტრაში” ქვეყნდება: “ახლა მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები აკეთებენ შეფასებებს, თორემ საზოგადოებას არ აინტერესებს საარჩევნო გარემო, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები და არც ოპოზიციაში ამის გამო დაპირისპირება. მათი ინტერესის საგანი სამუშაო ადგილები, შემოსავალი და სოციალური პრობლემებია”, - აცხადებს დავით გამყრელიძე.

“კვირის პალიტრაშივე” “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუში წაიკითხავთ: “ხელისუფლებისთვის პრობლემა "რვიანის" ერთსულოვნება იყო, რაც „ქრისტიან-დემოკრატებმა“ და "ახლებმა" დაარღვიეს. ეს ჩემთვის მიუღებელია.” ამავე ინტერვიუში ალასანია აცხადებს: “ჩვენ გავხდებით „შესანიშნავი შვიდეული“, რომლის მეშვიდე წევრი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კი თვლის, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა “გაბედული ნაბჯი გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდებოდნენ და ათასი რამ დაბრალდებოდათ”.

“ვერსიას” “ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა: “ ‘გრეჩიხა’ ჩვენთან ვერ მოვა, რადგან არ აქვს პარტია, მით უმეტეს, კვალფიციური, და ეს საკითხი ახლავე გავარკვიოთ ისევე, როგორც ის, რომ “ექვსიანის” გაფართოება არ იგეგმება და აქაც წერტილი!”.

“ვერსიაშივე”გაეცნობით უმრავლესობის წევრ პავლე კუბლაშვილის მოსაზრებებს. ის ეთანხმება ჟურნალისტს, რომ მომავალი არჩევნები მოსახლეობას უფრო ძვირი დაუჯდება: “განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ გამარჯვებული პარტიები მილიონს მიიღებენ, მაგრამ ასეთი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არ იქნება, რომელიც, სავარაუდოდ, 5%-იან ბარიერს გადალახავს. მილიონით ჩვენთან ერთად კიდევ 3-4 პარტია დაფინანსდება”, - აცხადებს პავლე კუბლაშვილი “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

გუბაზ სანიკიძე თვლის, რომ “სააკაშვილმა ვერაფრით ვერ გააფორმა დასავლეთის წინაშე ის ამბავი, რომ თითქოს ეს იყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება!.. ხომ ხედავთ, ამერიკის ელჩმაც რა განცხადება გააკეთა: ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი და ყველაფერი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოსო!” - ინტერვიუს გუბაზ სანიკიძესთან “კვირის ქრონიკა” აქვეყნებს.

“ასავალ-დასავალი”, ნინო ბურჯანაძე: “ხელისუფლებამ “რვიანს” ჩაუტარა მასტერ-კლასი! გეტყვით პირდაპირ: ხელისუფლებამ დარჩენილი ექვსი პარტია “გადააგდო“! მართლა გული დამწყდა “ქრისტიან-დემოკრატების” და “ახალი მემარჯვენეების” ამ გადაწყვეტილების გამო.”

“ ‘ექვსეულმა’ ადეკვატურად უნდა შეაფასოს სიტუაცია, იყოს სამოქალაქო მოძრაობის წევრი და არ ჰქონდეს პრეტენზია მისი გაძღოლისა” - ასეთ მოსაზრებას “მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გამოთქვამს.
“მთელ კვირაშივე” სოზარ სუბართან ინტერვიუში “ქართული პარტიის” წევრების დაკავებისა და პატიმრობაშჲ მოპყრობის დეტალებზე წაიკითხავთ. “უფრო მეტი რადიკალიზმი უნდა დავანახვოთ საზოგადოებას, რომ ვიბრძვით რეჟიმის დემონტაჟისთვის და არა პარლამენტში რამდენიმე ადგილისათვის.”
“ახალი თაობა”, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი: “ხელისუფლება უკან დაიხევს ერთადერთ შემთხვევაში - თუ იქნება მასშტაბური საყოველთაო გამოსვლები, რომელიც გადაიზრდება ან გადაზრდის საფრთხე იქნება ეროვნულ დაუმორჩილებლობაში, რომელსაც ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს. დღესდღეობით ამის ნიშნები არ ჩანს იმ გასაგები მიზეზის გამო, რომ ქვეყანაში არის გამეფებული ტერორი.”

“24 საათი” ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ნინო ნაკაშიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ელჩი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, “ახლო ხანში დაიწყება” მოლაპარაკება ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმების შესახებ.
XS
SM
MD
LG