Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში ანტისამთავრობო გამოსვლების გამო დაპატიმრებულები გაასამართლეს


ბელორუსიის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობისთვის 140 ადამიანი გაასამართლა და ან მცირე ხნით პატიმრობა მიუსაჯა, ან ჯარიმის გადახდა დააკისრა. სულ, კვირის მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს 400 ადამიანი დააკავეს მინსკსა და ბელორუსიის სხვა ქალაქებში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მთავრობის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილებას ხმამაღალი ტაშით გამოხატავდნენ.

მინსკში დაფუძნებული უფლებადამცავი ორგანიზაცია „ ვესნას“, ასევე სხვა ქალაქებში ანალოგიური რეგიონალური ჯგუფების თანახმად, 40 პირს გამოუტანეს განაჩენი ქალაქებში ბრესტში, გომელში და მოგილიოვში. დანარჩენი ასი შემთხვევა მინსკზე მოდის. გამოტანილი განაჩენი გულისხმობს ორიდან 15 დღემდე პატიმრობას, ასევე მილიონ ბელორუსული რუბლის - დაახლოებით 200 დოლარის - ოდენობის ჯარიმას. სულ 400-მდე ადამიანი დააკავა პოლიციამ კვირას, სამ ივლისს, როცა ქვეყანა 1944 წელს ნაცისტური ოკუპაციისგან გათავისუფლების დღეს აღნიშნავდა. მოსახლეობამ - როგორც იუწყებიან, ასეულობით ადამიანმა - თავისი პროტესტი პრეზიდენტ ლუკაშენკოს ავტორიტარული მმართველობის მიმართ ტაშის კვრით გამოხატა. გამოსვლები პოლიციამ სასტიკად ჩაახშო. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი, ქუჩაში მყოფთ დაუშინეს ხელკეტები. თვითმხილველები იუწყებიან, რომ პოლიციის თანამშრომლები სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი, ისინი დაპატიმრებულებს პოლიციის მინიავტობუსებში სხამდნენ. ბელორუსიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, განსასჯელთა უმეტესობას ბრალი წაუყენეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და არასანქცირებულ შეკრებებში მონაწილეობის მუხლით.
ბელორუსიის ხელისუფლების ქმედება - მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობა - დაგმო, სხვათა შორის, ეუთომ, ისევე როგორც ევროკავშირმა. ეუთოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია მკაცრად გმობს და სინანულს გამოხატავს ბელორუსიის ხელისუფლების ძალადობის გამო საკუთარი ხალხის მიმართ, რომელიც თავის სამოქალაქო უფლებას იყენებს და მართავს მშვიდობიან საჯარო დემონსტრაციებს. ეუთოს მორიგე თავმჯომარე აუდრონიუს აჟუბალისი მიმართავს ბელორუსიის მთავრობას, გაათავისუფლოს დაკავებულები და მომავალში თავი შეიკავოს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს. ევროპარლამენტის თავმჯდომარემ იეჟი ბუზეკმაც მოუწოდა მინსკს დაუყოვნებლივ უპირობოდ გაათავისუფლოს დაკავებული დემონსტრანტები. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაია კოციანჩიჩიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ევროკავშირი ბელორუსიის მოვლენებს ძალიან დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს: „ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრაციების მონაწილეთა - მათ შორის, ჟურნალისტების -წინააღმდეგ სასტიკი და არაპროპორციული ძალის გამოყენებას. მოვუწოდებთ ბელორუსიის ხელისუფლებას, პატივი სცეს მოქალაქეთა უფლებებს გამოხატონ თავიანთი პოზიცია, შეშფოთება და უკმაყოფილება ქვეყანაში არსებული ვითარებით.“ ალექსანდრ ლუკაშენკო 17 წელიწადია მართავს თავის ქვეყნას, ასე ვთქვათ, რკინის ხელით. მას ერთმა ყოფილმა ამერიკელმა ოფოციალურმა პირმა ევროპის „უკანასკნელი დიქტატორი“ უწოდა. შარშან დეკემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბელორუსიაში გამოსვლები დაიწყო. ოპოზიცია, რომლის არაერთი წარმომადგენელი - მათ შორის, საპრეზიდენტო კანდიდატები - დააპატიმრეს, აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბებული იყო. საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს ერთ-ერთ მთავარ მეტოქეს, ანდრეი კანიკაუს, ყოფილ დიპლომატს, სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.წარმომადგენლები ბელორუსიის გაერთიანებისა „რევოლუცია სოციალური ქსელის გზით“ აცხადებენ , რომ ისინი ყველა პირობებში გააგრძელებენ გამოსვლებს. მათივე თქმით, მალე ათეული ათასობით ადამიანი გავა ქუჩაში, ბელორუსია იდენტურობის შეგრძნებას იძენს. ჯგუფის მიერ ლუკაშენკოსთვის გაგზავნილ ღია წერილში წაიკითხავთ, რომ პროტესტის მონაწილეები „ძეხვისა და დღეში ოცი დოლარისთვის“ კი არ იბრძვიან, არამედ თავისუფლებისთვის. ამ დროს, ამ გამოსვლებისგან დამოუკიდებლად, პრეზიდენტ ლუკაშენკოს შეურაცხყოფისთვის გაასამართლეს პოლონეთის გაზეთ „გაზეტა ვიბორშჩას“ კორესპონდენტი, ანდჟეი პოჩობუტი. მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს გადავადებით, ანუ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. პოჩობუტის მიმართ საქმე აღიძრა მის მიერ დაწერილი არაერთი სტატიის გამო, რომლებსაც ის აქვეყნებს „გაზეტა ვიბორშჩასა“ და ოპოზიციურ საინტერნეტო საიტზე. სასამართლოზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, პოჩობუტმა თავი დამნაშავედ არ ცნო.
XS
SM
MD
LG