Accessibility links

logo-print
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა
საქართველოში 2011 წლის 18-24 აპრილის ვიზიტის შემდგომი ანგარიში გამოაქვეყნა, სახელწოდებით - ”მართლმსაჯულების განხორციელება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სამართლებრივ სისტემაში”. როგორც სათაურიდან ჩანს, ანგარიში სასამართლო სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას შეეხება. მასში ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მეტი ძალისხმევისაკენ, რათა სასამართლო სისტემა გახდეს უფრო გამჭვირვალე და მიუკერძოებელი და აღმოიფხვრას დღეს არსებული ნაკლოვანებები.

საჭიროა გადამჭრელი ზომების მიღება პოლიციის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად...
თომას ჰამარბერგი თავის მორიგ ანგარიშს საქართველოში გატარებული სისხლის სამართლის ფართომასშტაბიანი რეფორმის მოხსენიებით იწყებს, რეფორმისა, რომელიც 2005 წელს დაიწყო და სასჯელაღსრულების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, პრობაციისა და სამართლის ხელმისაწვდომობის სფეროები მოიცვა. ანგარიშში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის კრიტიკული შენიშვნების გვერდით სხვადასხვა სფეროში საქართველოს მთავრობის მიღწევებზეცაა საუბარი. ანგარიშს საქართველოს მთავრობის პასუხიც ახლავს.

თომას ჰამარბერგი ანგარიშში წერს, რომ წვრილმანი დანაშაულისთვის შემოღებული ,,ნულოვანი ტოლერანტობის“ მკაცრი პოლიტიკა საქართველოში დღესაც მოქმედებს. მისი შედეგია გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელების გამოყენება. კომისარი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეიმუშაოს უფრო ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, გამოსწორებაზე და არა დასჯაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მაგალითი იქნება. კომისრის ყურადღება მიიპყო 2011 წელს გასამართლებული პირისთვის დადგენილმა სასჯელმა. მას სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქურდობისთვის, რომლის შედეგად მიღებული მატერიალური ზარალი დაახლოებით 15 ევროთი შეფასდა.


ცალკე თავადაა გამოყოფილი სასამართლოს დამოუკიდებლობა.

”პროკურორებს წამყვანი პოზიცია უკავიათ საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურორები აღძრავენ ან აგრძელებენ სისხლისსამართლებრივ დევნას, მიუხედავად პოლიციის მიერ წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაშვებული პროცედურული დარღვევებისა, სერიოზულ განხილვას მოითხოვს; საჭიროა გადამჭრელი ზომების მიღება პოლიციის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ გაბისონია მოკლედ ახასიათებს სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ სირთულეებსა და წინგადადგმულ ნაბიჯებსაც გამოყოფს:

”კარგი ისაა, რომ სასამართლო პროცესები უფრო დაჩქარებულ ვადებში იმართება, ვიდრე ეს იყო ხუთი წლის წინ და უფრო სწრაფად ხდება მართლმსაჯულების აღსრულება, მაგრამ ძალიან რთულად გვაქვს საქმე მაშინ, როდესაც საქმეში იკვეთება სახელმწიფო ინტერესი. ასეთ დროს სასამართლო ნაკლებად გამჭვირვალეა. როდესაც ჩვენ სხდომის დამთავრებისთანავე ვაყენებთ შუამდგომლობას გადმოგვეცეს დისკი, რომელზეც პროცესია ჩაწერილი, რატომღაცა ამას მოსამართლეები სულ თავს არიდებენ და უარით გვისტუმრებენ. სისხლის სამართლის საქმეების დროს კი პრობლემა ისაა, რომ მოსამართლე, როგორც წესი, პროკურატურის არგუმენტაციას იმეორებს და მაქსიმალურად ცდილობს არ დააკმაყოფილოს დაცვის მხარის შუამდგომლობები.”

ანგარიშის მიხედვით, კომისრისთვის ცნობილი გახდა, რომ ადვოკატებს ხელი ეშლებათ პროფესიული მოვალეობების თავისუფლად შესრულებაში და რომ გამოყენებული იყო მათი დაშინების, არამართლზომიერი დევნის და ზეწოლის სხვა ფორმები, რაც სერიოზულად აფერხებს დაცვის უფლების განხორციელებას და ხელს უშლის ადვოკატებს ეფექტურად ემსახურონ მართლმსაჯულებას.

კომისარი მიესალმება დაცვის მხარის უფლებამოსილების გაფართოებას ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და სთხოვს ხელისუფლებას, სრულად მოახდინოს ამ უფლებების პრაქტიკაში განხორციელების უზრუნველყოფა...
თომას ჰამარბერგი ანგარიშში საკმაოდ მოცულობით ნაწილს უთმობს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტებს. მოპოვებული ინფორმაცია მიუთითებს სერიოზულ ხარვეზებზე, რომლებიც ჩრდილს აყენებენ სისხლის სამართლის გამოძიებას და სამართალწარმოებას ოპოზიციური აქტივისტების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში. კომისარი ასევე სთხოვს ხელისუფლებას მისცეს მას მკაფიო და გამჭვირვალე პასუხი ამ საქმეებთან დაკავშირებით.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას. კომისარი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ თავისუფლების აღკვეთა ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება იმ არასრულწლოვანთა მიმართ, ვინც სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული ან მსჯავრდებული. კომისარი შეახსენებს ხელისუფლებას, რომ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საქმეებში თავისუფლების აღკვეთა და წინასწარი პატიმრობა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა და რაც შეიძლება მოკლე ვადით.

ვნახოთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ რომელ ნაბიჯებს აფასებს ადამიანის უფლებათა კომისარი პოზიტიურად.

”კომისარი მიესალმება დაცვის მხარის უფლებამოსილების გაფართოებას ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და სთხოვს ხელისუფლებას, სრულად მოახდინოს ამ უფლებების პრაქტიკაში განხორციელების უზრუნველყოფა. თუმცა კომისარი აღნიშნავს, რომ დაცვასა და პროკურატურას შორის უთანასწორობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ჯერ კიდევ აშკარად არსებობს.”

კომისარი ასევე მიესალმება წამების აღკვეთის 2011-2013 წლების ახლახან მიღებულ სამოქმედო გეგმას. გეგმაში ჩამოთვლილია არასათანადო მოპყრობის აღკვეთისა და ეფექტური გამოძიებისთვის აუცილებელი მთელი რიგი ნაბიჯების ნუსხა და გაწერილია შესაბამის თანამშრომელთა ტრენინგისა და გათვითცნობიერებულობის ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებები.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სისხლის სამართლის სფეროში აღინიშნებოდა გამამართლებელი განაჩენების განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელი. ოფიციალური მონაცემებით, 2010 წლისთვის გამამართლებელი განაჩენების საშუალო მაჩვენებელი პირველი ინსტანციის სასამართლოებში იყო 0.2%, ხოლო პირველი ინსტანციის თბილისის საქალაქო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი – 0.04% -იყო. კომისართან შეხვედრებისას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებელი იმით აიხსნება, რომ პროკურორები სასამართლოს კარგად დასაბუთებულ და კარგად მომზადებულ საქმეებს წარუდგენდნენ.

სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო სასამართლო სისტემის მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოების მხრიდან მეტი კონტროლის უზრუნველსაყოფად, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელების მნიშვნელოვანი გარანტიაა. თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბალანსი, ერთი მხრივ, სათანადო გამჭვირვალობასა და, მეორე მხრივ, სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებულობასა და მისი ზემოქმედებისგან დაცვას შორის. იგივე შეეხება სასამართლოს მიერ საზოგადოების ინტერესის გამომწვევი საკითხების განხილვას. განსაკურთებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა თავი შეიკავონ ტენდენციური გამონათქვამებისგან, რომლებიც არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას.

ჯერ კიდევ აპრილში, ჰამარბერგის საქართველოში ვიზიტის დროს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია შენიშნავდა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების მხრივ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა წინ:

”ადამიანს ნებისმიერ დანაშაულზე შეეძლო გადაეხადა ქრთამი და არანაირ პასუხისგებაში არ მიცემულიყო. ახლა კი გადავდივართ სისტემაზე, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი დაბალია. ეს პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც დღესდღეობით არის, გულისხმობს იმას, რომ პროკურატურა და ზოგადად სამართალდამცავი სისტემა სასამართლოში მიდის მომზადებული.
რა თქმა უნდა, მთელი რიგი ნაბიჯები არის გადასადგმელი იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი სისტემა, სადაც პრობლემები და ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში აღარ იქნება. ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. ეს იქნება როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე მართლმსაჯულების სისტემაში და სხვა.”

ანგარიშისთვის თანდართულ საქართველოს მთავრობის კომენტარებში ვკითხულობთ, რომ საქართველო სწორედ „ნულოვანი ტოლერანტობის“ გამოცხადების შემდეგ იქცა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდებს მეტად გაამახვილოს ყურადღება სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსზე, რომელიც, საქართველოს ხელისუფლების თქმით, უფრო ლიბერალური გახდა. საქართველოს მთავრობა ასევე შენიშნავს, რომ ანგარიშში, რომელშიც, პროკურორებთან შედარებით, ადვოკატების - ზოგადად დაცვის მხარის -ნაკლებ უფლებებზეა ლაპარაკი, ეს მოსაზრება არაფრით არის გამყარებული.
XS
SM
MD
LG