Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით მიიღო სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურ ორგანიზაციებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობას აძლევს. პარლამენტმა სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ეს ცვლილება პირველი მოსმენით ერთი კვირის წინ მიიღო, თუმცა წინააღმდეგობა შეიქმნა მეორე მოსმენის წინ, როცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, საგანგებოდ გავრცებელი განცხადებით, კანონის მიღების პროცედურის შეჩერება მოითხოვა. რატომაა მნიშვნელოვანი რელიგიური ორგანიზაციებისათვის სტატუსის შეცვლა და რატომ ითხოვდა საქართველოს საპატრიარქო საკითხის მასთან შეთანხმებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილების ერთ-ერთი ინიციატიორი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია აზუსტებს იმ რელიგიური ორგანიზაციების ჩამონათვალს, რომლებსაც საქართველოსთან მჭიდრო ისტორიული კავშირი აქვთ. ესენია: რომაულ-კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია, ასევე მუსლიმთა და იუდეველთა თემები, თუმცა მეორე მოსმენით განხილვისას ცვლილების ამ ნაწილმა ტრანსფორმაცია განიცადა. ლაშა თორდიას თქმით, ინიციატივა მიზნად ისახავს სფეროში სამართლებრივი რეგულაციის დახვეწას, რადგანაც ის შეუსაბამობაში მოდის როგორც საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან, ასევე საქართველოს კონსტიტუციასთან.

აუცილებელია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები...
„საუბარია იმაზე, რომ ყველა საერთაშორისო სამართლებრივი აქტით - ასევე საქართველოს კონსტიტუციით - შეუძლებელი და აკრძალულია სახელმწიფოს ჰქონდეს რაიმე ბერკეტი რელიგიურ გაერთიანებათა საქმიანობის შესაჩერებლად, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა. რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც იყვნენ კერძო სამართლის სუბიექტები, საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, თუმცა მათ რჩებათ ასევე საშუალება, სურვილის შემთხვევაში, დარჩნენ კერძო სამართლის სუბიექტებად.“

ლაშა თორდიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა არ ითვალისწინებს რაიმე სახის ცვლილებას კონსტიტუციაში და, შესაბამისად, საუბარი არ არის რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს სტატუსების გათანაბრებაზე, თუმცა, ამგვარი დაზუსტების მიუხედავად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს მიაჩნია, რომ პარლამენტმა არ უნდა იჩქაროს გადაწყვეტილების მიღებისას. ილია მეორის განცხადება საპატრიარქოს წარმომადგენელმა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა:

„აუცილებელია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები, თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, რათა ჩამოყალიბდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსენსუსი მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც.“

პატრიარქის განცხადების მიხედვით, აჩქარება არ ეგების თუნდაც იმის გამო, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის საკითხი დასმულა დღემდე და არც ჩვენი ეკლესიის სტატუსის განხილვა დაწყებულა. პატრიარქის ამ განცხადების კომენტირებისას თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ ასეთი მიდგომა საფუძველშივე არასახელმწიფოებრივია:

„ჩვენ აქ ლაპარაკი არ გვაქვს სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე. ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. იგივე აზერბაიჯანელი მუსლიმები და სომეხი ქრისტიანები ჩვენი მოქალაქეები არიან და საკითხის ასე დაყენება, ჯერ სომხეთმა ან აზერბაიჯანმა მიიღოს საკითხი და მერე ჩვენ მივიღებთო, ნიშნავს იმას, რომ არ მივიჩნევთ ამ ჯგუფს ჩვენს მოქალაქეებად. დავუშვათ, სომხეთმა არ მისცა სტატუსი მართლმადიდებლებს, რა ამით? ამის გამო უნდა დავჩაგროთ ჩვენი საკუთარი მოქალაქეები?!“ - კითხულობს ლევან აბაშიძე.

განსხვავება იქნება, ვინაიდან მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს გარკვეული პრივილეგიები, მაგალითად, საგადასახადო და სხვა სახის პრივილეგიები...
სწორედ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებაზე ამახვილებენ ყურადღებას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ წიკლაურის თქმით, საქართველოში წარმოდგენილ რელიგიურ ჯგუფებს ისევე უნდა ჰქონდეთ თავისუფალი მოქმედების უფლება, როგორც აქვთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მართლმადიდებლებს:

„ქართული დიასპორების შეკრების ადგილები სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან ხშირად არის მართლმადიდებლური ეკლესიები და ჩვენ ყველას ძალიან გვიხარია, რომ არავინ ამ ადამიანებს არ უშლით ხელს შეკრებაში და ერთმანეთთან კომუნიკაციაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ იმ ველურებს, რომელთაც უნდათ ცივილიზაციის ყველა სიკეთე მიიღონ, მაგრამ თვითონ არ გასცენ ეს სიკეთე. საქართველო ამ გადაწყვეტილების მიღებით ხდება ქვეყანა, რომელიც ზუსტად ეთანადება ახალი ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრინციპებს.“

უნდა ითქვას, რომ, სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაინც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იქნება. რელიგიათმცოდნე ბექა მინდიაშვილი განმარტავს:

„განსხვავება იქნება, ვინაიდან მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს გარკვეული პრივილეგიები, მაგალითად, საგადასახადო და სხვა სახის პრივილეგიები თუ უპირატესობები, რომლითაც სარგებლობს კოენსტიტუციური ხელშეკრულებიდან გამომდინარე.“

რას აძლევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი თავად რელიგიურ გაერთიანებებს? ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის წარმომადგენელს მარი არაქელოვას მიმართა. პასუხად დასახელდა რამდენიმე მიზეზი, მათ შორის შემდეგი:

„როდესაც ციხეებში შესვლას გადავწყვეტთ, საქართველოს საპატრიარქოსგან ნებართვის აღება აღარ დაგვჭირდება. ადრე ჯერ საპატრიარქოს მივმართავდით, შემდეგ კი იუსტიციის სამინისტროს“, უთხრა მარი არაქელოვამ რადიო თავისუფლებას.

საპატრიარქოს მოთხოვნის (შეჩერდეს კანონის მიღების პროცესი) უგულებელყოფის გამო, საკითხის მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა საპარლამენტო უმცირესობამ, თუმცა ამას უმრავლესობისათვის დისკომფორტი არ შეუქმნია. დავით დარჩიაშვილმა საჭიროდ ჩათვალა კოლეგებისათვის შეეხსენებინა, რომ პარლამენტი არის სუვერენული ორგანო, რომელიც კანონებს იღებს..

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG