Accessibility links

დმიტრი მედვედევი: მაგნიტსკი „კრიმინალური ქმედების მსხვერპლია“


სერგეი მაგნიტსკი

სერგეი მაგნიტსკი

რუსმა უფლებადამცველებმა დღეს პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს გადასცეს მოხსენება ფონდ „ჰერმიტიჯ კაპიტალის“ იურისტის სერგეი მაგნიტსკის საქმეზე. მოხსენებაში არ არის საბოლოო დასკვნა, თუ რატომ დაიღუპა მაგნიტსკი. დასკვნა ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც დასრულდება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება.

უფლებადამცველების ვერსიით, „ჰერმიტიჯ კაპიტალის“ იურისტი ციხეში დაიღუპა ცემის შედეგად და არა მხოლოდ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის გამო.
პრეზიდენტმა თქვა, რომ მაგნიტსკის საქმეზე გაიცემა დავალება. ეს არის ერთ-ერთი დასკვნა უშუალოდ ამ საქმესთან დაკავშირებით...

მოხსენება, რომელიც უფლებადამცველებმა დმიტრი მედვედევს ნალჩიკში გადასცეს, პირობითად სამი ნაწილისაგან შედგება. დოკუმენტში საუბარია მაგნიტსკის საქმის კორუფციულ შემადგენელზე, იურისტის სიკვდილის გარემოებასა და საპყრობილეში სამედიცინო მომსახურების მდგომარეობაზე. თუმცა ამ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სერგეი მაგნიტსკი „მატროსსკაია ტიშინას“ საპყრობილეში სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის გამო გარდაიცვალა.

როგორც ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აღიარა, რომ რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებას ციხეში „კრიმინალური ქმედება უდევს საფუძვლად.“

აი, რა განაცხადა ნალჩიკში გამართული შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა მარია პოლიაკოვამ:

„პრეზიდენტმა თქვა, რომ მაგნიტსკის საქმეზე გაიცემა დავალება. ეს არის ერთ-ერთი დასკვნა უშუალოდ ამ საქმესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მან თქვა, რომ არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ასეთი რეზონანსული განცხადებით მაგნიტსკისა და ხოდორკოვსკის საქმეზე, არამედ საჭიროაო უფრო ფართოდ და ღრმად მოვეკიდოთ მსგავს პრობლემებს.“
ჯერ კიდევ არსებობს ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ასევე იმყოფებიან სასჯელაღკვეთის ადგილებში და არსებობს დიდი საფთხე, რომ ისინიც დაიხოცებიან...

სერგეი მაგნიტსკი „ჰერმიტიჯ კაპიტალის“ თანამშრომელი იყო. ის შსს-მ გადასახადების დამალვის ბრალდებით მას შემდეგ დააკავა, რაც მან სამინისტროს წარმომადგენლები სახელმწიფო ქონების მისათვისებლად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებაში დაადანაშაულა. მაგნიტსკი ციხეში 2009 წელს გარდაიცვალა. თუმცა, მიუხედავად მედვედევთან შეხვედრისა, ოლეგ ნოვიკოვი, უფლებადამცველი ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ვერდიქტის“ წარმომადგენელი, ფიქრობს, რომ რუსეთის ციხეებში გრძელდება ის სავალალო პრაქტიკა, რომელიც მაგნიტსკის დაღუპვის ერთ-ერთი მიზეზი გახდა:

„ჩემი აზრით, ეს საქმე ცოტათი მიჩუმდება და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც იყო. ანუ საქმე ისაა, რომ მაგნიტსკი უკვე აღარ არის ცოცხალი, ეს დიდი ტრაგედიაა. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ასევე იმყოფებიან სასჯელაღკვეთის ადგილებში და არსებობს დიდი საფთხე, რომ ისინიც დაიხოცებიან. ავიღოთ მაგალითად ტაისია ოსიპოვას საქმე სმოლენსკში - პატიმარს არ ათავისუფლებენ გაუსვლელობის ხელწერილით, როდესაც უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება.“

რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარების საბჭოს წევრის, ირინა ისაინას თქმით, მალე გამოქვეყნდება სია იმ პირებისა, რომლებიც სერგეი მაგნიტსკის დაღუპვაზე აგებენ პასუხს. თუმცა ამავე საბჭოს მეორე წევრის, სვეტლანა გალუშკინას თქმით, ეს მხოლოდ 15 ივლისს მოხდება. გალუშკინამ განაცხადა, რომ საბჭოს წევრებს სურთ, პრეზიდენტი მედვედევი იყოს მოხსენების სრული ვერსიის პირველი მკითხველი, რაც მეტად დაიცავს მოხსენების ავტორებს. საბჭოს კიდევ ერთი წევრი, რუსეთის „ტრანსპარენსი ინტერნეიშნელი“ წარმომადგენელი, ამტკიცებს, რომ მაგნიტსკის საქმეში არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, რადგან ამ საქმეს იგივე ადამიანები აწარმოებდნენ, რომლებსაც გარდაცვლილი იურისტი რუსეთის ბიუჯეტის დატაცებაში ადანაშაულებდა.
XS
SM
MD
LG