Accessibility links

logo-print

ფოტორეპორტიორები წინასწარ პატიმრობაში


ჯაშუშობაში დადანაშაულებული ფოტოგრაფები

ჯაშუშობაში დადანაშაულებული ფოტოგრაფები

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და ჯაშუშობაში ბრალდებული 4 ფოტორეპორტიორიდან სამს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ერთს, კერძოდ ნათია გედენიძეს კი გირაო, 10 000 ლარის ოდენობით. ნათია გედენიძე პროკურატურამ დადგენილებით სასამართლო სხდომამდე გაათავისუფლა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წაუყენეს, რაც თავისუფლების 8-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე 6 ივლისს დააკავა. მათი სასამართლო პროცესი 1 სექტემბერს დაიწყება.

როგორც დაკავებულების ადვოკატები განმარტავენ, ვინაიდან საქმე გრიფით „საიდუმლოა”, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება. ადვოკატები კვლავაც ვერ შეძლებენ საქმის დეტალებზე საუბარს, განსხვავებით ბრალდების მხარისა, რომელმაც უკვე ისარგებლა თავისი უფლებით, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეს გრიფი ”საიდუმლო” ნაწილობრივ მოხსნას და მასალების ნაწილი გაავრცელოს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე მას კონფიდენციალურ ინფორმაციებს აწვდიდნენ.
სამწუხაროდ, არაფრის თქმა არ შეგვიძლია. რომ გავამხილო, დავისჯები სისხლის სამართლის წესით...

”გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ზურაბ ქურციკიძეს კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან, კერძოდ, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ძებნილ სინიცინთან და ოკროკოვთან. ასევე დადგენილია ზურაბ ქურციკიძის კავშირი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, რომლებსაც დაკავებული პირები სწორედ ქურციკიძის მეშვეობით გადასცემდნენ საიდუმლო ინფრმაციებს. კერძოდ, მატერიალური ანაზღაურების საფასურად ირაკლი გედენიძემ და გიორგი აბდალაძემ, რომლებიც საჯარო მოხელეები იყვნენ, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების პროცესში შეძლეს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ფოტოგადაღება და შემდეგ მათი მიწოდება ქურციკიძისთვის, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას მოსკოვში გზავნიდა.”

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ბუხრაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ასევე განმარტა, ირაკლი გედენიძისა და გიორგი აბდალაძის პირადი ნივთების ჩხრეკისას და მათ კომპიუტერში არსებული მასალების შესწავლისას აღმოჩენილი იქნა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის სქემატური ნახაზის ფოტოსურათები, ინფორმაცია პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტის შესახებ, დეტალები პრეზიდენტის ვიზიტებისა და შეხვედრების თაობაზე და საიდუმლოების შემცველი სხვა მასალები, რაზეც კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება გრძელდება.

გამოძიებამ გამოაქვეყნა ასევე ირაკლი გედენიძისა და მისი მეუღლის ნათია გედენიძის ჩვენებების ვიდეოჩანაწერები და ზურაბ ქურციკიძის სატელეფონო საუბრები ირაკლი გედენიძესა და გიორგი აბდალაძესთან. ეს უკანასკნელნი, ადვოკატების განცხადებით, დანაშაულს არ აღიარებენ.

”არ აღიარებს. სხვა დეტალებზე კი მართლა არაფრის თქმა არ შეგვიძლია. სამწუხაროდ, არაფრის თქმა არ შეგვიძლია. რომ გავამხილო, დავისჯები სისხლის სამართლის წესით”, გვითხრა ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა მიხეილ ღოღაძემ, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრია.

სრულებით არ არის დამაჯერებელი. ირაკლი გედენიძის ჩვენება მე აბსოლუტურად არაფერს არ მეუბნება. რაც შეეხება დანარჩენ მასალებს, ეს იყო სრული სისულელე ...
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატები იცავდნენ ირაკლი და ნათია გედენიძეების ინტერესებსაც. 7 ივლისს ისინი შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, თუმცა მოგვიანებით, 8 ივლის საღამოს, ბრალის წაყენების მომენტისთვის საიას ადვოკატებს გამომძიებლის მხრიდან უარი ეთქვათ დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან დაშვებაზე, მოტივით, რომ გედენიძეებმა უარი განაცხადეს საიას მომსახურებაზე და სხვა ადვოკატების აყვანა გადაწყვიტეს. საიას ადვოკატები მოითხოვდნენ უფლებას, პირადად შეეხვედროდნენ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს და მათ დაედასტურებინათ, რომ საკუთარი ნებით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღეს ადვოკატების შეცვლის გადაწყვეტილება, რაზეც გამომძიებლისგან უარი მიიღეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ არსებობს ეჭვი, რომ ადვოკატის შეცვლის გადაწყვეტილება, შესაძლოა, არ ყოფილიყო გედენიძის დამოუკიდებელი ნება.

იგივე მოსაზრება გამოთქვა ჩვენთან საუბარში ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა:

”მე ვფიქრობ, აქ საქმე გვაქვს გარიგებასთან. მე ეს გუშინვე ვიფიქრე, როდესაც მან ადვოკატები შეცვალა და თქვა, რომ არ ენდობოდა ახალგაზრდა იურისტთა ადვოკატებს და სახაზინო წესით პროკურატურის ადვოკატები დანიშნეს. მე მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს იყო გარიგება რაღაცის ფასად რაღაცაში და ამ დილით აღმოჩნდა, რომ რაღაცის ფასად, ეს იყო ცოლის გათავისუფლება.”

ტელეკომპანია ”კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კი ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალები ცუდი ფაბრიკაციის ნიმუშებია:

”სრულებით არ არის დამაჯერებელი. ირაკლი გედენიძის ჩვენება მე აბსოლუტურად არაფერს არ მეუბნება. რაც შეეხება დანარჩენ მასალებს, ეს იყო სრული სისულელე. მიდის საუბარი იმაზე, ანგარიშის ნომერი მითხარი, თანხას გადმოგირიცხავო. ასეთი საუბრები მეც ბევრი მაქვს ცხოვრებაში და დარწმუნებული ვარ ყველა მენეჯერს, ჟურნალისტს და მედიის თანამშრომელს ჰქონია ასეთი ტიპის საუბარი.”

ნინო ჯანგირაშვილი დაკავებული ფოტორეპორტიორების სოლიდარობის მიზნით 8 ივნისს გამართული აქციის მონაწილეთაგან ერთ-ერთია, ვინც საქმისათვის საიდუმლო გრიფის მოხსნას და საქმის მასალების გამოქვეყნებას მოითხოვდა. გამოქვეყნებულმა მასალებმა იგი ფოტორეპორტიორების მიმართ წაყენებული ჯაშუშობის ბრალდების საფუძვლიანობაში ვერ დაარწმუნა.

საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაფანტვისკენ საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც მოუწოდებს. კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ოთხი ფოტორეპორტიორის დაკავება მედიის თავისუფლების შეზღუდვად შეფასდეს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც იმასვე ეტყვიან, რასაც მთელ მსოფლიოში სხვა ხელისუფლებებს. შეერთებული შტატები საქმის თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიებას ელის.

საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც. 7 ივლისს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პირადი ფოტოგრაფის დაკავებით შეწუხებულია, თუმცა პირადი გრძნობები მეორეხარისხოვანია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG