Accessibility links

რატკო მლადიჩი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს


ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო მეთაური რატკო მლადიჩი

ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო მეთაური რატკო მლადიჩი

გაერთიანებული ერების სამხედრო ტრიბუნალზე, ჰააგაში, მოსამართლემ დღეს ოქმში ჩაწერა, რომ ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო მეთაური რატკო მლადიჩი, რომელსაც 11 ბრალდება წაუყენეს, - მათ შორის, გენოციდი, - თავს დამნაშავედ არ ცნობს. მოსმენისთვის ხელის შეშლის აგმო, მოსამართლემ მლადიჩი დარბაზიდან გააძევა.

რატკო მლადიჩს ბრალი ედება სამხედრო დანაშაულებში, რომლებიც 1990-იან წლებში ბოსნიის ომში იქნა ჩადენილი. ბრალდებათა შორისაა გენოციდი, ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში 8000 ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის ხოცვა-ჟლეტა. მოსამართლე ალფონს ორიემ დღეს ოქმში ჩაწერა, რომ ოფიციალურად მლადიჩი თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა მლადიჩს ეს არ განუცხადებია, ის, უბრალოდ, შეკითხვაზე პასუხს თავს არიდებს. მლადიჩი გააძევეს სასამართლოდან, რადგან მან უარი თქვა თავის მართლებაზე და უპასუხოდ ტოვებდა მოსამართლის მიერ დასმულ კითხვებს, ხელს უშლიდა მოსმენას.

“თქვენ არ ხართ სასამართლო!” – ყვიროდა მლადიჩი სასამართლო დარბაზიდან გაყვანამდე.

69 წლის მლადიჩი ადრეც ემუქრებოდა მოსმენას ბოიკოტით. ის დააკავეს და მაისში, 16 წლიანი მალვის შემდეგ, სერბიიდან ჰააგას გადასცეს.

მლადიჩი მოსმენაზე გამომწვევად იქცეოდა, უარი განაცხადა ქუდის მოხდაზე, სხვა იურიდიული წარმომადგენლის დანიშვნაზე და განხილვის ერთი თვით გადატანა მოითხოვა.

ტრიბუნალმა გადავადებაზე უარი განაცხადა. სანამ სასამართლო მლადიჩის მოთხოვნილი ორი სერბი და რუსი იურისტის სრულუფლებიანობას შეამოწმებს, მლადიჩს სასამართლომ თვითონ დაუნიშნა იურისტი.

მლადიჩს, რომელმაც უარყო წაყენებული ბრალდებები, როგორც “შეურაცხმყოფელი” და “საზარელი”, აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეცვალოს ჩვენება და თავი დამნაშავედ აღიაროს.

წინასწარი მოსმენის მომდევნო თარიღი დაინიშნება მხოლოდ მლადიჩის მიერ მოთხოვნილი იურისტების დამტკიცების შემდეგ.
სარაევოში მოსახლეობა სასამართლოდან ტრანსლაციას დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს.

ბევრი ბოსნიელის მსგავსად, ფიქრეთ გრობავიცა, რომლის 11 წლის ქალიშვილი 1993 წელს ნაღმტყორციდან დაბომბვის დროს დაიღუპა, იმედოვნებს, რომ სასამართლო სამართლიანი იქნება და ნუგეშს მოჰგვრის დაზარალებულთა ოჯახებს.

სასამართლოს თვალს ადევნებდნენ სერბიაშიც, სადაც ბევრი მლადიჩს ბოსნიის ომში თავისი ქვეყნის დამცველად და გმირად მიიჩნევს.

სერბიის ხელისუფლებისთვის ვითარება შეიძლება გართულდეს, თუკი სასამართლომ გამოავლინა იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ბელგრადმა იცოდა ან შეუკვეთა კიდეც მასობრივი მკვლელობა.

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ 2007 წელს დაადასტურა, რომ სერბია არ იყო პასუხისმგებელი გენოციდში, მაგრამ ხელი არ შეუშალა მას. ამის შედეგად, ბოსნია-ჰერცოგოვინამ ვეღარ მოახერხა პრეტენზია განეცხადებინა სერბიისთვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე.
XS
SM
MD
LG