Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დეფლაციური პროცესი დაიწყო


ყოველთვიური ინფლაციის გრაფიკი
ყოველთვიური ინფლაციის გრაფიკი
ივნისის თვეში, ხორცის გაძვირების მიუხედავად, საქართველოში ფასები მაინც შემცირდა - ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ”საქსტატის” მონაცემების მიხედვით, ივნისის თვეში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ მინუს 4 პროცენტი შეადგინა. ხორცის გაძვირებით გამოწვეული აჟიოტაჟის ფონზე ბევრი გამოთქვამს ეჭვს “საქსტატის” მიერ აღნიშნული დეფლაციის გამო.

მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაფიქსირდა ფასების ვარდნა, კერძოდ, 4 პროცენტით, რაც გამოწვეულია იმით, რომ სეზონური საქონელი შემოვიდა ძალიან ბევრი...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივნისის თვეში საქართველოში 4 პროცენტიანი დეფლაცია აღინიშნა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაისის თვეში არსებული ფასების ზრდის ტენდენცია ფასების შემცირებით შეიცვალა. მიუხედავად ამისა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ჯერჯერობით მაინც მაღალია და ის 10 პროცენტს შეადგენს. ივნისის თვეში ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ამის შესახებ განცხადება ფონდის წარმომადგენელმა ედუარდ გარდნერმა გააკეთა:

”ინფლაცია დაიწყებს კლებას ივნისიდან. ეს იქნება განპირობებული საწვავისა და სურსათის ფასების სტაბილურობით, რაც თავის დროზე ძირითადი ფაქტორი იყო ინფლაციის ზრდის დაწყებისა.“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წლის ბოლოს ინფლაციის დონე 8 პროცენტამდე დაიწევს. ამგვარ იმედს გამოთქვამენ საქართველოს მთავრობაშიც და ვარაუდობენ, რომ ტენდენცია გაგრძელდება და წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი ერთნიშნა იქნება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის ზაზა ჭელიძის განცხადებით, დეფლაციური პროცესის დაწყება სურსათის თითქმის 9 პროცენტით გაიაფებამ გამოიწვია:

”თითქმის ერთი წელია ფასების ვარდნა არ ყოფილა. ეს ბოლოს დაფიქსირდა შარშან, ივლისის თვეში, როდესაც იყო 0.2 პროცენტიანი დეფლაცია. მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაფიქსირდა ფასების ვარდნა, კერძოდ, 4 პროცენტით, რაც გამოწვეულია იმით, რომ სეზონური საქონელი შემოვიდა ძალიან ბევრი. ყველაზე დიდად გაიაფდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - დაახლოებით 9 პროცენტით.”

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სურსათი სამომხმარებლო კალათის 40 პროცენტს შეადგენს და მის ფასებში ცვლილება დიდ გავლენას ახდენს საერთო სურათზე. ამ ჯგუფის ფასის შემცირება ძირითადად უალკოჰოლო სასმელების, ხილისა და ყურძნის გაიაფებამ გამოიწვია.

სტატისტიკის სამსახურის ამგვარი მონაცემების სიზუსტეში ეჭვი ეპარება ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტს მერაბ ჯანიაშვილს:

”ბევრი ეჭვს შეიტანდა ამ მონაცემებში - ეჭვს იმიტომ, რომ ბევრ პროდუქტზე ფასები საკმაოდ გაიზარდა ივნისის თვეში: ბენზინი გაძვირდა 5 თეთრით, ხორცი გაძვირდა... ამიტომ მე ძალიან გამიკვირდა, რომ ინფლაციის 4 პროცენტიანი შემცირება მივიღეთ.”

მერაბ ჯანიაშვილის მიერ აღნიშნულ ხორცის პროდუქტის გაძვირებას სტატისტიკის სამსახურიც შეეხება, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი გავლენა სამომხმარებლო კალათაზე გაცილებით მცირეა, ვიდრე ხილის ან პურპროდუქტების. სტატისტიკის სამსახურის უფროსის ზაზა ჭელიძის განცხადებით, ხორცის გაძვირებამ ვერ გადაწონა ხილისა და სხვა სასურსათო პროდუქტების გაიაფება:

ინფლაციის მიზეზი არის ის, რომ მთავრობამ გასულ წელს დახარჯა იმაზე მეტი ფული, ვიდრე ჰქონდა...
”ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ხორცს ისეთი დიდი გავლენა არ ჰქონია. მას, რა თქმა უნდა, წონა აქვს დიდი, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხილის, შაქრისა და სხვა კვების პროდუქტების გაერთიანებული წონის მაჩვენებელი გაცილებით დიდია, ვიდრე ცალკე აღებული ხორცის. აქედან გამომდინარე, ხორცის გაძვირებამ არ გამოიწვია თვის ინფლაციის ზრდა.”

მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, წლიური ინფლაცია კვლავაც კამათის საგნად რჩება. მხოლოდ სასურსათო პროდუქცია, რომლის გაიაფებამ წინა თვეში დეფლაცია გამოიწვია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20 პროცენტზე მეტადაა გაძვირებული. ამის მიზეზად საქართველოს მთავრობა ძირითადად გარე ფაქტორებს ასახელებდა, ამასვე ირწმუნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდიც.

ამ აზრს არ ეთანხმება არც თავისუფალი და არც რეგულირებადი ეკონომიკის ექსპერტთა უმრავლესობა.

მათი აზრით, ინფლაცია ძირითადად მონეტარული მოვლენაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ მიმოქცევაში არსებული ფულის მოცულობა გაზარდა.

”ანუ ინფლაციის მიზეზი არის ის, რომ მთავრობამ გასულ წელს დახარჯა იმაზე მეტი ფული, ვიდრე ჰქონდა. ბიუჯეტის დეფიციტი იყო დიდი - 1 მილიარდს გადააჭარბა - და ეს ფული საიდანღაც ხომ უნდა მოვიდეს და მოვიდა იქიდან, რომ ეროვნულმა ბანკმა გაზარდა მიმოქცევაში არსებული ფულის მასა”, ამბობს ეკონომიკის ექსპერტი მიშა თავხელიძე.

წლიური ინფლაციის გრაფიკი
გასულ წელს მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდას ასახელებს ინფლაციის გამომწვევ მთავარ ფაქტორად ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულიაც. ის ამ დასკვნას თავად ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს. ეს ნათლად ჩანს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის წლიურ გრაფიკზე, სადაც ნახტომისებური ზრდა შეიმჩნევა გასული წლის ივნის-ივლისში, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლისა და შაქრის გაძვირება დაწყებული ჯერ კიდევ არ იყო.
XS
SM
MD
LG