Accessibility links

თბილისში ესტონეთის საელჩომ უმასპინძლა წიგნის პრეზენტაციას, სახელწოდებით ”ხმა მდუმარეთა”. წიგნი ორგანიზაცია ”ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელისა” და ”ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტის” მიერ გამოიცა. ის სამი ნაწილისაგან შედგება. მკითხველს საშუალება აქვს წიგნში წაიკითხოს ძალადობის მსხვერპლთა ამბები, ექსპერტთა რჩევები და მეცნიერთა მოსაზრებები.

”ერთხელ მამა ცუდად იყო და აფთიაქში გამიშვა. რომ მოვედი, წამალი ნახევარ ჭიქაში გავუხსენი. არ არის ნახევარი ჭიქაო, ამის გამო მცემა, თმით მითრია, წიხლები მირტყა. ზამთარი იყო და გარეთ გამაგდო ჩუსტებითა და ჯემპრით. უკაპიკოდ დავრჩი ქუჩაში. სულ დალურჯებული მქონდა სხეული”, - 21 წლის თამუნამ გადაწყვიტა დუმილი დაერღვია და თავისი ამბავი სხვებისთვის მოეთხრო. ის ძალადობის მსხვერპლია და მისი ისტორია წიგნში, სახელწოდებით ”ხმა მდუმარეთა”, სხვა 22 ქალის ამბავთან ერთად არის აღწერილი. ინტერვიუს ჟანრში ჩაწერილი ძალადობის ამსახველი ამბები საკმაოდ მძიმე წასაკითხია, თუმცა, როგორც წიგნის ავტორები ამბობენ, მათი მიზანიც სწორედ ეს იყო - საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააცნობიეროს რას ნიშნავს ძალადობა ოჯახში და რას ნიშნავს იყო ძალადობის მსხვერპლი. ”დარწმუნებული ვარ, წიგნის წაკითხვის შემდეგ ბევრი ადამიანი სულ სხვაგვარად შეხედავს არსებულ რეალობას, პრობლემას გაცილებით მეტი გულშემატკივარი ეყოლება”, - ამბობს „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლის“ დირექტორი ნატო შავლაყაძე: ”ვფიქრობ, რომ ეს წიგნი დააინტერესებს საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს, ნებისმიერ ადამიანს, რითიც არ უნდა იყოს ის დაკავებული. ის, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, არ უნდა რჩებოდეს მხოლოდ იმ ადამიანების პრობლემად, ვისთანაც ეს პრობლემები ჩნდება. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ იგივე შეიძლება ჩვენთანაც მოხდეს და ამიტომ საჭიროა პრევენციული ზომების მიღება. ეს წიგნი, გარკვეულწილად, პრევენციასაც შეუწყობს ხელს”, - ამბობს ნატო შავლაყაძე.

როდესაც ამ ინტერვიუებს ერთად ვკითხულობდი, როდესაც მათ რედაქტირებას ვაკეთებდი, ეს ჩემთვის ძალიან რთული პროცესი იყო და რამდენიმე ღამე არ მეძინა. ეს ყველაფერი არის ჩვენი რეალობა...
ჰელვე კასე, ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტის ქალთა პრობლემების განყოფილების ხელმძღვანელი და წიგნის ავტორი, იმ დროს იხსენებს, როდესაც - ზუსტად 10 წლის წინ - წიგნი, სახელწოდებით ”ხმა მდუმარეთა”, ესტონეთში გამოიცა. შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნმა გარღვევა მოახდინა ესტონურ საზოგადოებაში ოჯახში ძალადობის პრობლემატიკის გაცნობიერების კუთხით, ამბობს ის და რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმედს გამოთქვამს, რომ წიგნის ქართული ვარიანტი საშუალებას მისცემს საზოგადოებას ჩამოშორდეს ტაბუ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებს: ”ეს იყო ათი წლის წინ. მაშინ ჩვენს საზოგადოებაში ოჯახური ძალადობის თემატიკა ტაბუდადებული იყო. ხალხი ფიქრობდა, რომ ესტონეთში მსგავსი არაფერი ხდებოდა. და როდესაც ”ხმა მდუმარეთა” გამოვიდა, სადაც ძალადობის მსხვერპლები თავად ჰყვებოდნენ საკუთარი ტრაგედიის, ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებ, ამ წიგნმა საზოგადოებას შოკი მოჰგვარა. მინდა მჯეროდეს, რომ მას შემდეგ, რაც ხალხი წაიკითხავს წიგნს, ისინი ამ პრობლემის შესახებ ფიქრს დაიწყებენ”, - ამბობს ჰელვე კასე.

36 წლის ინგა წიგნის პრეზენტაციაზე თავის ერთ-ერთ გოგონასთან, ბარბარესთან ერთად მოვიდა. მას ოთხი შვილი ჰყავს. ინგა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია და რამდენიმე თვე „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლის“ ერთ-ერთ თავშესაფარში გაატარა. ”სტუმრის მოსვლა არ მიხაროდა. ჩემი ქმარი რომ დათვრებოდა, შეურაცხადი ხდებოდა. საშინელი ხასიათი ჰქონდა. როცა მუშაობდა, მის დაბრუნებასაც შიშით ველოდი, ვაითუ, ნასვამი მოვიდეს-მეთქი. ეს მოლოდინი აუტანელი იყო. ვცდილობ ჩემი პრობლემა ბავშვებს არ მოვახვიო. ძალიან რთულია ვიმსახიობო, გავიცინო მაშინ, როცა არ მეცინება”, - ეს არის მცირე ამონარიდი ინგას მიერ მოყოლილი ამბიდან, რომელიც წიგნის 72-ე გვერდზეა მოთხრობილი. ის ამბობს, რომ წიგნი, სადაც ძალადობის მსხვერპლები დუმილს არღვევენ, მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ადამიანებს ცხოვრებას გაუადვილებს: ”მინდა, რომ ეს წიგნი ბევრი გამოვიდეს, ბევრმა ქალმა წაიკითხოს, ბევრ ოჯახში იყოს. ვფიქრობ, რომ ქალებს ისე ძალიან აღარ გაუჭირდებათ. ძალიან ბევრი ქალი ცხოვრობს ამ პრობლემით. მე ვიცი, ისინი სახლებში არიან დარჩენილები და არ შეუძლიათ ოჯახი დაანგრიონ, რადგან მათ წასასვლელ არსად აქვთ”, - ამბობს ინგა.

კანონის რეგულირებაში მოექცა ძალადობის განმარტება, რაც მოიცავს იმას, თუ რა ფორმები ახასიათებს ოჯახურ ძალადობას, ასევე განისაზღვრა პასუხისმგებლობის სახეები და ფორმები...
ჟურნალისტი და წიგნის რედაქტორი თინათინ მოსიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ის წიგნზე მუშაობდა. ამბობს, რომ წიგნის პირველ ნაწილში თავად ძალადობის მსხვერპლთა მიერ მოყოლილი ამბები პუბლიკაციას განსაკუთრებულ ექსპრესიას სძენს: ”მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად მიწევს ამ ადამიანებთან ურთიერთობა, როდესაც ამ ინტერვიუებს ერთად ვკითხულობდი, როდესაც მათ რედაქტირებას ვაკეთებდი, ეს ჩემთვის ძალიან რთული პროცესი იყო და რამდენიმე ღამე არ მეძინა. ეს ყველაფერი არის ჩვენი რეალობა, ის პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, რომლის შესახებაც მხოლოდ ახლა ვიწყებთ საუბარს და რომლის შესახებ საუბარიც აუცილებელია”, - ამბობს თინათინ მოსიაშვილი.

407 გვერდიანი წიგნის მეორე და მესამე ნაწილი ექსპერტებისა და მეცნიერების მოსაზრებებს ეთმობა. აქვეა საუბარი იმაზეც, თუ რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2006 წელს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო სპეციალური კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ და გარკვეულწილად განისაზღვრა სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ოჯახში ძალადობის რიცხვის შემცირების, ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და მოძალადე პირების მიმართ სანქციების გამოყენებისაკენ. გია გოგიბერიძე, „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლის“ იურისტი, ამბობს, რომ აღნიშნულმა კანონმა შემოიღო ახალი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს დასჯას ყველა სახის ქმედებისა, რომელიც დაკავშირებულია ოჯახურ ძალადობასთან: ”კანონის რეგულირებაში მოექცა ძალადობის განმარტება, რაც მოიცავს იმას, თუ რა ფორმები ახასიათებს ოჯახურ ძალადობას, ასევე განისაზღვრა პასუხისმგებლობის სახეები და ფორმები. კერძოდ, დადგინდა, რომ არსებობს სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა და თითქმის ამოწურა პასუხისმგებლობის ყველა ის ზომა, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის მიმართ. თვისებრივი სიახლე გახდა ის, რომ ამ კანონმა შემოიღო დამცავი და შემაკავებელი ორდერები, ანუ ეს გახლავთ გარკვეული იძულებითი ხასიათის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც გამოყენებულია მოძალადის მიმართ და ითვალისწინებს მოძალადეთა ვალდებულებების შესრულებას ან მის მიერ გარკვეული მოქმედების შეზღუდვას”, - ამბობს გია გოგიბერიძე.

საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ცენტრმა” ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შეასრულა და რომლის პრეზენტაციაც სამი თვის წინ გაიმართა, გაირკვა, რომ საქართველოში ყოველი მესამე ქალი სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლია. საინტერესოა ოჯახური ძალადობის ფაქტების ოფიციალური ქრონიკაც, ანუ რაზე მეტყველებს სტატისტიკა. თუკი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს დავეყრდნობით, 2010 წელს საქართველოში მხოლოდ 182 მსგავსი შემთხვევაა დაფიქსირებული.

კითხვა, რომელსაც წიგნის ავტორები რესპონდენტებს ინტერვიუს ბოლოს უსვამენ, ასე ჟღერს: „რას ურჩევდით სხვა ქალებს?“ მცირე ამონარიდი 41 წლის ქეთის ინტერვიუდან: ”პირველად რომ დამჭრა ქმარმა, მაშინ რომ წამოვსულიყავი, ალბათ აქამდე რამეს მივაღწევდი. მაშინ ვიფიქრე, ახლა რომ წავიდე, იფიქრებენ, საყვარელი ჰყავსო. ფსიქიკა და ჯანმრთელობა დანგრეული მაქვს, მაგრამ დღესაც ვცდილობ გამოსავლის პოვნას. ქალი დამოუკიდებელი უნდა იყოს. მას თავისი შემოსავალი უნდა ჰქონდეს”.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG