Accessibility links

თომას ჰამარბერგი ყურადღების საგნად მიიჩნევს საპროცესო პროცედურებს


დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აღნიშნავს, რომ საქართველოში როგორც ჩანს, არსებობს საპოლიციო გამოძიებისას პროცედურული დარღვევების ზეგავლენით სამართლებრივი დევნის ფაქტები. ჰამარბერგი განმარტავს, რომ მისთვის ცნობილია განცხადებები ოპოზიციის აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. კომისარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს თითოეული ამგვარი საკითხით გამოწვეულ უკმაყოფილებას პასუხი ნათლად და გამჭვირვალედ გასცეს. თომას ჰამარბერგი აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს გარანტირებისა და მხარეთა თანასწორობის პატივისცემის უზრუნველსაყოფად საჭიროა ეფექტიანი მოქმედება. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშში საუბარია სირთულეებზეც, რომელსაც ადვოკატები პროფესიული საქმიანობისას აწყდებიან. ჰამარბერგი აღნიშნავს, რომ არსებობს ადვოკატთა შევიწროების, შეურაცხმყოფელი დევნისა და მათზე ზეწოლის სხვა ფორმების მაგალითები და დასძენს, რომ კლიენტების იურიდიული დახმარებისას ადვოკატებს დაუბრკოლებლად მოქმედებისა და სრული კონფიდენციალურობის საშუალება უნდა მიეცეთ. თომას ჰამარბერგი განსაკუთრებული ყურადღების საგნად მიიჩნევს საპროცესო პროცედურებს, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება სისხლის სამართლის საქმეებში. “ისეთი ფაქტორების კომბინირებამ, როგორიცაა დამნაშავედ ცნობის მაღალი მაჩვენებელი, სასჯელის მკაცრი ზომები და სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების დაბალი ნდობა, შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს იმაზე რომ მიუხედავად უდანაშაულობისა მსჯავრდებულმა თავი დამნაშავედ ცნოს, რაც სამართლის დამახინჯებას იწვევს”, - ნათქვამია ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშში.
XS
SM
MD
LG