Accessibility links

logo-print
”ქართული პარტიის” მიერ შემუშავებულ მიმართვას, რომელიც გმობს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნასა და წამებას, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აწერს ხელს. მიმართვა შემუშავდა 3 ივლისს, ერთი დღით ადრე, ვიდრე გავრცელდებოდა ცნობა ”ქართული პარტიის” ოფისში დაახლოებით 150 სამართალდამცველის შეჭრის შესახებ. ვინ და რატომ უცხადებს სოლიდარობას ”ქართულ პარტიას”?

”შეწყდეს დაკავებულთა წამება” - ამ ლოზუნგით გამართეს აქცია 5 ივლისს „ქართული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. დაახლოებით 50 ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი შენობის (ე.წ. მოდულის შენობის) გასწვრივ უხმოდ მოძრაობდა ერთ მწკრივში. ეს სწორედ ის შენობაა, სადაც, „ქართული პარტიის“ ლიდერების ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ გოჩა ჩიხლაძეს - ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილ მძღოლს, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ძალადობრივი პოლიტიკის გატარების მიზანია, საქართველოში შეიქმნას შიშისა და უნდობლობის ატმოსფერო, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას ავტორიტარული მეთოდებით ქვეყნის მართვას გაუადვილებს...
გოჩა ჩიხლაძის გარდა, 5 ივლისის საპროტესტო აქცია დაიგეგმა ბოლო ხანებში დაკავებული დაახლოებით 20 ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. გავიხსენოთ, რომ „ქართული პარტიის“ წევრი თუ ამ პარტიასთან დაახლოებული ადამიანების ჯგუფს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მათ ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა. თუმცა „ქართული პარტია“ დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებული და საეჭვოდ მიაჩნიათ ის გარემოება, რომ 4-მა დაკავებულმა უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე.

ამ პრობლემის პარალელურად „ქართული პარტიის“ წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე დღეა ლაპარაკობენ თავიანთ ოფისთან შემჩნეულ თვალთვალზე, რომელიც 4 ივლისს ღამით პარტიის ოფისში სამართალდამცველების შეჭრით დასრულდა. გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ შედის პოლიციელების დიდი ჯგუფი „ქართული პარტიის“ ოფისში და როგორ ცდილობს რამდენიმე პოლიციელი შემოღობილ ტერიტორიაზე მოსახვედრად რკინის მესერზე გადაძვრეს.

პარტიაში აცხადებენ, რომ მოულოდნელ სტუმრებს მათთვის არანაირი ოფიციალური საბუთი არ წარუდგენიათ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ეძებდნენ ირაკლი ოქრუაშვილის ბიძას - ზურაბ გიგუაშვილს.

”ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა დატოვეს იქ, იმიტომ რომ ეს იყო 150 კაცის შემოსვლა ოფისში”, - უთხრა ჟურნალისტებს პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა.

4 ივლისის ფაქტთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს და რადიო თავისუფლებაც მთელი დღის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა შესაბამისი ინფორმაციის მიღებას ამ უწყებიდან.

ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნასა და დაპატიმრებას გმობენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც 4 და 5 ივლისს ხელს აწერდნენ „ქართული პარტიის“ მიერ მომზადებულ მიმართვას საერთაშორისო საზოგადოებისადმი.

”ძალადობრივი პოლიტიკის გატარების მიზანია, საქართველოში შეიქმნას შიშისა და უნდობლობის ატმოსფერო, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას ავტორიტარული მეთოდებით ქვეყნის მართვას გაუადვილებს. გადაჭრით ვგმობთ საკუთარი მოქალაქეების მიმართ ხელისუფლების არაჰუმანურ, უკანონო და დანაშაულებრივ მოპყრობას და მოვითხოვთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების წამების დაუყოვნებლივ შეწყვეტას”, - ვკითხულობთ მიმართვაში, რომელზე ხელმომწერთა რიცხვიც, 5 ივლისის საღამოს ინფორმაციით, უკვე 20-ზე მეტია.

მართალია, „ქართული პარტიის“ სამოქმედო გეგმებს არ იზიარებს, მაგრამ ხელმომწერთა შორის ვხვდებით, მაგალითად, ირაკლი ალასანიას პარტიას - ”თავისუფალ დემოკრატებს”. როგორც პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ”თავისუფალი დემოკრატებიც” არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მხრიდან თვალთვალისა და პოლიტიკური დევნის ობიექტი.

შესაბამის მასალებს გავუგზავნი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, რომლის მრჩეველთა საბჭოს წევრიც ვარ.
”თავისუფალი დემოკრატები აბსოლუტურად არ ვიზიარებთ ქართული პარტიის მიდგომებს, მაგრამ არ მგონია, რომ მიმართვაში ასახული პრობლემა მხოლოდ „ქართული პარტიის“ პრობლემა იყოს. ეს არის მთლიანად ქვეყნის პრობლემა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ირაკლი ალასანიას არაერთხელ განუცხადებია, რომ საჭიროა შეწყდეს შინაგან საქმეთა ქვედანაყოფების გამოყენება პოლიტიკური მიზნებით”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ჩიქოვანმა.

„ქართული პარტიის“ მიერ შემუშავებულ მიმართვას ასევე აწერენ ხელს, მაგალითად: „ეროვნული ფორუმი“, „ახალი მემარჯვენეები“, რესპუბლიკური პარტია, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ თუ ლეიბორისტული პარტია.

„ქართული პარტიის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი პირობას დებს, რომ ხელმოწერილ მიმართვას აუცილებლად მიაწოდებს და მასში ასახულ პრობლემებს აუცილებლად გააცნობს საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ საელჩოებს:

”რამდენიმე დღეში მაქვს შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან... იქითა კვირაში მივდივარ ევროპაში, სადაც შევხვდები ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს - თომას ჰამარბერგს... შეხვედრები მექნება ბრიუსელში, ევროკომისიაში. სავარაუდოდ, შეხვედრები მექნება ასევე უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ევროპაში - ბრიუსელსა თუ სტრასბურში... შესაბამის მასალებს გავუგზავნი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, რომლის მრჩეველთა საბჭოს წევრიც ვარ. ”

მიმართვაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მიმდინარეობს ”განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეების სამართლებრივი დევნა და რეპრესიები” და რომ ამ პროცესის შეჩერება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით არის შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG