Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე - მინისტრის მოადგილე


26 ივნისი, კვირა
დილას, 10 საათზე, შევხვდი ჩინეთის ინვესტორთა ჯგუფს და გავემგზავრეთ კახეთისკენ. სასტუმროდანვე დავიწყე სტუმრებისთვის საქართველოს გაცნობა: რუსთაველი, პრეზიდენტის სასახლე, მშვიდობის ხიდი, ძველი თბილისი, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა... სტუმრები დაინტერესდნენ თბილისით, ამიტომ შევეცადე, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მიმეწოდებინა ქალაქის განვითარებისა და თბილისში მიმდინარე პროექტების შესახებ.

სიღნაღში 12 საათისთვის ჩავედით. მოვინახულეთ მუზეუმი და, რა თქმა უნდა, ქორწინების სახლი. სტუმრებს მოეწონათ ქორწინების რეგისტრაციის 24-საათიანი შესაძლებლობის იდეა და დაინტერესდნენ პროცედურებით. დროის სიმცირის გამო, სიღნაღის დატოვება მალე მოგვიხდა. მიუხედავად ამისა, ამ ქალაქმა მაინც მოახერხა სტუმრებზე შთაბეჭდილების მოხდენა!

სიღნაღიდან ღვინის მარან „ხარებავაში“ ჩავედით. ეს ადგილი მეც პირველად ვნახე და აღფრთოვანებული დავრჩი! დავაგემოვნეთ, როგორც ევროპული, ისე ქართული წესით დამზადებული ღვინოები. სტუმრების განსაკუთრებული მოწონება სწორედ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. დაწვრილებით გამოიკითხეს ღვინის დამზადების ქართული ტექნოლოგია, წარმოების მოცულობა და სხვა დეტალები და აღნიშნეს, რომ ქართულ ღვინოს ჩინურ ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს.

ოთხის ნახევარზე მივედით ყვარლის ტბის კომპლექსში, სადაც ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გველოდნენ. ეროვნული ბანკის მმართველმა გიორგი ქადაგიძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო საქართველოს ეკონომიკაში მიმდინერე ტენდენციები და პასუხი გასცა სტუმრების მიერ დასმულ მართლაც ბევრ შეკითხვას.
ქართული სადილის შემდეგ გვიან, თორმეტ საათზე დავბრუნდით ქალაქში. ხვალ ვიზიტი თბილისში გრძელდება.

თავისუფლების დღიურები - გიორგი ვაშაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:09:22 0:00



27 ივნისი, ორშაბათი
დღევანდელი დღე, როგორც ყოველთვის, დატვირთულია. პირველი შეხვედრა ათ საათზე გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჩინეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში. ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ ვიზიტს, რადგან გვესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების შემოდინებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. ეს დელეგაცია კი სწორედ ამ მიზნით იკვლევს გარემოს საქართველოში.

პირველ საათზე შევხვდი ყაზახების დელეგაციას. ისინი საქართველოში გატარებული რეფორმების გასაცნობად ჩამოვიდნენ. ჩემთვის სასიხარულოა, რომ იმატა დელეგაციების რიცხვმა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ისევე ჩამოდიან წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად, როგორც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩვენ ჩავდიოდით ევროპასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

შეხვედრის შემდეგ უშიშროების საბჭოში გავემართე. სამ საათზე შევხვდით უცხოელ ექსპერტებს საქართველოში გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის საერთაშორისო საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობის სტრატეგიის განსახილველად.

ხუთის ნახევარზე შევხვდი ლაშა ციმაკურიძეს - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს. ვცდილობ, სააგენტოში მიმდინარე საკითხები უყურადღებოდ არ დამრჩეს.

შემდეგ ორი შეხვედრა გაიმართა მინისტრთან. პირველი - ბათუმში გასვლით სამუშაო შეხვედრის თაობაზე და მეორე - თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობის საკითხზე.

საღამოს კი, მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, ვხვდები სამინისტროს თანამშრომლებს: თამარ ჯინჭველაძეს - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს, ანდრო გიგაურს - სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს; თეონა იაშვილს - ეროვნული არქივის თავმჯდომარეს, ნინო ჩიჩუას - სამინისტროს მარკეტინგის სამმართველოს უფროსს; ჩემს თანაშემწეს შესათანხმებელი საკითხების გრძელი სიით და, ბოლოს, გიორგი გაბრიელაშვილს - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს. მიხარია კვალიფიციური და სანდო თანამშრომლების არსებობა. სწორედ ასეთი ადამიანების გუნდური მუშაობა განაპირობებს წარმატებას...

ამასობაში 12 საათიც გახდა. სახლში მივდივარ, ახლა მაინც ვნახავ ბავშვს...

28 ივნისი, სამშაბათი
ბათუმში 10 საათზე ჩავფრინდი და პირდაპირ ბათუმის იუსტიციის სახლში მივედი. ვხვდები ჩვენს თანამშრომლებს. დღეს 12, საათზე, სტუმრებს ველოდებით ამერიკის კონგრესიდან. მანამდე ვესაუბრები იუსტიციის სახლის მენეჯერს, საჯარო, სამოქალაქო რეესტრების ხელმძღვანელებს, ვიგებ რამდენად კმაყოფილები არიან მოქალაქეები სერვისებით, სწორად მიდის თუ არა სამუშაო პროცესი, ვეცნობი ტექნიკურ საკითხებს – სისტემაში ამ მხრივ ხომ არ არის რაიმე პრობლემა.

შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენებთან, დაგეგმილზე გვიან, ორის ნახევარზე დაიწყო. დელეგაციის შემადგენლობაში ოცი წევრია, მათ შორის - ექვსი კონგრესმენი. ავუხსენით სამსახურის კონცეფცია, რომელიც ხალხისთვის სახელმწიფო სექტორში არსებული სერვისების მიწოდების სრულიად ახალ სტრატეგიას გულისხმობს. ამერიკულ მხარეს ვუჩვენეთ იუსტიციის სახლის თვითმომსახურების ზონა (ონლაინ-ზონა), სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები.

სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. განსაკუთრებით სახელმწიფო სექტორში ბავშვთა ზონისა და 250-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში არსებობა გაუკვირდათ – აღნიშნეს, რომ ამგვარი სამსახურის ანალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი არ არის.

შემდეგ კონგრესმენებთან ოფიციალური ლანჩი გაიმართა. ამერიკელი სტუმრები ელექტრონული პირადობის მოწმობების პროექტით დაინტერესდნენ და ნიმუშის გადაცემაც გვთხოვეს.

6 საათზე, ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრაზე, ძალიან საინტერესო იდეა გაჩნდა: საქართველოში დაიწყება ტურისტული ID ბარათის გაცემა, რაც უცხოელი ტურისტებისთვის ერთდროულად საიდენტიფიკაციო დოკუმენტიც იქნება და ფასდაკლების ბარათიც.

შვიდის ნახევარზე, ისევ ამერიკელ კონგრესმენებს ვხვდებით. მათ საქართველოში გატარებული რეფორმების საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით ბევრი შეკითხვა აქვთ დაგროვილი. მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდით.

12 საათზე ანაკლიაში ჩავედი. ჩინეთის დელეგაციის წევრებთან ერთად დავგეგმეთ მომდევნო ორი დღის სამუშაო.

29 ივნისი, ოთხშაბათი
დღეს ცხრის ნახევარზე გავიღვიძე. ათის ნახევარზე ჩინეთის დელეგაციას ვხვდებით მე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია. მოგვიანებით შემოგვიერთდა ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთი ბოჭორიშვილი, რომელმაც ანაკლიის კურორტის განვითარების გეგმის პრეზენტაცია წარმოადგინა. მან განმარტა, თუ რატომ არის საინტერესო ანაკლიაში ტურიზმის განვითარება. როგორც ცნობილია, ჩინელები მიჩვეულები არიან პროექტების სწრაფი ტემპით შესრულებას. ამის მიუხედავად, დელეგაციის წევრები მოიხიბლნენ საქართველოში პროექტებისა და რეფორმების განხორციელების ტემპით.

ნახევარი საათით ჩამოვცილდი დელეგაციას და თბილისთან სატელეფონო კავშირის მეშვეობით ვცდილობ სხვადასხვა საკითხი მოვაგვარო. მაგალითად ID ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით, ვესაუბრები კოლეგებს - ფინანსურ სამსახურს, ახალი ტექნოლოგიების ჯგუფს. მაინტერესებს, რამდენად ვეტევით ვადებში, ვახერხებთ თუ არა პროექტის დროულად განხორციელებას. პირველი ID ბარათი საქართველოში 1 აგვისტოს უნდა გავცეთ.

სტუმრების ჯგუფს პირველ საათზე შევუერთდი და დავიწყეთ ანაკლიის ტერიტორიის დათვალიერება. მათ მოეწონათ მშენებარე სასტუმროების პროექტები. განმუხურში მოვინახულეთ სანაპირო ზოლი. მეც პირველად ვარ განმუხურში და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მიმდინარე სამუშაოებმა.

სამის ნახევარზე დავასრულეთ განმუხური-ანაკლიის დათავლიერება და ფოთის პორტისკენ გავემგზავრეთ. გზაში დროს ვიყენებ და ტელეფონით ვესაუბრები სამინისტროს თანამშრომლებს. მომდევნო კვირაში იუსტიციის სახლთან დაკავშირებით გასვლითი შეხვედრა იგეგმება, მსჯელობა შეეხება ვებგვერდის, ონლაინ-სერვისების დახვეწასა და სხვა საკითხებს. იუსტიციის სახლის პროექტი ერთი წლის წინ დაიწყო. დღეს კი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო სერვისების მისაღებად მიდიან ბათუმის ან რუსთავის იუსტიციის სახლში, ნათლად ხედავენ ახალი ქართული ბრენდის წარმატებულ მუშაობას.

ფოთის პორტის მუზეუმში პორტისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მენეჯერებმა ამომწურავი პრეზენტაციები წარმოგვიდგინეს იმის შესახებ, თუ რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი უცხოელი ინვესტორებისთვის.

შემდგომ ფოთის პორტი და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დავათვალიერეთ. უკვე დაწყებულია რამდენიმე ქარხნის მშენებლობა, ერთი ქარხანა კი დასრულებულია.

აქედან გავდივართ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში – გეზი-ში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში განბაჟების სფეროში უმნიშვნელოვანესი რეფორმა გატარდა, პრაქტიკულად ძალიან გამარტივდა განბაჟების პროცედურები, რამაც ხელი შეუწყო ტვირთბრუნვის საქართველოს გავლით მოძრაობას.

დღის ბოლოს ბათუმში დავბრუნდით...

30 ივნისი, ხუთშაბათი
10 საათზე, პირველი შეხვედრა ლევან ვარშალომიძესთან შედგა. ჩინეთის დელეგაციის წევრებს ქალაქის განვითარების გეგმები გავაცანით.

შეხვედრის შემდეგ ჯგუფი წაიყვანეს აჭარის დასათვალიერებლად, საინვესტიოციო შესაძლებლობებისა და მიმდინარე პროექტების გასაცნობად.

მე კი წავედი ბათუმის იუსტიციის სახლში, სადაც თანამშრომლებთან რამდენიმე შეხვედრა მაქვს დაგეგმილი.

ხუთ საათზე, ჩინელების დელეგაცია მივიღეთ ბათუმის იუსტიციის სახლში, სადაც მათ მომსახურების პროცესი გავაცანით. მოიხიბლნენ სამსახურის მუშაობით - ამდენი სერვისის ერთ სივრცეში გაერთიანება ვერ წარმოედგინათ! რაც მთავარია, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივემ – არ ელოდნენ იმას, რომ კომპანიის გახსნა ან, თუნდაც, ქონების რეგისტრაცია 15 წუთშია შესაძლებელი.

შვიდ საათზე სტუმრები წავიდნენ ქართული ფოლკლორის გასაცნობად. შეიძლება ითქვას, რომ მათ მცირე კულტურული შოკი მიიღეს. ვფიქრობ, საქართველოში ყველა ჩამომსვლელს უნდა ვაჩვენოთ ქართული ფოლკლორი და გავაცნოთ ქართული ეროვნული კულტურა.

რვის ნახევარზე თბილისში წამოვედი. გზად გავიარე ქუთაისში, სადაც მოვინახულე იუსტიციის სახლის მშენებლობა - სახლი სექტემბერში უნდა გაიხსნას. სამშენებლო სამუშაოები მართლაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. შევხვდი ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელებსაც.

თბილისში პირველი საათისთვის დავბრუნდი. სამსახურში მივედი და მოკლედ გავიარეთ ხვალინდელი სამუშაო გეგმები.

1 ივლისი, პარასკევი
ათ საათზე უკვე სამსახურში ვარ. საკმაოდ დატვირთული დღეა.
დღის პირველი ნახევარში შევხვდი HR-ის სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამმართველოების თანამშრომლებს. განვიხილეთ იუსტიციის სახლის ვებგვერდის საკითხები, მიმდინარე მშენებლობების პროცესები, უახლოეს ხანში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში იგეგმება იუსტიციის სახლების გახსნა.

ექვს საათზე შედგა შეხვედრა დამისამართების საუკუნის პროექტთან დაკავშირებით. ამ ფართომასშტაბიან პროექტს ერთდროულად ახორციელებენ საჯარო, სამოქალაქო რეესტრები - ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებთან ერთად.

რვა საათზე შეხვედრა გვაქვს რეჟისორთან, რომელიც იღებს ფილმს ახალი ID ბარათების გამოყენებაზე. დეტალურად გავაცანით, რა უნდა იყოს ფილმში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის.

ცხრა საათზე, თბილისის მერთან ერთად, განვიხილავთ ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.

11 საათზე ვბრუნდები სამსახურში და ვგეგმავ შემდეგ კვირას, პირველის ნახევარზე კი, როგორც იქნა, სახლში ვბრუნდები.

2 ივლისი, შაბათი
დღეს შაბათია, მაგრამ დილიდან მაინც სამსახურში მივდივარ...
12 საათზე ვხვდები მინისტრს და დეტალურ ინფორმაციას ვაწვდი ჩინეთის დელეგაციის ვიზიტზე.

სტუმრები გავაცილეთ. სამ საათზე კიდევ ერთი შეხვედრა მაქვს დანიშნული სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებთან - ტექნიკურ ჯგუფთან ერთად უნდა განვიხილო ID ბარათებთან დაკავშირებული საკითხები. დღეს ოთხ საათზე რუსთავის იუსტიციის სახლში ტელევიზია მოდის, ამიტომ მელანოს, ჩემს თანაშემწეს, ვთხოვე, ოცი წუთით ადრე შემახსენოს, რომ არ დამაგვიანდეს. შემდეგ კი რადიო „თავისუფლებაში“ უნდა წავიდე ჩაწერაზე და მოვყვე ჩემი - გიორგი ვაშაძის - ერთი კვირა.
XS
SM
MD
LG