Accessibility links

logo-print

პარტიები პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებენ


უთანხმოების საგნად რჩება პარლამენტის მიერ გასულ საღამოს დამტკიცებული საკანონმდებლო შესწორება, რომლის თანახმად, საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს შეუძლიათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ. სამოქალაქო კოდექსის ამ ახალი ნორმისთვის ვეტოს დაწესებისა და საკითხის ხელახალი განხილვისკენ დღეს პრეზიდენტს მოუწოდა კიდევ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ. ”ახალი მემარჯვენეები” მიიჩნევს, რომ პარლამენტის დაუსაბუთებელი სიჩქარე პრობლემას ვერ მოაგვარებს და შესაძლოა, გამოუსწორებლად დააზიანოს სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება და კონფესიათა დაუძაბავი და ერთმანეთისთვის სასარგებლო ურთიერთობა. დღესვე ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ პარლამენტმა არ გაიზიარა საპატრიარქოს მოწოდება საკითხის განხილვის გადადების შესახებ, რის გამოც საფრთხე შეექმნა სახელმწიფოს და ეკლესიის კონსტიტუციურ შეთანხმებას და ორი ინსტიტუტის ურთიერთნდობას. განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ფორუმმაც, რომლის შეფასებით, ეკლესია არასდროს ჩარეულა სახელმწიფოს საერო და პოლიტიკურ საქმიანობაში. ფორუმი ანგარიშგასაწევად და სავალდებულოდ მიიჩნევს საპატრიარქოს სწორი პოზიციის გათვალისწინებას და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება გაცილებით მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო შესწორებას ანტისახელმწიფოებრივი და ანტირელიგიური უწოდა ლეიბორისტულმა პარტიამ. მისი შეფასებით, სამოქალაქო კოდექსის ცვლილება მიზნად ისახავს რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებას.
XS
SM
MD
LG