Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყანა, სადაც მიცვალებულებიც აღარ უყვართ?


თამაზ კანდელაკი
თამაზ კანდელაკი
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის თამაზ კანდელაკის გარდაცვალებას თითქოს კულტურულ ცხოვრებასთან არაფერი აქვს საერთო. ბატონი თამაზი საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი იყო და არა ხელოვანი. თუმცა მისმა საქციელმა - 2 წლის წინ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში, გადაცემა ”სიმართლის დროში”, საკუთარი სექსუალური ორინტაციის აღიარებამ (მან ღიად განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია) - ნებისმიერ ხელოვნების ნაწარმოებზე უფრო შოკივით იმოქმედა ქართულ საზოგადოებაზე.

”როცა გადაცემის ჩაწერა დამთავრდა და მერე თბილისიდან ქუთაისში მოვდიოდი, მთელი გზა ვფიქრობდი: კი, მე ეს მინდოდა, მე ეს გავაკეთე და ეს არის, ასე ვთქვათ, შესრულებული მისია ჩემი მხრიდან, მაგრამ რა იქნება მერე, როცა გადაცემა გავა?” -აღნიშნა თამაზ კანდელაკმა ინტერვიუში, რომელიც გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ დაიბეჭდა ჟურნალში ”ცხელი შოკოლადი”... ეთერში გასვლის შემდეგ თითქოს დიდად არ შეცვლილა არაფერი. თამაზ კანდელაკის კოლეგები, სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის პროფესორის შესახებ ქალაქში ისედაც იცოდნენ ყველაფერი. უფრო მეტიც, დღეს თამაზ კანდელაკის სტუდენტი ეთო ბუზიაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ პირიქით, სტუდენტებს მოეწონათ კიდეც მასწავლებლის საქციელი.
ეთო ბუზიაშვილმა გვითხრა, რომ ამ საჯარო აღიარებით თამაზ კანდელაკმა მეტი პატივისცემა მოიპოვა, თუმცა გასულ კვირას, თამაზ კანდელაკის გარდაცვალების შემდეგ, ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნდა ჩანაწერები, რომლის ავტორები ამტკიცებენ, უნივერსიტეტის პროფესორის დაკრძალვაზე თითქმის არავინ მივიდაო. ერთ-ერთი ბლოგერი წერს, დაკრძალვაზე ათი ქალი თუ იქნებოდა; სასახლე რომ გამოეტანათ, ნათესავმა მუშები დაიქირავა, რადგან არც ერთი მამაკაცი არ მისულაო - არც ნათესავი, არც მეგობარი. გამოასვენეს და ყვავილების ორად ორი თაიგული გამოაყოლეს...

დიდი ბოდიშის მოხდით, იმ ქუთათურებისაც გამკვირვებია, ასეთ "კაცთან" უნარ-ჩვევების შესასწავლად თავიანთ შვილებს რომ აგზავნიან...
ჩვენ დავინტერესდით ამ ინფორმაციით და თამაზ კანდელაკის კოლეგებს დავუკავშირდით ქუთაისში. უნივერსიტეტის ლაბორანტმა ანა რობაქიძემ ჩვენს კითხვაზე, რამდენი ადამიანი იყო უნივერსიტეტის პროფესორის გასვენებაზე, გვითხრა, დაახლოებით ოცამდე ადამიანი იქნებოდაო.

ანა რობაქიძის თქმით, ის გადაცემა, ”სიმართლის დრო”, თავად ქუთაისელებზე შოკივით ვერ იმოქმედებდა, რადგან კანდელაკის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ქუთაისში ყველამ იცოდა. თუმცა ჩვენს კითხვაზე, გაუკვირდა თუ არა ასეთი, ქუთაისისთვის, საერთოდ საქართველოსთვის, რბილად რომ ვთქვათ, ”უცნაური გამოსვენება”, გვიპასუხა:

”გამიკვირდა და მეტი არა? მაგრამ ყველას აქვს თავისი ცხოვრება და ჩვენ არ გვაქვს განსჯის უფლება.”

ისევ ”სიმართლის დრო” გავიხსენოთ - იმ გადაცემაში შალვა რამიშვილის კითხვა, უნანია თუ არა თამაზ კანდელაკს, შვილი და ოჯახი რომ არ ჰყავს.

”ნუ ღელავთ!” - უთხრა შალვა რამიშვილმა ამ კითხვის დასმისას. მართლაც, ძალიან ღელავდა. შესაძლოა ამ კითხვამ უფრო ააღელვა, ვიდრე კითხვამ სექსუალური ორიენტაციის შესახებ. საქართველოში ყველაზე მტკივნეული არა იმდენად სექსუალური ორიენტაცია, არამედ მარტოობაა. ასეთი ხალხი ცოცხალიც განწირულია თითქოს და მკვდარიც. ანა რობაქიძეც ასე ხსნის ადამიანთა სიმცირეს ქუთაისელი პროფესორის გასვენებაზე:

”იმიტომ კი არ მივიდნენ, რომ ასეთი იყო, არამედ იმიტომ, რომ არავინ რჩებოდა - ოჯახის წევრები არ ჰყავდა... იგივე შვილი რომ ჰყოლოდა, დედა, ძმა, უფრო მეტი ხალხი დააფასებდა.”

ჰოდა, ეს მართლაც ტრაგიკული ფაქტი ამტკიცებს, რომ მიცვალებულთან დამშვიდობების ქართული ტრადიცია უფრო სპექტაკლია, ვიდრე გარდაცვლილის მიმართ გამოხატული პატივისცემა - სპექტაკლი, რომლის დედააზრი ერთი ქართული საბჭოთა პიესის სათაურით შეიძლება გამოვხატოთ: ”რას იტყვის ხალხი?”.. თამაზ კანდელაკის გარდაცვალების შემთხვევაში ეს კითხვა ნაკლებად აქტუალურია. ვინ ხალხი? ვის უნდა მიუსამძიმრონ, თუკი გარდაცვლილს ოჯახი და ნათესავები არ ჰყავდა? თუკი ისე არ იცხოვრა, როგორც უმრავლესობა ცხოვრობდა? როგორც ”წესი და კანონი” მოითხოვს? არის თუ არა ეს კულტურის პრობლემა? სიცოცხლის და სიკვდილის, თავისუფლების მიმართ ქართული კულტურის დამოკიდებულების პრობლემა?

”დიდი ბოდიშის მოხდით, იმ ქუთათურებისაც გამკვირვებია, ასეთ "კაცთან" უნარ-ჩვევების შესასწავლად თავიანთ შვილებს რომ აგზავნიან (თავად თქვა "კოლორიტმა", უნარ-ჩვევებში ვამზადებ აბიტურიენტებსო)”, - წერდა რუსლან რუსია გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკაში” დაბეჭდილ წერილში თამაზ კანდელაკის სატელევიზიო აღიარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ...

ქუთაისელებმა კი გვითხრეს, კანდელაკის მიმართ დამოკიდებულება ამ გადაცემის მერე არ შეცვლილაო, მაგრამ, აი, ეს მოსაზრება, ეს კითხვა, გაოცება, ასეთი კაცის ლექციებზე შვილებს როგორ უშვებთო, როგორც ჩანს, მაინც გაითვალისწინეს ქუთაისში... სტუდენტებს უყვარდათო, გვარწმუნებენ თამაზ კანდელაკის კოლეგები, მაგრამ სად იყვნენ ეს სტუდენტები? რატომ გახდა დასაფლავებისთვის მუშების დაქირავება საჭირო?

” ეს არ ყოფილა განმსაზღვრელი, რომ ის იყო რაღაც, მთავარია, რომ ის იყო ადამიანი.”

ეს თამაზ კანდელაკის კოლეგა, უნივერსიტეტის საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი ბაჩუკი ფერაძეა. არ ყოფილა განმსაზღვრელი, რომ ”ის იყო რაღაც” ,- გვითხრა ბატონმა ბაჩუკიმ. ამაზე ამბობენ, ”წამოცდენაცაა და წამოცდენაცო”.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG