Accessibility links

logo-print
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფში გაერთიანებულმა ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ პოლიტიკური კოალიცია „თავისუფალი არჩევანისთვის“ დააფუძნა. ვერის საკალათბურთო დარბაზში გამართულ შეკრებაზე პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ იწყებენ კოალიციის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პლატფორმების შემუშავებას, თუმცა უცვლელად ტოვებენ ძირითად პოლიტიკურ პოსტულატს: ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
საარჩევნო გარემოს ცვლილება არის მხოლოდ და მხოლოდ საშუალება შეიცვალოს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმული ხელისუფლება არჩევნების გზით...

ოპოზიციური „ექვსიანის“ მხარდამჭერებმა და შეკრებაზე მიწვეულმა სტუმრებმა ვერის საკალათბურთო დარბაზი დღის პირველი საათისათვის შეავსეს. ახალი პოლიტიკური კოალიციის დაფუძნების შესახებ საზოგადოებას „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ამცნო, თუმცა მანამდე საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე პარტნიორი პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები მიიწვია.

„საარჩევნო გარემოს ცვლილება არის მხოლოდ და მხოლოდ საშუალება შეიცვალოს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმული ხელისუფლება არჩევნების გზით. პოლიტიკური კოალიცია „თავისუფალი არჩევანისთვის“ იქმნება ექვსი პოლიტიკური გაერთიანების მიერ“. - ირაკლი ალასანიას თქმით, ახალ პოლიტიკურ კოალიციაში „თავისუფალი დემოკრატების“ გარდა გაერთიანდნენ: „ხალხის პარტია“, რესპუბლიკური პარტია, „საქართველოს გზა“, კონსერვატიული პარტია და „ეროვნული ფორუმი“, რომელთა ლიდერები ეგრეთ წოდებული ოპოზიციური „რვიანის“ დაშლის შემდეგ განახლებულ სტრატეგიასა და ტაქტიკაზე შეთანხმდნენ. კონსერვატიული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის თქმით, კოალიცია საარჩევნო გარემოს შესაცვლელად მხოლოდ სწორი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების იმედად ყოფნას აღარ აპირებს. მისი თქმით, ახალი გაერთიანების ამოცანაა საარჩევნო გარემოს შეცვლა მილიონი მოქალაქის აქტიური სამოქალაქო პოზიციითაც:

„მილიონი კაცი იგებს არჩევნებს და არა მილიონი ლარი!“

თუმცა ახალი კოალიციის წევრებს ისიც ესმით, რომ მილიონი ხმის მიღება, ანუ ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მიმხრობა, იოლი არაა. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ამოცანა რთულია, თუმცა არა დაუძლეველი:

დიდგორის ბრძოლა იყო გადამწვეტი ეტაპი საქართველოს ისტორიაში. მიმაჩნია, რომ 2012 წელიც გადამწყვეტი იქნება ჩვენი ქვეყნის უახლოესი მომავლისათვის...
„მილიონი ამომრჩევლის ფეხზე დაყენებას ვაპირებთ ხელმოწერების, აქციების, შეხვედრებისა და ინფორმაციის მიტანის გზით. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ ყურამდე არ მიდის. ჩვენ აქ რაღაცაზე ვლაპარაკობთ, გვგონია, რომ ყველამ იცის, მაგარმ ასე არ არის.“

დავით უსუფაშვილსა და მის პარტიონერებს, ცხადია, მხარდამჭერებისა და პარტიული აქტივისტების იმედი აქვთ. იმედიანად არიან ვერის საკალათბურთო დარბაზში სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული ადამიანებიც, რომლებიც მზად არიან ბრძოლაში გაჰყვნენ პოლიტიკურ ლიდერებს.

გაყოლა და ბრძოლაში ჩაბმა, როგორც „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი გუბაზ სანიკიძე ამბობს, ახალი პოლიტიკური კოალიციის მხარდამჭერებს სულ მალე მოუწევთ. სანიკიძის თქმით, საზოგადოებას დიდგორის ტოლფასი ბრძოლა აქვს მოსაგები:

„დიდგორის ბრძოლა იყო გადამწვეტი ეტაპი საქართველოს ისტორიაში. მიმაჩნია, რომ 2012 წელიც გადამწყვეტი იქნება ჩვენი ქვეყნის უახლოესი მომავლისათვის. ან ჩვენ შევცვლით ვითარებას, ან არადა, სააკაშვილი დარჩება ძალიან დიდი ხნით.“

პოლიტიკური კოალიცია „თავისუფალი არჩევნებისთვის“ ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული მასშტაბის საინფორმაციო კამპანიას „მახსოვს“, რომელმაც, გუბაზ სანიკიძის თქმით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს, თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს. ახალი კოალიციის დაფუძნებას ზომიერი ოპტიმიზმით შეხვდა ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში არის აშკარა მზაობა იმისა, რომ მიიღონ ხელისუფლების სერიოზული ალტერნატივა. საზოგადოება იქით სთავაზობს იდეებსა და პერსონალიებს რათა ეს მოხდეს. ამ მხრივ ეს ახალი კოალიცია ერთგვარად ფუფუნებაშიც იმყოფება. მას კი არ სჭირდება დაარწმუნოს საზოგადოება თავის საჭიროებაში, არამედ, პირიქით, საზოგადოება მოითხოვს მისგან, რომ მეტად აქტიური იყოს და ეუბნება, რომ მე შენ მჭირდები და ამიტომ ვარ შენ გვერდზე, თუმცა კი ყველაფერი დამოკიდებულია შემსრულებლებზე. რამდენად ენერგიულად იმუშავებენ ისინი“, უთხრა ზაზა ფირალიშვილმა რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG