Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ნემცოვი ამტკიცებს, რომ მას ქვეყნის დატოვება აუკრძალეს


რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი, ბორის ნემცოვი, ამბობს, რომ იგი დაბრუნდება რუსეთში, სადაც მას ქვეყნიდან გასვლა ექვსი თვით აუკრძალეს. სტრასბურგში, დემოკრატიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ბორის ნემცოვმა მოგზაურობის სავარაუდო აკრძალვა ახსნა როგორც „შურისძიება“ მის მიერ „პარნასის“ (სახალხო თავისუფლების პარტის) შექმნის გამო. რუსეთის ხელისუფლება, რომელმაც აღნიშნული პარტიის რეგისტრირებაზე უარი თქვა, ნემცოვისათვის მოგზაურობის აკრძალვის შესახებ რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ნემცოვის განცხადება, რომ მას აუკრძალეს ქვეყნიდან გასვლა, ევროკავშირის პარლამენტში რუსეთზე რეზოლუციის მიღებას დაემთხვა. ევროკავშირმა გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლითაც პარტია „პარნასს“ რეგისტრაციაში გატარებაზე უარი ეთქვა. რაც შეეხება ბორის ნემცოვისათვის ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვას, შესაბამისი შესწორება რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტის წევრის, ესტონელი პარლამენტარის კრისტინე ოჯულანდის გამოსვლის შემდეგ შევიდა:

„ევროპის პარლამენტი გმობს ბორის ნემცოვისათვის მოგზაურობის ექვსი თვით აკრძალვას და მოუწოდებს რუსეთს ის დაუყოვნებლივ გააუქმოს."

გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, 2011 წლის 5 ივლისს, იმის გამო, რომ დროულად არ შეასრულა სასამართლოს დადგენილება, ბორის ნემცოვს ექვსი თვით აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა. როგორც იუწყებიან, სასამართლოს ბოქაულებმა ჩათვალეს, რომ „ძალიან პატარა შრიფტით იყო გამოქვეყნებული განმარტება“, რომელიც ბორის ნემცოვმა ბიზნესმენ გენადი ტიმჩენკოს არაკორექტულად მოხსენიებისათვის გააკეთა. წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ პამფლეტში -„პუტინი. შედეგები. 10 წელი“- ნემცოვმა დაწერა, რომ ბუნებრივი აირის ბიზნესში მოღვაწე გენადი ტიმჩენკომ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან სიახლოვე გამოიყენა იმისათვის, რომ რუსეთში უმდიდრესი ადამიანი გამხდარიყო.

ტიმჩენკომ უარყო ბრალდება, ხოლო მოსკოვის სასამართლომ ნემცოვი დაავალდებულა საჯარო განმარტება მიეცა. თუმცა, როგორც „კომერსანტი“ წერს, 26 მარტის ნომერში ნემცოვის შესაბამისი განმარტება სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად. მეტიც, როგორც ნემცოვმა უთხრა დღეს ჟურნალიტებს, სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომელიც ნემცოვს 6 თვის განმავლობაში ქვეყნის დატოვებას უკრძალავს.

თუმცა დღეს მთელი დღის განმავლობაში ურთერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდებოდა. სასამართლო,რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ნემცოვს აუკრძალა ქვეყნის დატოვება, უარყოფს პოლიტიკოსის მიმართ რაიმე ამკრძალავი განჩინების გამოტანას. თუმცა ნემცოვის ადვოკატი დაჟინებით იმეორებს, რომ აკრძალვა არსებობს და იგი ტიმჩენკოს მიმართ გამოთქმულ ძველ ბრალდებებს უკავშირდება.

ბორის ნემცოვი, რომელიც პრეზიდენტ ბორის ელცინის დროს, 1990-იანი წლების ბოლოს, რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე იყო, მისთვის ექვსი თვით ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ბორის ნემცოვი ლიდერია ახლად შექმნილი „პარნასის“, სახალხო თავისუფლების პარტიისა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ რეგისტრაციაში არ გაატარა.

ეს გადაწყვეტილები დიდი ალბათობით ნიშნავს, რომ პარტიას, რომლის ლიდერიც აცხადებს, რომ პარტიის 53 ორგანიზაცია 46 ათას წევრს აერთიანებს, არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა დეკემბერში რუსეთში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში.

7 ივლისის რეზოლუციაში ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას შექმნას გარანტია „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის და გააუქმოს ყველა გადაწყვეტილება, რაც ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება.“ ევროპის პარლამენტარებმა შეშფოთება გამოთქვეს იმ პრობლემების გამო, რომელთაც რუსეთში პარტიები არჩევნებში რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. „ასეთი პრაქტიკა სპობს პოლიტიკურ კონკურენციას და ელექტორატს ართმევს შესაბამისი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“, - ნათქვამია ევროკავშირის რეზოლუციაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG