Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა უარს ამბობს ეუთოს მიერ შეთავაზებულ თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ იუწყება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ”რესი”. გამოქვეყნებულ ცნობაში ხაზგასმულია დიდი უკმაყოფილება, რომლის გამოც ცხინვალი უარს ამბობს ეუთოსთან თანამშრომლობაზე, თუმცა არ კონკრეტდება შეთავაზებული თანამშრომლობის ფორმა. რა ინფორმაციას ფლობს ამის შესახებ თბილისი?

ეუთოს მისამართით მწვავე უკმაყოფილებას გამოთქვამს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი. როგორც მან ადგილობრივ მედიას აუწყა, ცხინვალს ეუთოსთან სალაპარაკოც არაფერი აქვს, ვიდრე მინიმუმ 2 აუცილებელი პირობა არ დაკმაყოფილდება:

”ვიდრე ისინი ობიექტურად არ შეაფასებენ აგვისტოს ომს და ვიდრე არ შეაფასებენ თავიანთ მოქმედებებს, უფრო სწორად, უმოქმედობას, ჩვენ მათთან არაფერი გვაქვს სალაპარაკო.”

ცხინვალის ტელევიზიით გავრცელებული ამ კომენტარის გარდა, საინფორმაციო სააგენტო ”რესის” საშუალებით ბორის ჩოჩიევის სხვა მოსაზრებებიც გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ ცხინვალი ეუთოს საქართველოს სამხედრო აგრესიის ხელშეწყობაშიც სდებს ბრალს, რადგან ეს ორგანიზაცია ნიღბავდა თბილისის მზადებას ომისთვის. როგორც ჩოჩიევი ამბობს, ცხინვალის განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეუთოს მისიამ საქართველოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით ანგარიშიც კი არ მოამზადა მუდმივმოქმედ საბჭოზე განსახილველად და ასევე არ მიაწოდა სათანადო ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას.

ერთი სიტყვით, ამ და სხვა მიზეზების გამო, ცხინვალი უარს ამბობს თანამშრომლობაზე, რომელიც, ჩოჩიევის თქმით, ეუთომ მათ ვენაში შვეიცარიის წარმომადგენლობის საშუალებით შესთავაზა. როგორც უკვე ვთქვით, გავრცელებულ ცნობაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა სახის თანამშრომლობა შესთავაზეს ვენიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას.

ეუთოდან თანამშრომლობის შეთავაზების ასეთ აფიშირებას ცხინვალის მხრიდან გადაჭარბებულად და სასაცილოდაც კი მიიჩნევენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, რომელიც ახალი დაბრუნებულია ვენიდან, სადაც ის ეუთოს უსაფრთხოების მიმოხილვის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა, ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს, აი-პი-არ-ემ-ს (IPRM), უკავშირდება:

”ლიტვის თავმჯდომარეობამ - უფრო სწორად, გედრიუს ჩეკუოლისმა - შვეიცარიის ელჩს ეუთოში დაავალა, დაიწყოს მუშაობა, რომ ეუთომ შეძლოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში მონაწილეობა. ამჟამად ეუთოს პრობლემები აქვს. მაგალითად, აფხაზეთის მიმართულებით ეუთოს არანაირი როლი არ ენიჭება და ის გალში გამართულ არც ერთ შეხვედრას არ დასწრებია, ცხინვალის მიმართულებით გამართულ შეხვედრებში კი მხოლოდ ჩეკუოლისს უშვებენ. საკმარისია, მან ვინმე სხვა გამოუშვას თავისი გუნდიდან, იქითა მხარე არ იღებს მას.”

გედრიუს ჩეკუოლისი, რომელსაც თავის კომენტარში ახსენებს სერგი კაპანაძე, ეუთოს ლიტვის თავმჯდომარეობის წარმომადგენელია გაჭიანურებულ კონფლიქტთა საკითხებში და ის ასევე ასრულებს თანათავმჯდომარის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. სერგი კაპანაძის თქმით, ის, რაც ჩეკუოლისმა დაავალა შვეიცარიის ელჩს, საქართველო დიდი ხანია ითხოვს:

”უკვე რამდენი ხანია მიდის მოლაპარაკებები იმაზე, რომ ინციდენტების პრევენციის მექანიზმში ეუთოს წარმომადგენლები შეუშვან და ეუთოს გუნდი შეუშვან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამისი მომხრეები ვართ... 2009 წლის თებერვლის შემდეგ, როცა ეს IPRM-ები შევქმენით, ჩვენი მოთხოვნით ჩაიდო პუნქტი, რომ შეხვედრებში ორივე მიმართულებით უნდა ყოფილიყო ჩართული ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. და იმის მერე ვწვალობთ ამაზე და ვჭიდაობთ მოსკოვთან.”

ეუთოს ლიტვის თავმჯდომარეობის მიერ შვეიცარიის ელჩისთვის მიცემული დავალება ასევე ითვალისწინებს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში, ეუთოს ჩართვას გალის შეხვედრებშიც - აფხაზეთის მიმართულებით. თუმცა ამ ეტაპზე მთელი ძალისხმევა მიმართულია ეუთოს როლის განსამტკიცებლად შეხვედრებში, რომლებიც, იმავე მექანიზმის ფარგლებში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიმართულებით დვანში იმართება.
XS
SM
MD
LG