Accessibility links

logo-print
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ დაკავებული ფოტორეპორტიორებისადმი სოლიდარობის აქცია გამართა. აქციას „ალია- ჰოლდინგი“, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ შსს-ს კანცელარიაში მინისტრის სახელზე მიმართვაც დატოვა. „ალია-ჰოლდინგის“ პასუხისმგებელმა რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ შსს-ს შენობასთან მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ის ტექსტი გააცნო, რომელზეც ხელმოწერები შეგროვდა და მოგვიანებით საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს ჯონ ბასს გაეგზავნა.

ოთხი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთავაზობთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს მიერ ორგანიზებული აქციაა...
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წარმომადგენლები ჯერ ისევ ელოდებიან პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში შეტანილ განცხადებაზე, რომელშიც ისინი მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან, საჯარო შეხვედრას ითხოვენ.

საქმე ისაა, რომ დღის პირველ საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფებისადმი - ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძისა და ირაკლი გედენიძისადმი - სოლიდარობის აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გახლდათ. ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ შეკრებილ საზოგადოებას იმ მიმართვის ტექსტი გააცნო, რომელიც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში დატოვა მინისტრ ივანე მერაბიშვილისთვის გადასაცემად. განცხადებაში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შინაგან საქმეთა მინისტრთან საჯარო შეხვედრას და დაკავებული ფოტოგრაფების საქმის საჯაროობას ითხოვს:

”ოთხი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთავაზობთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს მიერ ორგანიზებული აქციაა. პირველი - დაუყოვნებლივ და საჯაროდ შეხვდეს შინაგან საქმეთა მინისტრი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს რწმუნებით აღჭურვილ წარმომადგენლებს; მეორე - დაუყოვნებლივ მოიხსნას საქმეზე გრიფი ”საიდუმლო”; დაუყოვნებლივ მოეხსნას საქმეზე დაკავებულ ადვოკატებს დუმილის ვალდებულება, რომ მათ დროულად და ამომწურავად მიაწოდონ ინფორმაცია ჩვენს მოქალაქეებს და, იმავდროულად, საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტრესიდან გამომდინარე, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ საქმის მასალების გაცნობის საშუალება მიეცეს წარმომადგენლობით საზოგადოებრივ კომისიას.”

ჩვენ ვრჩებით იმ აზრზე და მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ხელისუფლებამ ეს ფოტოკორესპონდენტები. ჩვენ მოვედით აქ იმ მოთხოვნით, რომ ისინი, ფაქტობრივად, არიან სინდისის პატიმრები...
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისულმა ”ალია-ჰოლდინგის“ პასუხისმგებელმა რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ კი აქციის მინაწილეებს ის ტექსტი წარმოუდგინა, რომელსაც საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს, დემოკრატიული ქვეყნების მედიასაშუალებებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს გაუგზავნიან.
” მათ ჩვენ ვთხოვთ სასწრაფო ჩარევას, ვთხოვთ რომ მოიხსნას გრიფი ”საიდუმლო ”. ის მტკიცებულებები, რაც შსს-მ გამოაქვეყნა, არის არასაკმარისი და, გარდა ამისა, აქ ყველა ხელის მომწერი თავდებში ვუდგებით გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციკიძეს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ისინი ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და არ დაემალებიან.”

განცხადებაზე ხელი უკვე მოაწერა 100-მა ჟურნალისტმა. ხელმომწერი პირები თავდებში უდგებიან ფოტოკორესპონდენტებს გიორგი აბდალაძესა და ზურაბ ქურციკიძეს. დიმიტრი კიტარაძის თქმით, ირაკლი გედენიძე განცხადებაში ნახსენები იმიტომ არ არის, რომ მან აღიარებითი ჩვენება მისცა, თუმცა ჟურნალისტების ნაწილმა დოკუმენტში დააფიქსირა, რომ ისინი ითხოვენ ირაკლი გედენიძის თავდებით გათავისუფლებასაც. განცხადებაზე ხელმომწერები ასევე ითხოვენ დაკავებული ფოტოკორესპონდენტების საქმეს გრიფი ”საიდუმლო” მოეხსნას და საქმე გამჭვირვალედ წარიმართოს.

აქციაზე მისული არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია დაკავებული ფოტოკორესპონდენტების - გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის და ირაკლი გედენიძის - გათავისუფლებას ითხოვს და მათ სინდისის პატიმრებს უწოდებს:

”ჩვენ ვრჩებით იმ აზრზე და მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ხელისუფლებამ ეს ფოტოკორესპონდენტები. ჩვენ მოვედით აქ იმ მოთხოვნით, რომ ისინი, ფაქტობრივად, არიან სინდისის პატიმრები. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ამ ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე დიპლომატიურ კორპუსს, რომ რაც შეიძლება მალე მოახდინონ ზეწოლა ხელისუფლებაზე და რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ სინდისის პატიმრები.”

გეტყვით იმასაც, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფებისადმი სოლიდარობის აქციები ბათუმსა და ოზურგეთშიც გაიმართა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს კიდევ ერთი სოლიდარობის აქცია ხვალ, 12 ივლისს, საღამოს 7 საათზე აქვს დაგეგმილი პარლამენტის შენობის წინ.
XS
SM
MD
LG