Accessibility links

კვირას ბათუმში მოეწყო კონცერტი, რომელსაც ქართველი მუსიკის მოყვარულები, განსაკუთრებით ბათუმელები, მთელი წელი ელოდნენ - ბათუმის პიაცაზე კრის ბოტიმ დაუკრა და სტინგმა იმღერა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ნიკა მემანიშვილი დირიჟორობდა. კონცერტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში უჩვენებდა. მოგვიანებით ქართულმა მედიამ მუსიკოსების ვოიაჟის დეტალებიც გაგვაცნო. კონცერტის წარმატებამ ერთგვარად დაჩრდილა არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა - სტინგმა უარი თქვა საქართველოდან ყაზახეთში გამგზავრებაზე, სადაც პრეზიდენტ ნაზარბაევის დაბადების დღის აღსანიშნავად კონცერტი უნდა გაემართა.

სტინგის გადაწყვეტილება ქართულმა ტელეარხებმა ორშაბათ დილით, ბათუმის კონცერტის დასრულებისთანავე, გააცნეს მაყურებელს. პარალელურად რუსულმა და ყაზახურმა პრესამ ეს ინფორმაცია შეაფასა როგორც სიცრუე - კონცერტის ორგანიზატორების მტკიცებით, სტინგის გასტროლები ტექნიკურმა მიზეზებმა ჩაშალა. შესაბამისად, ინფორმაცია, სტინგმა კონცერტზე უარი თქვა ყაზახეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამოო, დამატებით არგუმენტებს მოითხოვდა. ცოტა ხანში ქართულმა მედიამ წყაროც დაასახელა - სტინგის ოფიციალური ვებგვერდი, სადაც აღნიშნულია, რომ მუსიკოსმა ყაზახურ შოუზე ”ამნესტი ინტერნეიშენელის” რჩევით თქვა უარი: სტინგმა ყურადღება გაამახვილა ნავთობისა და გაზის მოპოვების სექტორში ჩართული ადამიანების უფლებათა დარღვევაზე და მსოფლიო საზოგადოებას მიმართა დაინტერესდნენ რეპრესიებით, რომელსაც, მუსიკოსის თქმით, ადგილი აქვს ამ ქვეყანაში. ქართულმა სახელისუფლო მედიამ, ბუნებრივია, აიტაცა ეს ცნობა - გამოვიდა, რომ საქართველოში, ყაზახეთისგან განსხვავებით, სადაც სტინგი კრის ბოტის კონცერტის საპატიო სტუმარი იყო, ადამიანის უფლებებს არ არღვევენ.
კულტურულ ბოიკოტს აზრი არ აქვს. ბოიკოტი კიდევ უფრო გაზრდის რეჟიმის დისტანციას ცივილიზაციისგან...

სხვათა შორის, იმ დღეს, როცა სტინგის გადაწყვეტილება შევიტყვეთ, მომღერლის ვებგვერდზე ბათუმში ჩატარებული კონცერტის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. თუმცა, მაგალითად, გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სტინგის კონცერტზე ყაზანში, რომელიც ივლისის დასაწყისში ჩატარდა. კიდევ ერთი დეტალი: სტინგის ფანგვერდებზე და მომღერლის ვებგვერდზე აქამდე ხაზგასმული იყო, რომ მუსიკოსი ასტანაში ქალაქის დღის აღსანიშნავ კონცერტს მართავდა, თუმცა ყაზახეთში ყველამ იცოდა, რომ მომღერალი კონცერტს პრეზიდენტ ნაზარბაევის დაბადების დღეს ამთხვევდა. სტინგის განცხადებამ, ერთი მხრივ, მსოფლიო საზოგადოებას შეახსენა, რომ დასავლეთ ყაზახეთში უკვე ერთ თვეზე მეტია მენავთობეთა გაფიცვა მიმდინარეობს ხელფასის გაზრდის მოთხოვნით და რომ, არაოფიციალური ინფორმაციით, 15 000 ზე მეტი ადამიანია გაფიცული და ასეულობით ადამიანი დაპატიმრებული... მეორე მხრივ, ამ ინფორმაციამ, კრის ბოტისა და სტინგის წარმატებულ კონცერტთან ერთად, გადაფარა კითხვები, რომლებიც შეიძლებოდა დაესვათ ბათუმში ჩატარებული კონცერტის ორგანიზატორებისთვის - როგორ მოხვდა კონცერტზე საქართველოს მთავრობა სრული შემადგენლობით, ვინ იყვნენ ეგრეთ წოდებული ”დაპატიჟებული სტუმრები” და რატომ ღირდა ბილეთები ასეთი ძვირი.

სტინგის საქციელმა გადაფარა მეორე სკანდალიც, მნიშვნელოვანი თავად მომღერლის ცხოვრებაში. 2006 წელს რუსმა ოლიგარქმა ვლადიმირ ლისინმა თავის დაბადების დღეზე მოიწვია მომღერალი და რამდენიმე სიმღერისთვის ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა - უფრო მეტიც, აიძულა სტინგი დაეწერა მისალოცი ”წერილი მეგობარს” , რომელსაც მოგვიანებით ამაყად აკითხებდა ყველას. თუმცა ეს არაფერი - მაღალი ჰონორარი არერთი მომღერლისთვის გამხდარა ცდუნება... 2010 წელს, ე.ი. ყაზახეთში ჩაშლილ კონცერტსა და ბათუმში ჩატარებულ შოუმდე ერთი წლით ადრე, სტინგმა 2 მილიონი გირვანქა სტერლინგის ფასად იმღერა უზბეკეთში, უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილისთვის, გულნარა კარიმოვასთვის... თანაც, ბილეთი ამ კონცერტზე 2 000 დოლარი ღირდა (45-ჯერ სჭარბობს საშუალო ხელფასს უზბეკეთში). კონცერტის დასრულების შემდეგ, როცა დასავლურმა პრესამ სტინგი ფარისევლობაში დაადანაშაულა, მომღერალმა აღნიშნა: ”კულტურულ ბოიკოტს აზრი არ აქვს. ბოიკოტი კიდევ უფრო გაზრდის რეჟიმის დისტანციას ცივილიზაციისგან”... ამჯერად სტინგს წარსულს აღარ ახსენებენ. ზუსტად არც ის ვიცით, რა დაჯდა ბათუმში ჩატარებული კონცერტი. თუმცა ვიცით, როგორ შეაფასა ეს კონცერტი თუნდაც რენი ჰარლინმა. ”აგვისტოს 5 დღის” რეჟისორის თქმით, ამ კონცერტით ბათუმის რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG