Accessibility links

logo-print
ბრიტანეთში კვირას გამოვა ბოლო ნომერი და დაიხურება უდიდესი ტირაჟის მქონე ტაბლოიდი „News of the World”. გაზეთი ტელეფონების მოსმენასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვია. ის უსმენდა პოლიტიკოსების, შოუბიზნესის წარმომადგენლებისა და სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირების, ასევე დანაშაულის მსხვერპლის, ომებში დახოცილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებისა და ათასობით სხვა ადამიანთა სატელეფონო საუბრებს, რათა სენსაციური ინფორმაცია მოეპოვებინა და გაევრცელებინა. გაზეთი ეკუთვნის ავსტრალიელ მილიარდერს, მედიასაშუალებების მფლობელს, რუპერტ მერდოკს, რომლის ვაჟს, ახალი ამბების კორპორაციის ბრიტანეთის განყოფილების ხელმძღვანელ ჯეიმს მერდოკს, მომხდარმა შოკი და, როგორც მანვე თქვა, ღრმა სინანულის განცდა მოჰგვარა. პრემიერი კამერონი კი სკანდალს ახასიათებს როგორც სრულიად „საზიზღარს“. ის მედიის მიმართ ახალ მიდგომაზე ალაპარაკდა. დღეს კი დააპატიმრეს მისი ყოფილი მრჩეველი, რომელიც ადრე ამ ყვითელი გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო.

გამოცემის დახურვის შესახებ განცხადება ჯეიმს მერდოკმა გააკეთა. მისი თქმით, 168 წლიანი ისტორიის მქონე გაზეთის დახურვა გადაწყდა „უფროს კოლეგებთან“ კონსულტაციის შემდეგ. „მერდოკმა „სკაი ნიუსს“ უთხრა, რომ კომპანია არ ეთანხმებოდა გაზეთის პრაქტიკაში არსებულ მეთოდებს: „ძალიან ვნანობ. ცხადია, ზოგიერთი პირის მეთოდები არ შეესაბამებოდა იმ ჟურნალიზმის სტანდარტებსა და ხარისხს, რომელიც ჩვენ გვწამს, მწამს მე და სწამს კომპანიას.“

გაზეთი, რომელიც 168 წელია გამოდის, თითქმის სამი მილიონი ცალი ვრცელდებოდა. მის მიმართ უკმაყოფილება და პოლიციის ყურადღება ახალი არ არის. გამოცემა ადრეც იყო ცნობილი ამ მეთოდებით, ფარული მოსმენებით, გამოჩენილ პირთა პირადი ამბების გავრცელებით, მაგრამ ბრიტანეთი აღაშფოთა დანაშაულის მსხვერპლის, ომში დაღუპულთა ოჯახების პირად ცხოვრებაში ქექვამ და არა მხოლოდ ამან, აქტიურად ჩარევამ მათ ცხოვრებაში. განსაკუთრებთი აღნიშნავენ ერთ ფაქტს. საქმე ეხება 13 წლის გოგონას, მილი დაულერს, რომელიც გაიტაცეს და შემდეგ მოკლეს. გაზეთმა მოახერხა მისი მობილური ტელეფონის პროგრამაში შეღწევა, დატოვებული ხმოვანი შეტყობინებების წაშლა, რათა შემდგომებისთვის ადგილი განთავისუფლებულიყო. ამან პოლიცია შეცდომაში შეიყვანა და მშობლები დააიმედა, მაგრამ, როგორც გაირკვა, გოგონა ამ დროისთვის უკვე მკვდარი იყო. ამგვარი შემთხვევების გახმაურებას მოჰყვა ისიც, რომ საინტერნეტო ქსელში გრძელდება ხელმოწერების შეგროვება, გამოცემის ბოიკოტირების მოწოდებით. ადრინდელმა შემთხვევებმა თავის დროზე პოლიციის ყურადღება მიიქცია, დააპატიმრეს კიდეც ერთი რეპორტიორი და კერძო გამომძიებელი, რომელიც გაზეთმა დაიქირავა. მაგრამ 2007 წლის ამ შემთხვევის მიუხედავად, ჩანს, გაზეთში გრძელდებოდა სენსაციური ინფორმაციის მოსაპოვებლად ასეთი მეთოდების გამოყენება. გრემ ფალკისს ვაჟი დაეღუპა 2005 წელს, ლონდონის მეტროში ტერაქტის დროს. მან პოლიციისგან შეიტყო, რომ გამოძიებამ მის, ასე ვთქვათ, დოსიეს მიაგნო და ამცნო, რომ გაზეთის მიერ დაქირავებულმა პირმა ფალკისის პირად ფოსტასა და სატელეფონო კავშირებში შეაღწია: „გამოძიების დროს მიაგნეს ჩემ სახელზე გახსნილ საქმეს, სადაც ეწერა ჩემი გვარი, მისამართი, სახლის ტელეფონის ნომერი, სხვა ნომრები; პოლიციამ შემატყობინა, რომ საბუთები უპოვეს კერძო გამომძიებელს, რომელიც სხვა არაერთი მოქალაქის სატელეფონო ფაილების გატეხით იყო დაკავებული.“

8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სკანდალთან დაკავშირებით დააპატიმრეს ბრიტანეთის პრემიერის, დევიდ კამერონის ყოფილი მრჩეველი, ენდი კოულსონი, რომელიც ადრე გაზეთის რედაქტორად მუშაობდა. კამერონმა შეცდომად მიიჩნია, რომ მაშინ კოულსონი თავის მრჩევლად აიყვანა. მან ისიც თქვა, ამ საქმეში ჩემი პირადი პასუხისმგებლობაც არის, ყველას გვეხება ეს - პრესას, პოლიტიკოსებს, ყველა პარტიის ხელმძღვანელს და მეცო. პრემიერს სურს პოლიტიკისა და მედიის ურთიერთობა ახლებურად წარიმართოს. მანვე განაცხადა, რომ ორი მიმართულების ცალ-ცალკე გამოძიება დაიწყება. პირველი გამოიკვლევს კონკრეტულად მომხდარს. ძირამდე უნდა ჩავწვდეთ, თქვა კამერონმა, და ისიც უნდა გაირკვეს, მართალია თუ არა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიცია ქრთამს იღებდაო: „მეორე გამოძიება შეეხება ბრიტანეთის პრესის კულტურას, მეთოდებს და ეთიკას. კერძოდ, უნდა გავარკვიოთ, რამდენად გაწონასწორებულია ჩვენი გაზეთები და მომავლისთვის რეკომენდაციები მივაწოდოთ.“

გაზეთის ყოფილი რეპორტიორი, რომელიც სამეფო კარზე იყო მიმაგრებული, კლაივ გუდმენი, ადრე, 2007 წელს, უკანონო მოსმენების გამო საპატიმროშიც იჯდა. ახლა ისევ დააკავეს, იუწყება მედია. ის ადრე სამეფო ოჯახის სატელეფონო საუბრების მოსმენაში იყო მხილებული. ახალი ბრალდება ინფორმაციის მისაღებად პოლიციის მოქრთამვას უკავშირდება. ბრიტანეთის პოლიტიკური ოპოზიცია თვლის, რომ კამერონმა ბოდიში უნდა მოიხადოს მომხდარისთვის. ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ ედ მილიბენდმა მედიას უთხრა, ფართო საზოგადოების უკმაყოფილებამ რუპერტ მერდოკს, რომელმაც გაზეთი 1969 წელს შეისყიდა, არჩევანი არ დაუტოვაო: „ცხადია, რომ ხალხის ძალამ, მისმა უარყოფითმა განწყობილებამ იმის მიმართ, რაც „News of the World“-ში ხდებოდა, აიძულა ისინი ეს გადაწყვეტილება მიეღოთ. მეტიც, რეკლამების მიმცემებმაც კი შესაბამისი ნაბიჯი გადადგეს.“

მილიბენდი გულისხმობს სხვადასხვა ფირმის გადაწყვეტილებას, აღარ გამოექვეყნებინათ თავიანთი რეკლამა გაზეთში. პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ჯონ პრესკოტმა, გაზეთის მოქმედებას დანაშაულებრივი უწოდა. ბრიტანეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ მიშელ სტანისტრიტმა განაცხადა, რომ გაზეთის დახურვამ შოკი მოჰგვარა. მან გააკრიტიკა პოლიტიკა გაზეთის მფლობელი კორპორაციისა, რომელმაც უბრალო მუშა ჟურნალისტები სამსახურიდან გაუშვა და აღმასრულებელი, რებეკა ბრუკსი, შეინარჩუნა. ბრუკსი გაზეთის რედაქტორი იყო 2000-2003 წლებში, ანუ იმ პერიოდში, რომელზეც მოდის ყველაზე მეტი - 4000-მდე - და ყველაზე სერიოზული შემთხვევები. მაშინ ბრუკსი უფროსმა მერდოკმა დაიცვა.
XS
SM
MD
LG