Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზრთა სხვადასხვაობა რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან დაკავშირებით


უთანხმოების საგნად რჩება პარლამენტის მიერ გასულ საღამოს დამტკიცებული საკანონმდებლო შესწორება, რომლის თანახმად, საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს შეუძლიათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ. სამოქალაქო კოდექსის ამ ახალი ნორმისთვის ვეტოს დაწესებისა და საკითხის ხელახალი განხილვისკენ დღეს პრეზიდენტს მოუწოდა კიდევ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ. ”ახალი მემარჯვენეები” მიიჩნევს, რომ პარლამენტის დაუსაბუთებელი სიჩქარე პრობლემას ვერ მოაგვარებს და შესაძლოა, გამოუსწორებლად დააზიანოს სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება და კონფესიათა დაუძაბავი და ერთმანეთისთვის სასარგებლო ურთიერთობა. დღესვე ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ პარლამენტმა არ გაიზიარა საპატრიარქოს მოწოდება საკითხის განხილვის გადადების შესახებ, რის გამოც საფრთხე შეექმნა სახელმწიფოს და ეკლესიის კონსტიტუციურ შეთანხმებას და ორი ინსტიტუტის ურთიერთნდობას. განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ფორუმმაც, რომლის შეფასებით, ეკლესია არასდროს ჩარეულა სახელმწიფოს საერო და პოლიტიკურ საქმიანობაში. ფორუმი ანგარიშგასაწევად და სავალდებულოდ მიიჩნევს საპატრიარქოს სწორი პოზიციის გათვალისწინებას და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება გაცილებით მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო შესწორებას ანტისახელმწიფოებრივი და ანტირელიგიური უწოდა ლეიბორისტულმა პარტიამ. მისი შეფასებით, სამოქალაქო კოდექსის ცვლილება მიზნად ისახავს რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებას.

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ დღეს განაცხადა, რომ მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების მიზნით, სექტემბრიდან მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის თქმით, პარლამენტმა უპრეცედენტოდ მცირე დროში მიიღო რელიგიური კონფესიების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირების გადაწყვეტილება და არ გაითვალისწინა საკითხის განხილვის გადადების შესახებ საპატრიარქოს თხოვნა და საზოგადოებრივი აზრი. ”ეს წარმოადგენს ქვეყნისთვის საშიშ მოქმედებას, რომლის პასუხისმგებლობა საპარლამენტო უმრავლესობასა და კანონპროექტის ინიციატორებს ეკისრებათ” - განაცხადა პარლამენტის ქრისტიან-დემოკრატმა ვიცე-სპიკერმა.

საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას მიესალმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის.” მისი შეფასებით, პარლამენტის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოში დამკვიდრებული კონფესიების მშვიდობიან თანაცხოვრებას და წინ აღუდგება რელიგიური ნიშნით ქვეყნის მოქალაქეთა გაყოფის მცდელობას. თავის მხრივ, ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც პარლამენტის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, დღეს საღამოს ექვს საათზე ქაშუეთის ეკლესიასთან გეგმავენ საპროტესტო აქციას.
XS
SM
MD
LG