Accessibility links

logo-print

დომინიკ სტროს-კანს გაუპატიურების მცდელობაში საფრანგეთშიც სდებენ ბრალს


დომინიკ სტროს-კანის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის შესახებ ბოლო ხანებში ბევრს ლაპარაკობენ ეჭვის გამო, რომ მან სხვადასხვა გარემოებაში და სხვადასხვა ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობას მიმართა. მას სამშობლოში - საფრანგეთში - უჩივის 32 წლის მწერალი, რომელსაც მასთან ინტერვიუს აღება სურდა 2003 წელს. ამ ინტერვიუს დროს, აცხადებს ტრისტან ბანონი, სტროს-კანმა მასზე ძალა იხმარა. მისი ადვოკატები ოთხშაბათს გეგმავენ საჩივრის ოფიციალურად შეტანას პროკურატურაში.

დომინიკ სტროს-კანი შინაპატიმრობიდან პარასკევს გაათავისუფლეს. მის მიმართ საქმე ნიუ-იორკშია აღძრული სექსუალური დანაშაულის ბრალდებით, იმის გამო, რომ ძალა იხმარა სასტუმროს დამლაგებელ ქალზე. სტროს-კანი ჯერ ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი, როცა გირაოს სახით მილიონი დოლარი გადაიხადა, შინაპატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 1 ივლისის სხდომაზე, მომჩივანი ქალის მიმართ უნდობლობის გაჩენის გამო,სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ის სრულ სიმართლეს ლაპარაკობს, - ეჭვმიტანილი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს და ფულიც დაუბრუნეს, მაგრამ ჯერ არ მისცეს საბუთები, რაც მას აშშ-დან გასვლის უფლებას ართმევს. თავის დროზე სტროს-კანი ნიუ-იორკში, აეროპორტში, თვითმფრინავში დააპატიმრეს და მაშინ მოსამართლემ სწორედ უსაფრთხოების მოსაზრებით იმოქმედა, დაუშვა რა, რომ სტროს-კანი გაქცევას შეეცდებოდა. გასაქცევი სტროს-კანს აქვს, ალბათ, საფრანგეთში, სადაც მის მიმართ, როგორც სოციალისტური პარტიის წარმომადგენლისა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი შეიძლებოდა კანდიდატად წარედგინათ, სიმპათიაც არსებობს და აშშ-ის მართლმსაჯულების მიმართ უკმაყოფილებაც იმის გამო, რომ ეჭვმიტანილი ხელბორკილებით გამოაჭენეს ტელევიზიით. ახლა იმავე საფრანგეთში შეიძლება აღიძრას საქმე, თუკი სასამართლომ ამისათვის საკმარისად მიიჩნია მწერალი ქალის ჩვენება. ბანონის ადვოკატები ოთხშაბათს აპირებენ საჩივრის ოფიციალურად შეტანას პროკურატურაში. 2003 წელს, როცა სტროს-კანი ფინანსთა მინისტრი იყო, მას ინტვერვიუ სთხოვა ტრისტან ბანონმა, რომლის ბრალდებასაც სტროს-კანის ადვოკატებმა „მოგონილი“ უწოდეს; მათვე განაცხადეს, რომ სავალუტო ფონდის ყოფილმა დირექტორმა მათ დაავალა ბანონის წინააღმდეგ ეჩივლათ ცილისწამებისთვის. ბანონის ადვოკატმა, დევიდ კუბიმ, ჟურნალისტებს უთხრა: „შემიძლია დავადასტურო ჩემი კლიენტის, ტრისტან ბანონის მიერ მოცემული ინსტრუქცია. ის სრულიად ნათელია და წარმოადგენს სტროს-კანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საჩივრის საფუძველს გაუპატიურების მცდელობისთვის. ფაქტები 2003 წლის დასაწყისით თარიღდება. ეს ფაქტები უკიდურესად მძიმეა. საქმე გვაქვს უკიდურეს ძალადობასთან, რომელიც განსაკუთრებით აღსანიშნავია ასეთ შემთხვევებში. საჩივარს ხვალ შევიტანთ პარიზის პირველი ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს პროკურატურაში. მინდა ვთქვა, რომ თუ ეს საქმე სასამართლოს არ გადაეცა, თუ საქმე არ განიხილა სახალხო ჟიურიმ, როგორც წესია, მაშინ ჩვენ გვეცოდინება, რას წარმოადგენს საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემა.“

სწორედ ამ განცხადების შემდეგ თქვეს სტროს-კანის ადვოკატებმა, რომ უჩივიან ბანონს ყალბი ჩვენების გამო.

თვითონ ბანონი ჰყვება, რომ იმ ბინაში, პარიზში, სადაც ინტერვიუ უნდა შემდგარიყო, სტროს-კანი მას თავს დაესხა, გაუხსნა ბიუსტჰალტერი და შეეცადა ჯინსი ჩაეხადა. როცა მივხვდი, რომ გაუპატიურებას მიპირებდა, ფეხებით თავდაცვა დავიწყე, უამბო ბანონმა საფრანგეთის ყოველკვირეულ „ლ’ექსპრესს“ ოთხ ივლისს. ბანონმა მაშინ პოლიციას არ მიმართა, მაგრამ მომხდარის შესახებ 2007 წელს ტელევიზიით ილაპარაკა. ბანონის დედა, ენ მანსურე, ამბობს, რომ მაშინ შვილს მან ურჩია არ ეჩივლა. ახლა კი ამას ვნანობო, აცხადებს ტრისტან ბანონის დედა. საფრანგეთის კანონით, გაუპატიურების მცდელობა ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩივილის გადაწყვეტილება ბანონმა მაშინ მიიღო, როცა ნიუ-იორკში სტროს-კანის დაპატიმრების ამბავი გავრცელდა. როცა ნიუ-იორკში აღძრული საქმე შემსუბუქდა, - როგორც ითქვა, სტროს-კანი შინაპატიმრობიდან გაუშვეს, - ბევრმა ივარაუდა, შეიძლება ის საფრანგეთში პოლიტიკას დაუბრუნდესო. დაპატიმრებამდე საფრანგეთის სოციალისტური პარტია თვლიდა, რომ სტროს-კანის საშუალებით შეიძლებოდა 2012 წლის არჩევნების მოგება. მაგრამ ახლა, 4 ივლისს, პარტიის წარმომადგენელმა ბენუიტ ამონმა განაცხადა, სტროს-კანის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა ყველა შესაძლებელ ვარიანტს შორის ყველაზე სუსტი ნაბიჯი იქნებაო.
XS
SM
MD
LG