Accessibility links

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მუშაობა დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკავებული ოთხი ქართველის საქმეზე, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. 8 სარჩელისგან შემდგარი საქმე, სახელწოდებით ”ზვიად კობალაძე და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”, რომელიც სტრასბურგს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინიციატივით მიეწოდა, აერთიანებს უკანონო დაკავებასთან, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი სულ რაღაც 3 თვის დასრულებული იყო, როდესაც 30 წლის ზვიად კობალაძე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ზნაურის რაიონის სოფელ ავნევში, საკუთარი სახლის სანახავად შევიდა. კობალაძე კარგად აცნობიერებს, რომ ეს ნაბიჯი საკმაოდ სარისკო იყო კაპრალისთვის, რომელიც აგვისტოს ომშიც იბრძოდა, მაგრამ მან ზუსტად იცის ისიც, რომ ეს ყველაფერი დიდმა სიყვარულმა და მონატრებამ გააკეთებინა.
იყო შეურაცხყოფა, იყო ლანძღვა... ყველანაირი ზეწოლა იყო.. პირველი ერთი თვე მარტო ვიყავი გამოკეტილი სადღაც ”პადვალში”, სიბინძურეში...

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიური სახლის სანახავად შესული ზვიად კობალაძე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ 2008 წლის 8 ნოემბერს დააკავა და ოდნავ მოგვიანებით, როგორც სამხედრო პირს, მას ტერორიზმსა და გენოციდშიც კი დასდეს ბრალი. პატიმრობის პირველი 13 თვის მანძილზე ოჯახმა არაფერი იცოდა ზვიად კობალაძის ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კობალაძე საშინელი პატიმრობის ზოგიერთ დეტალს იხსენებს:

”ძალიან მძიმე იყო, რა... იყო შეურაცხყოფა, იყო ლანძღვა... ყველანაირი ზეწოლა იყო.. პირველი ერთი თვე მარტო ვიყავი გამოკეტილი სადღაც ”პადვალში”, სიბინძურეში. ალბათ, რაღაც ნაგვის ბუნკერი იყო თუ რა იყო... ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემა თავიდან თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობდა - ყოველი დაკითხვის დროს.”

კობალაძემ ცხინვალის საპატიმროების გაუსაძლის და არაადამიანურ გარემოში 27 თვე გაატარა და ამ ხნის მანძილზე გაიმართა ერთადერთი სასამართლო პროცესი, რომელზეც მას მანამდე წაყენებული უმძიმესი ბრალდებები საზღვრის უკანონო გადალახვის ბრალდებით შეუცვალეს და იმავე დღეს გაათავისუფლეს კიდეც. ეს იყო 2011 წლის 21 თებერვალი.
ზვიად კობალაძე ახლა მეუღლესა და 2 ქალიშვილთან ერთად ხაშურის რაიონში ცხოვრობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ღვიძლის დაავადებისა და რთული ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, ამ ეტაპზეც საკმაოდ მძიმეა და ის მუდმივ მკურნალობას საჭიროებს.

საქმე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ძალისხმევით 2009 წლის სექტემბერში შევიდა, ასევე მოიცავს კიდევ სამი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების 8 სარჩელს. საუბარია ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდებით დაკავებულ პირებზე - 2009 წლის თებერვალში დაკავებულ დავით კაპანაძესა და დემურ ჭიღლაძეზე და ასევე 2009 წლის ივლისში დაკავებულ, იმხანად არასრულწლოვან, გიორგი არჩვაძეზე.
უკანონო დაკავების საქმეები საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში...

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ნათია კაციტაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ 4 ქართველი დაკავებულის საქმე წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ პირველ საქმეს, ”რომლის კომუნიცირებაც მოხდა 2008 წლის ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში.” საგულისხმოა, რომ საიასთან ერთად ამ საქმეზე მუშაობდა ჰოლანდიაში დაფუძნებული ორგანიზაცია - ”რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა”.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილია დაახლოებით 150 საქმე, საიდანაც 55 საქმე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით მომზადდა, ლოგიკურად იბადება შეკითხვა: რატომ შეარჩია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ”ზვიად კობალაძისა და სხვების” საქმე?

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ნათია კაციტაძე ასეთ ვარაუდს გამოთქვამს:

”უკანონო დაკავების საქმეები საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტუალურია. როგორც გახსოვთ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პირების - და განსაკუთრებით კობალაძის - გათავისუფლება საკმაოდ გვიან მოხერხდა. და რომ უკანონო დაკავებებზე რაღაცნაირი ეფექტი ჰქონდეს ევროპის სასამართლოს, სწორედ ამიტომ დაიწყო ამ საქმის განხილვა, და რომ აღარ გაგრძელდეს ასეთი ცუდი პრაქტიკა.”

კომუნიკაციის პროცესში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ 4 ქართველის საქმესთან დაკავშირებით დაიწყო, რუსეთის ფედერაციას მოუწევს პასუხების გაცემა მის მიმართ დასმულ არაერთ შეკითხვაზე. ეს არის პირველი ეტაპი.
ამ ტიპის საქმეებში დიდი ალბათობით არის ის, რომ დასაშვებობის ეტაპს გაივლის და რომ არსებითად მოხდება საქმის განხილვა...

რამდენად იმედისმომცემია ეს პროცესი და რა შედეგს შეიძლება მოელოდეს ქართული მხარე?

”როდესაც კომუნიკაცია იწყება, ეს უკვე ნიშნავს, რომ სასამართლო ამ საქმესთან მიმართებით უკვე ხედავს კონვენციით დაცული უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებს. ამ ტიპის საქმეებში დიდი ალბათობით არის ის, რომ დასაშვებობის ეტაპს გაივლის და რომ არსებითად მოხდება საქმის განხილვა. ანუ დასაშვებობა ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რამდენად არის რუსეთი მოპასუხე მხარე ამ საქმეში. მთავარი დასაშვებობის საკითხი სწორედ ეს არის.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ არგუმენტაციით, რადგანაც ძალიან დიდია რუსეთის გავლენები და კონტროლი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტებზეც სწორედ რუსეთის ფედერაციამ უნდა აგოს პასუხი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG