Accessibility links

logo-print

სამოქალაქო საზოგადოება მოითხოვს ფოტორეპორტიორების საქმე საჯარო გახდეს


7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველი ფოტორეპორტიორების - ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების - საქმის გარშემო კვლავაც რჩება პასუხგაუცემელი კითხვები. გასაიდუმლოებულ საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ მათი ადვოკატები. ჯერჯერობით დუმს გამოძიებაც. სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს საჯარო გახადოს საქმის ერთი მხარე მაინც, მაგალითად, გამოქვეყნდეს გასაიდუმლოების შესახებ ბრძანება. ამ დრომდე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად არ წაჰყენებიათ.

საქმე შეეხება ინფორმაციის სერიოზულ გაჟონვას ჩვენი ინსტიტუციებიდან და აქ ლაპარაკი არ არის ჟურნალისტიკაზე ან მედია საქმიანობაზე...
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ (საია) არსებულმა მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა გაასაჯაროოს ფოტორეპორტიორების დაკავების საქმის გასაიდუმლოების გადაწყვეტილება. ცენტრის ხელმძღვანელი, იურისტი თამარ კორძაია აცხადებს, რომ საიას კარგად ესმის, რომ, ჯაშუშობის ბრალდების პირობებში, პროცესი შესაძლოა დაიხუროს და ყველა დოკუმენტი გახდეს საიდუმლო, მაგრამ საზოგადოებამ ის მაინც უნდა იცოდეს, რა წერია გასაიდუმლოების შესახებ ბრძანებაში:

”საიდუმლო - ეს სიტყვა არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი ყველაფერი საიდუმლოა. რომ გაასაიდუმლოებ რამეს, სახელმწიფოს ვალდებულება გაქვს დაასაბუთო, რატომ ასაიდუმლოებ ამ ამბავს, რა ტიპის ზიანს მიაყენებდა ამ ინფორმაციის გამჟღავნება სახელმწიფოს. ამასაც არ გვეუბნებიან. იქნებ არ არის ეს ისეთი ხარისხის ზიანი? ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს ხალხი მართლა სასწაულს სჩადიოდა - ამისთვის გვჭირდება ინფორმაცია. ან სახელმწიფო საიდუმლოების რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ეს ინფორმაცია, ეს მაინც გვითხრან. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ვინ მიიღო გასაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილება, მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რადგან შსს იძიებს ამ საქმეს, ალბათ, მინისტრის ბრძანებით მიანიჭეს მას გრიფით საიდუმლო.”

ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლო სხდომები მედიისათვის დახურული იქნება. სისხლის სამართლის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც ასევე გრიფით საიდუმლო სტატუსის მქონე ე.წ. ”ენვერის” საქმეში ადვოკატად იყო ჩართული, ამბობს, რომ საიდუმლო გრიფს საქმეს წინასწარი გამოძიება ანიჭებს, შემდეგ კი პროკურატურა მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით სხდომა დახუროს:

”ამის შემდეგ უკვე მოსამართლის პრეროგატივაა, დააკმაყოფილებს თუ არა ამ შუამდგომლობას. თუმცა ჩვენი მოსამართლეები პროკურორის თანაშემწეებად გამოდიან და ყოველთვის აკმაყოფილებენ. მოსამართლემ უნდა მიიღოს სხდომის დახურვის გადაწყვეტილება! ის პირველი ათი-თხუთმეტი წუთი, სანამ ყველა მხარე თავისას იტყვის და მოსამართლე გადაწყვვეტს დახუროს თუ არა, მანამდე სხდომა ღიაა კანონით.”

საზოგადოებაში უამრავი კითხვა არსებობს რა ტიპის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის #42 ბრძანებულებიდან შეგვიძლია ამოვიკითხოთ სახელმწიფო საიდუმლოებების საკმაოდ გრძელი ნუსხა, რომელიც მოიცავს თავდაცვის სფეროს, ეკონომიკას, საგარეო ურთიერთობათა, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებს.

საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებას კი არეგულირებს 1996 წელს მიღებული კანონი სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საინფორმაციო სააგენტო presa.ge-სთან საუბარში სწორედ ის თქვა, რომ ”საქმე შეეხება ინფორმაციის სერიოზულ გაჟონვას ჩვენი ინსტიტუციებიდან და აქ ლაპარაკი არ არის ჟურნალისტიკაზე ან მედია საქმიანობაზე.”

”ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ ეჭვმიტანილები ფოტოგრაფები არიან, მაგრამ გუშინ მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ თავიანთი ფოტოგრაფიული საქმიანობის შესრულებისათვის. სავარაუდოდ, შესაძლოა, კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემისათვის წაუყენონ - კერძოდ, იმისთვის, რომ წერილობითი დოკუმენტაცია ან კონფიდენციალურ ღონისძიებათა განრიგი ისეთ ორგანიზაციას გადასცეს, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ჯაშუშური ქსელი.

მათგან ორი იყო საჯარო მოხელე, ერთ-ერთს კი ახლო შეხება ჰქონდა პრეზიდენტთან. შესაძლოა, მათ ნებისმიერი სხვა თანამდებობა ჰქონოდათ ფოტოგრაფობის გარდა და ამ შემთხვევაშიც საქმეს ზუსტად იგივე კვალიფიკაცია მიენიჭებოდა.

მე, როგორც EPA-ს მთავარ რედაქტორს, მსურს განვაცხადო, რომ იმ წლების განმავლობაში, რაც ზურაბი ჩვენთან თანამშრომლობდა, ის მუშაობდა ჟურნალისტური ეთიკის მკაცრი დაცვით (პატივისცემით) და ხელმძღვანელობდა ჩარჩოებით, რომელიც ავტორიზებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ...
ის ხალხი, რომელიც დააკავეს, სრულებით არ იყვნენ ცნობილი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი დაკავება გაიგივებულია მედიის თავისუფლებასთან”, - პასუხობს პრეზიდენტის პრესსპიკერი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის შსს-ს ე.წ. ”მოდულის” შენობაში რჩებიან ევროპის პრესისა და ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, ასევე მისი ფოტოგრაფი მეუღლე, ნათია გედენიძე, და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაზეთ ”ალიას” ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელთაც ბრალი ედებათ "ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებაში".

ცნობილია ისიც, რომ დაკავებული ფოტორეპორტიორები 7 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმაც მოინახულეს. გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები აცხადებენ, რომ არც დაკავების დროს და არც დაკავების შემდეგ ადგილი არ ჰქონია მათ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას, იზოლატორის ადმინისტრაციის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გააჩნიათ, ისინი დაკავების შემდეგ მოინახულა ექიმმა. მათ განაცხადეს, რომ დროულად მიეწოდებათ საკვები და საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია. თუმცა კი, ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებდა ზურაბ ქურციკიძეზე ფიზიკური ზემოქმედების კვალს.

იმის გამო, რომ საქმეს „გრიფით საიდუმლო“ ადევს, დამატებით ვერაფერს გვეუბნება ზურაბ ქურციკიძის კიდევ ერთი ადვოკატი, ნინო ჩხაიძე:

”ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია. დაკავებიდან 24 საათში ბრალი წაეყენება ადამიანს და 48 საათში კი წარედგინება სასამართლოს. მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით.”

მომხდარს გამოეხმაურა ევროპის პრესფოტოს სააგენტოს - EPA-ს - მთავარი რედაქტორი სენგიზ სერენიც. განცხადებაში ნათქვამია, რომ "EPA-ს მენეჯმენტი გაოცებული და უკიდურესად შეწუხებულია მომხდარით.

"მე, როგორც EPA-ს მთავარ რედაქტორს, მსურს განვაცხადო, რომ იმ წლების განმავლობაში, რაც ზურაბი ჩვენთან თანამშრომლობდა, ის მუშაობდა ჟურნალისტური ეთიკის მკაცრი დაცვით (პატივისცემით) და ხელმძღვანელობდა ჩარჩოებით, რომელიც ავტორიზებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ. მეტიც, ამ მუშაობის პერიოდში EPA-ს არასდროს უთხოვია მისთვის, რომ გაეშუქებინა მოვლენა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჟურნალისტურ ეთიკას ან საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას. იგივე ეხება ნებისმიერ ფოტორეპორტიორს, რომელიც მუშაობს ჩვენი სააგენტოსთვის. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება მომდევნო რამდენიმე საათში გამოასწორებს ამ შეცდომას და ზურაბ ქურციკიძეს დაუბრუნდება თავისუფლება."
XS
SM
MD
LG