Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 8 ივლისი, 2011


პრესა დღეს ფოტორეპორტიორების დაკავებაზე წერს.

თავდაპირველად თქვენს ყურადღებას ”რეზონანსში” რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელ ვახტანგ ძაბირაძესთან ინტერვიუზე შევაჩერებ. ძაბირაძე თვლის, რომ ”ხელისუფლებას რაღაც ახალი ტალღის აგორება სჭირდებოდა და ამიტომაც მოხდა ფოტოკორესპონდენტების დაკავება”. რესპონდენტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტები 26 მაისის დარბევის ფოტოების უცხოეთში გაგზავნის გამო ”დასაჯეს”. ვახტანგ ძაბირაძე ამბობს: ”ეს მენტალიტეტი, რაც ხელისუფლებას დღეს აქვს, არის არა 80-იანი წლების, არამედ 30-იანი წლების საბჭოური მენტალიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პარალელების დანახვა მათთვის, ვინც არ იცის რა ხდებოდა 30-იან წლებში. საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მიღებამდე, მეორე მსოფლიო ომამდე რაც ხდებოდა, ის პროცესები მიდის დღეს ჩვენთან.”

”ვერსია” პირველ გვერდზე სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ ჟურნალისტებს. გაზეთის მთავარი რედაქტორის ტექსტი ასე მთავრდება: ”თუკი ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დაგვაშინონ ჟურნალისტები, ანდა ამ სკანდალით გადაფარონ ამ დღეებში აგორებული საპატრიარქოს სკანდალი, ვფიქრობ, ხელისუფლებას ეს არ გამოუვა. ჩვენ უფალი გვაძლევს ძალას, ვემსახურებით საქმეს, სადაც მთავარია სიტყვა, და ყველაზე უკეთ გვესმის შეგონება - ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის და არა არის რა დაფარული, რაიცა არა გამჟღავნდეს. ასე რომ, უფლის სამსჯავროსი გეშინოდეთ, ბატონებო!”.

”ვერსიაშივე” დღეს დაკავებული ზურაბ ქურციკიძის ადვოკატ ნინო ანდრიაშვილთან ინტერვიუში ზუსტდება, რომ ადვოკატის მიერ დაკავებულზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი არ დადასტურდა და მხოლოდ ეჭვები აღმოჩნდა.

”ახალი თაობა” წერს: ”ჯაშუშების მიმართულებით ისე მივდივართ წინ, რომ ბევრი ქვეყანა უკან ჩამოვიტოვეთ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხალხს აღარც ჯაშუშების და აღარც გადატრიალების სჯერა. ჩვენ ბევრჯერ გავხდით მოწმენი ხელისუფლების კომპრომატებისა, რომლებიც შემდეგ ცრუ გამოდგა.”

”ახალ თაობაშივე” ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციასა და საზოგადოებაზე ძალადობა გაგრძელდება. ”ამას უნდა ვუპასუხოთ საზოგადოებამ - ერთ მუშტად შევიკრათ და არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება, მივიდეთ არა 49%, არამედ მეტი, მთლიანად მივიდეთ საზოგადოება, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და დამერწმუნეთ, ვერც სააკაშვილი და ვერც, მით უმეტეს, პალიკო კუბლაშვილი ჩვენ ვერ შეგვაშინებს.”

დღევანდელ პრესაში ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები მოქმედი რელიგიების სტატუსზე. ”საქართველოს რესპუბლიკა” პირველ გვერდზე საქართველოს პატრიარქის ნათქვამს აქვეყნებს, სათაურით - ”მთავარი პასუხისმგებლობა პრეზიდენტს ეკისრება”. ქვეყნდება აგრეთვე სტატია, სათაურით - ”მართლმადიდებლობა აუცილებლად სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს!” ამავე თემაზე წაიკითხავთ ინტერვიუს ლეიბორისტთა ერთ-ერთ ლიდერ ნესტან კირთაძესთან. ის თვლის, რომ მიღებული გადაწყვეტილება ”ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, ასევე ქართული სახელმწიფოს ინტერესებს”. კირთაძის აზრით, ”რელიგიური უმცირესობების სამართლებრივი მდგომარეობა უნდა განისაზღვროს კანონმდებლობით, რომელიც შემუშავდება ფართო დისკუსიის, საერთაშორისო პრაქტიკის და ქართულ-ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე - რაც მთავარია, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან შეთანხმებით. და ეს უნდა იყოს უფლებრივი კანონი, ანუ არ შეიზღუდოს მათთვის დემოკრატიულ საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული ნორმები და პრინციპები და არა ასე, ქონებრივი და სხვა მძიმე შედეგების მომტანი უფლებებით.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG