Accessibility links

გია აბდალაძე: თავს გავწირავ სიმართლის დასაცავად


გია აბდალაძე

გია აბდალაძე

მეოთხე დღეა, რაც 4 ქართველი ფოტორეპორტიორი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ამ დღეების განმავლობაში არ ცხრება ვნებათაღელვა, იმართება საპროტესტო და სოლიდარობის აქციები. რას ითხოვს საზოგადოება ხელისუფლებისგან ამ საქმესთან დაკავშირებით, რა კომენტარებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები და რა სათქმელით მიმართა პრეზიდენტსა და საზოგადოებას ერთ-ერთმა დაკავებულმა რეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ.

”მეოთხე დღეა, თქვენი უშუალო ბრძანებით, პატიმრობაში ვიმყოფები, - ასე იწყება ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის მიმართვა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი. - ოთხი დღეა ვფიქრობ, რამ გაგაღიზიანათ ასე და რისთვის გადაწყვიტეთ ჩვენი დასჯა. თქვენ, რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ არც ერთ ჩვენგანს არაფერი დაგვიშავებია და მხოლოდ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით. სწორედ ამისთვის ვისჯებით.

ბატონო მიხეილ!

მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - თავს გავწირავ ჩემი სიმართლისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად. აქედან ან ცოცხალი და მართალი გამოვალ, ან მკვდარი, მაგრამ მაინც მართალი. სწორედ ეს გამოაფხიზლებს ქართულ მედიას, საერთაშორისო საზოგადოებას და ხალხს. მე მართალი ვარ!
მე ჩემი ქვეყნის საზიანო არასოდეს არაფერი გამიკეთებია!! და ეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით!“

11 ივლისის „კვირის ქრონიკაში“ იბეჭდება გიორგი აბდალაძის ვრცელი წერილი, რომელშიც ის იხსენებს, რომ მაისის ბოლოს მას სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან დაურეკეს და 26 მაისის ამსახველი ფოტოების მიტანა მოსთხოვეს. წერს, რომ ამ ამბავს სერიოზულად არ მიუდგა და უპასუხა, რომ ფოტოები წაშლილი ჰქონდა. მაშინ გია აბდალაძეს ეჭვი არაფერში შეჰპარვია, დღეს კი თავის მიმართვაში პირდაპირ წერს, რომ ფოტორეპორტიორების დასჯა 26 მაისის დარბევის ამსახველი კადრების გავრცელებას უკავშირდება:

”ფაქტია, რომ ჩვენი დაპატიმრება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოხდა, რადგან მისი პირადი ფოტოგრაფი ირალი გედენიძეც დაკავებულია. ამას სააკაშვილის ბრძანების გარეშე ვერავინ გაბედავდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების დაკავება 26 მაისის დარბევის ფოტოებს უკავშირდება.26 მაისს ჩვენ გადავიღეთ ფოტოები, რომლებშიც კარგად ჩანდა, როგორ გაუსწორდით საკუთარ მოსახლეობას. ჩემი ორი კადრი "ასოშიეითედ პრესის" ვებგვერდზე დაიდო, საიდანაც ევროპისა და ამერიკის არაერთ გაზეთსა და ჟურნალში დაიბეჭდა. ასევე, სკანდალური ფოტოები გადაიღეს და გაავრცელეს ზურაბ ქურციკიძემ, შაჰ აივაზოვმა, "ფრანს პრესისა" და "როიტერის" ფოტორეპორტიორებმა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე კარგი კადრები ირაკლი გედენიძეს ჰქონდა. ის სპეცრაზმელებთან ერთად მოვიდა აქციის დარბევის დროს. ფოტორეპორტიორებიდან ყველაზე საუკეთესო პირობებში იყო, რადგან პოლიციელებმა იცოდნენ, რომ პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი იყო და ხელს არ უშლიდნენ. ირაკლიმ გადაიღო კადრი, სადაც ჩანს სპეცრაზმელების მიერ მოკლული ადამიანი. მერე ეს ფოტო ზურაბ ქურციკიძეს მიჰყიდა, რომელმაც ევროპის ფოტოსააგენტოს მეშვეობით გაავრცელა. ამ კადრს ავტორი არ ეწერა, მაგრამ ყველა ფოტორეპორტიორმა იცოდა, რომ ირაკლის გადაღებული იყო.

როგორც ჩანს, სააკაშვილმა გაიგო, ირაკლიმ ამ დარბევის ფოტოები საერთაშორისო პრესაში რომ გაავრცელა და არ აპატია", - წერს აბდალაძე.

მისივე თქმით, "როიტერისა" და "ფრანს პრესის" ფოტორეპორტიორებს ვერ შეეხნენ, რადგან მათ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობები აქვთ და მათი დაკავება საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევდა.

აბდალაძე წერს, რომ „ამ ნაბიჯით სააკაშვილმა გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა ფოტოგრაფები და ამით იმ ფოტორეპორტიორებისათვის, რომლებიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აშუქებენ, მაგალითი მიეცა. იმ ფოტორეპორტიორებს არავინ შეეხო, ვინც ეს კადრები მხოლოდ ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში გამოაქვეყნა.”

გიორგი აბდალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში ჯონ ბასსაც მიმართა დახმარების თხოვნით. მიმართვაში წერია, რომ ის არასოდეს აღიარებს დანაშაულს, რომელიც მას არ ჩაუდენია, რასაც მოჰყვა კიდეც ელჩის პასუხი:

”ამერიკა ელოდება, რომ პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება.
აშკარად, ნებისმიერ დროს, როცა ხდება მედიის წარმომადგენლების - ამ შემთხვევაში ფოტოკორესპონდენტების - დაპატიმრება, ეს იწვევს გარკვეულ წუხილს. იმედი გვაქვს, პროცესი წარიმართება ისეთი ფორმით, რომ, როგორც ამ ქვეყანაში, ისე უცხოეთში, გამოიწვევს ნდობას გამოძიების პროცესისადმი", - განაცხადა ჯონ ბასმა.

პარალელურად, ფოტორეპორტიორების საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" ახსნას მოითხოვს კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის". მისი ერთ-ერთი წევრი, მედიაექსპერტი ნინო დანელია, აცხადებს, რომ ჟურნალისტების მიმართ ასეთი სერიოზული ბრალდების დაჯერება მხოლოდ შსს-ს განცხადებების საფუძველზე არის ყოვლად დაუშვებელი. სწორედ ამიტომ:

”ვითხოვთ, რომ გაიხსნას ინფორმაცია, გავარკვიოთ, რაში სდებენ ამ ადამიანებს ბრალს. ჩარევა აუცილებელია, რომ მათ არ იგრძნონ მარტო თავი, თუნდაც მორალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და მათთან ერთად მოვითხოვოთ სამართლიანობა ამ ქვეყანაში.”

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსები -ეს არის ის, ძალა, რომლის აზრის მოსმენა ხელისუფლებას უწევს. შესაბამისად, ფიქრობს ნინო დანელია, ეს არის ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთადერთი ბერკეტი:

”დემოკრატიული ქვეყნის პირობებში ეს ბერკეტი არის ძალიან სერიოზული ბერკეტი, როდესაც შენი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო უფლებამდაცვითი ორგანიზაციები ერთხმად ამბობენ, რომ უსამართლობა ხდება და ინფორმაციის გახსნას ითხოვენ. დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლება ყურს უნდა უგდებდეს და ითვალისწინებდეს ამ მოთხოვნას, ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ავტორიტარულ სახელმწიფოსთან ან ავტორიტარული ნიშნების მქონე ქვეყანასთან.”

11 ივლისის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეს, ნინო კალანდაძეს, ჩვენ ასევე ვკითხეთ, საიდან მიუწვდებოდა გიორგი აბდალაძეს ხელი საიდუმლო დოკუმენტაციაზე, მაშინ როდესაც ის საგარეოს შტატიანი თანამშრომელიც კი არ ყოფილა, რაზეც კალანდაძემ გვიპასუხა: ”ამ უწყების ყველა თანამშრომელს გარკვეულ სენსიტიურ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, რისი გავრცელებაც მიზანშეწონილი არ არის.”

11 ივლისს რუსულ პრესაში გამოჩნდა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილის ინტერვიუც, რომელიც მან გაზეთ „კომერსანტს“ მისცა და რომელშიც შენიშნავს, რომ დაპატიმრებულები არიან არა ჟურნალისტები, არამედ სახელმწიფო მოხელეები. იგულისხმება პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოკლევადიანი კონტაქტის მქონე ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე. ჟურნალისტის კითხვას, თუ საიდან ჰქონდათ მათ ხელმისაწვდომობა საიდუმლო დოკუმენტაციაზე, უტიაშვილი პასუხობს, რომ ეს ხელმისაწვდომობა ყველა სახელმწიფო მოხელეს აქვს:

”ეს ამბავი არც ჩვენ გვახარებს. ჩვენივე თავის შერცხვენას და პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ციხეში ჩასმას უმიზეზოდ რა აზრი ექნებოდა? ქურციკიძე კი დიდი სტაჟის მქონე აგენტია, ის ორივე ფოტოგრაფს აშანტაჟებდა. გედენიძეს ჰქონდა არჩევანი - ეს ან ხმამაღლა განეცხადებინა, ან გაეგრძელებინა მასთან თანამშრომლბა. მან ეს მეორე გზა არჩია.“

რატომ აქვს საზოგადოებას ასე ცოტა ინფორმაცია? - აინტერესებს ”კომერსანტის” ჟურნალიტს:

”იმიტომ, რომ ასეთ საქმეებში ყოველთვის ინფორმაციის მცირე ნაწილი ხდება საჯარო. არც ეს დოკუმენტები გაიხსნება”, - ასეთია შსს-ს ოფიციალური პასუხი.

11 ივლის ასევე გავრცელდა ზურაბ ქურციკიძის ადვოკატის ნინო ანდრიაშვილის განცხადება, რომ "ზურაბ ქურციკიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის“.
XS
SM
MD
LG