Accessibility links

logo-print

დაკავებული ფოტოგრაფების მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართა


ე.წ მოდულის შენობასთან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 4 ფოტოგრაფის მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქცია ”ალია-ჰოლდინგის” მიერ იყო ორგანიზებული. აქციაში მედიის წარმომადგენლების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რამდენიმე პოლიტიკოსიც იღებდა მონაწილეობას. აქციაზე მისულებმა ხელი მოაწერეს ”ალია-ჰოლდინგის” მიერ მომზადებულ საგანგებო განცხადებას, რომელშიც ითხოვენ განიმარტოს, კონკრეტულად რაში ედებათ ბრალი დაკავებულებს.
ეს კონკრეტული აქცია 7 წუთის განმავლობაში გაგრძელდება, იმიტომ რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში თავისუფალი სიტყვა არის საფრთხის ქვეშ...

„ალია-ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა დღის 3 საათისთვის ე.წ. მოდულის შენობის წინ თვალები შავი ქსოვილის ნაჭრით აიხვიეს და ხელჩაკიდებულები მწკრივში დადგნენ. აქციის მთავარი მოთხოვნა იყო, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 4 ფოტოგრაფის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას და დასაბუთებულად და კონკრეტულად განიმარტოს, რაში ედებათ ბრალი დაკავებულებს.

”ეს კონკრეტული აქცია 7 წუთის განმავლობაში გაგრძელდება, იმიტომ რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში თავისუფალი სიტყვა არის საფრთხის ქვეშ. სიმბოლურად, რაკი დაკავებულები არიან ფოტორეპორტიორები, ჩვენ ავიხვიეთ თვალები. თუ ამ ხელისუფლებას უნდა, რომ ჩვენ ვერ დავინახოთ სიმართლე, თუ უნდათ, რომ ვერაფერს ვხედავდეთ და ვერაფერს გადავცემდეთ, ეს არის იმის გამოხატულება, თუ როგორი უნდა ვიყოთ ფოტოგრაფები”, - ამბობს ”ალია-ჰოლდინგის” პასუხისმგებელი რედაქტორი დიმიტრი ტიკარაძე.

ჯაშუშომანიაა ქვეყანაში. თქვენ არ გიცხოვრიათ 37 წელს, არც მე მიცხოვრია, მაგრამ უფრო ახლოს ვარ ასაკით და გადმოცემითაც ვიცი, რომ დაახლოებით ასეთი სუტუაცია იყო მაშინაც...
აქციაზე მისული ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ხელისუფლება 4 ფოტოგრაფის - ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების და გიორგი აბდალაძის -დაკავებით შეეცადა ყველა სხვა ჟურნალისტისთვის შიში ჩაენერგა, ამბობს სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი მაგდა მენანიშვილი:

” პირადად მე დიდ ხანია, რომ არ შემშინებია. ახლა კი ძალიან შემეშინდა, იმიტომ რომ მედიის წარმომადგენელი ვარ მე და ეს დაჭერილი ბიჭებიც მედიასაშუალებების წარმომადგენლები იყვნენ.”

აქციაზე დაკავებული ფოტოგრაფების მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად მისული ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმის კომენტირებისას პარალელებს 1937 წელთან ავლებს:

”ჯაშუშომანიაა ქვეყანაში. თქვენ არ გიცხოვრიათ 37 წელს, არც მე მიცხოვრია, მაგრამ უფრო ახლოს ვარ ასაკით და გადმოცემითაც ვიცი, რომ დაახლოებით ასეთი სუტუაცია იყო მაშინაც - დააბრალებდნენ რაღაცას და მერე არავითარ პასუხს არ სცემდნენ ადამიანს.”

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებას იხსენებს, რომლის თანახმადაც, საქმე შეეხება ინფორმაციის სერიოზულ გაჟონვას სახელმწიფო ინსტიტუციებიდან და აქ ლაპარაკი არ არის ჟურნალისტიკასა და მედიასაქმიანობაზე.

ყოველთვის, როცა ასეთი პრეცედენტი ყოფილა, ყოფილა ხელისუფლების პირადი ან პოლიტიკური ინტერესი...
”პრეზიდენტის შეხვედრების გრაფიკს გადასცემდნენო. ეს სრული აბსურდია, ხალხნო, ორი მიზეზის გამო. მიშას საერთოდ არა აქვს გრაფიკი. მიშას გრაფიკი არის, როცა გაიღვიძებს და რაღაცა მოუნდება. მერე კიდევ ამ ქვეყანაში პრეზიდენტის გრაფიკი ასე გასაიდუმლოებული რომ არის, ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა და 15 წუთით ადრე გვეუბნებიან, ახლა პრეზიდენტი მარნეულში მიდის და 15 წუთში იქ იყავითო. ანუ როგორ შეიძლებოდა გედენიძეს ან ვინმეს წინასწარ სცოდნოდა რამე გრაფიკი და, გარდა ამისა, საერთოდ რა შუაშია ეს ყველაფერი, როცა ახლა ცდილობენ აქცენტი ფოტოდან გადაიტანონ გრაფიკზე და ეს უფრო მიძლიერებს ეჭვს, რომ მათ რაღაც ისეთი ფოტო გადაიღეს, რისი გავრცელებაც არ უნდა პირადად მიხეილ სააკაშვილს” , ამბობს ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.

აქციაზე მედიის წარმომადგენლების გარდა პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელიც იყო მისული. ეკა ბესელია, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, იშველიებს თავის 11 წლიან საადვოკატო პრაქტიკას და ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეები გრიფით „საიდუმლო“, როგორც წესი, ორი მიზეზის გამო აღინიშნება.

”ყოველთვის, როცა ასეთი პრეცედენტი ყოფილა, ყოფილა ხელისუფლების პირადი ან პოლიტიკური ინტერესი. ამიტომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას მყარი მტკიცებულებები ან არგუმენტები რომ ჰქონდეს ამ კორესპონდენტების ჯაშუშობაში ბრალის დასადასტურებლად, საზოგადოებას მიაწვდიდნენ, მაგრამ ასევე ღრმად მჯერა, რომ მათ არ სურთ საზოგადოებამ გაიგოს, რისთვის დააკავეს ეს კორესპონდენტები.”

აქცია ე.წ. მოდულის შენობასთან მალე დაიშალა. დაშლამდე ცოტა ხნით ადრე პატრულის 10-მდე თანამშრომელმა აქციის დაახლოებით 50 მონაწილეს მიუთითა, ავტოსაგზაო მოძრაობისთვის ხელის შეშლის გამო აქცია ტროტუარზე გაემართათ.
XS
SM
MD
LG